ცოტა ხნის წინ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ Facebook - ის საკუთარ გვერდზე მედიაჰოლდინგი „რეპორტიორის" პრესკლუბის სტუმრების ერთ-ერთი დღის სია საკუთარ გვერდზე „დააშეარა". იქვე კომენტარიც დაურთო - „პ.ს. არ დაიჯეროთ, რომ ესენი ყველა ერთი ცენტრიდან იმართებიან".
ჯაფარიძის ფეისბუქ-სტატუსს გამოხმაურებები კომენტარების სახით მოჰყვა:
· ვაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაააააა. ხადური არ გამართავს პრესკონფერენციას?
· რაღაცა არსებობს..
· სამოქალაქო სექტორიდან ხომ არ იმართება ეს ყველაფერი?
· პ.ს. არ დაიჯეროთ, რომ ესენი ყველა ერთი ცენტრიდან იმართებიან ....... რავა გეკადრებათ
· ცენტრი ერთია - დიდი მოსკოვი!
· აი ამას ქვია აგონია!!!!!!!!!!!!!!!!
· რა მომზადებულები ყოფილან ობივატელის ტვინის დასაბომბად!.. ტყუილად „ჩალიჩობთ" ბიძიკოებო, თქვენი მატყუარობის ამბავი უკვე მთელმა ქვეყანამ იცის... თანაც, ამბობენ, იმ თქვენს კრემლსაც წყალი შეუდგაო...
· ქოცისტანი
- ნახავდა კაცი, როგორ ქოქავენ მაგათ
იმ დღის ჩამონათვალში, რომელიც ბატონმა ჯაფარიძემ „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დააშეაარა, მართლაც ნახავდით უმრავლესობისა და მთავრობის წარმომადგენლებს - ზურაბ აბაშიძეს, არმაზ ახვლედიანს, ზაზა გაბუნიას, ზაქარია ქუცნაშვილს... მერე რა?
ჩავეკითხები ბატონ ზურაბს, რატომ დაისვა მისგან ეს შეკითხვა - კი მაგრამ „რეპორტიორმა" „ნაცმოძრაობიდან" რომელიმე დეპუტატი „დაბლოკა", არ მიიღო, უარი უთხრა ან არ მიიწვია?
და მინდა ვუთხრა „ფეისბუქის" საზოგადოებას, რომ პირადად მე ვკურირებ „რეპორტიორში" პრესკონფერენციებსა და სტუმრების სიას. თავად ვურეკავ და ვეპატიჟები ამ პრესკლუბში მოსულ ყველა რესპონდენტს. მათ შორის ბატონ ზურაბ. დიახ, ბატონ ზურაბ ჯაფარიძეს. მინდა გკითხოთ, დავიჯერო არ მიგიღიათ, ან გახსოვთ ჩემი მესიჯები, როცა პირადად თქვენ გიწვევდით პრესკლუბში?
აღმოჩნდა, რომ სოციალური ქსელის გამოცდილი მომხმარებელი ბრძანდებით. მე კიდევ, როცა თქვენი სტატუსი წავიკითხე, ვიფიქრე, ხომ არ გამომრჩა დასაპატიჟებელ სტუმრებში ბატონი ზურაბ ჯაფარიძეთქო და იმ წუთას გაგზავნილ მესიჯებს გადავხედე. (სატელეფონო ზარები ვეღარ ამოვიწერე). მეხსიერება არ მღალატობდა და აღმოჩნდა, რომ თქვენთვის მესიჯი „ფეისბუქის" შეტყობინებებშიც გამომიგზავნია და თურმე ნანახიც გქონიათ. ცუკერბერგმა გაგყიდათ - „seen" დაეწერა. მაგრამ, თქვენგან პასუხი რომ არ მიმიღია? (ალბათ, სხვა მნიშვნელოვანი საქმეების გამო ვეღარ მომწერეთ... მისაღებია!).
ისე, „რეპორტიორის" პრესკლუბის სტუმრებს შორის გიორგი ბარამიძე და დიმიტრი შაშკინიც იყვნენ. ჩვენ მოვიპატიჟეთ. ადრე თუ გვიან მოვიდნენ.
რაც შეეხება თქვენი გუნდის სხვა წევრებს, რადგან თქვენ არ გეზარებათ „რეპორტიორის" წინააღმდეგ უსუსური ანტი პიარ-მანქანის ამუშავება, არ დავიზარებ და მოწვეული სტუმრების შესახებ მოკლე ინფორმაციებს მოგაწვდით.
მაგალითად, დავით ბაქრაძემ, რომელსაც რამდენიმე კვირის განმავლობაში თითქმის ყოველ დღე ვურეკავდით, სატელეფონო ზარზე არ გვიპასუხა. ხოლო, გაგზავნილ მესიჯებზე პასუხად მივიღეთ, რომ კონკრეტული მიზეზების გამო, „რეპორტიორში" პრესკონფერენციის გამართვა არ სურდა.
ეს კონკრეტული მიზეზი რა არის, ამის შესახებ, მომავალში ვისაუბრებ.
მიხეილ მაჭავარიანისგან კი რამდენიმე კვირიანი რეკვისა და მესიჯობის შემდეგ ზუსტად დღეს პასუხად მივიღე, რომ ამ კვირას თბილისში არ იქნება და მომავალი კვირიდან შევეხმიანოთ. სხვათაშორის, მაჭავარიანისგან სულ ასეთ პასუხს ვიღებ და მაინც დაველოდოთ მომავალ კვირას.
ვეხმიანებოდი ნუგზარ წიკლაურს, აკაკი ბობიხიძეს, დავით დარჩიაშვილს, დავით საყვარელიძეს... მესიჯები გაგზავნილი მაქვს ყველა მათგანისთვის.
როგორც ხედავთ ბატონო ზურაბ და თქვენც, ძალიან „ობიექტური" კომენტარების ავტორებს, „რეპორტიორი" არათუ ბლოკავს ვინმეს, არამედ გეპატიჟებათ იქ, სადაც მედიას უნდა შეხვდეთ.
თქვენ კი როგორ იქცევით? რას გვაბრალებთ, რას ქილიკობთ? პირადი და პოლიტიკური მოტივები შორს გადადეთ და გამოიყენეთ „რეპორტიორის" პრესკლუბის შესაძლებლობები. პოლიტიკური პრაგმატიზმი და კულტურა ამას უნდა გკარნახობდეთ!