თბილისის საქალაქო სასამართლო ციხეში ნარკოტიკის შეტანის მცდელობისთვის ბრალდებული ადვოკატის მიმართ აღმკვეთ ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებაზე განმარტებას აკეთებს. „რეპორტიორი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"ელისაბედ მამუჩაშვილს ბრალად ედება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნის - ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
დაცვის მხარე არ დაეთანხმა ბრალდების შუამდგომლობას და სასამართლოს სხდომაზე ითხოვა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ 5 000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენება. სასამართლომ განიხილა შუამდგომლობები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობების დასაბუთებულობა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ისე ფაქტობრივი საფუძვლები და მიაჩნია, რომ ბრალდებულ ელისაბედ მამუჩაშვილის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს გირაო 10 000 ლარის ოდენობით პატიმრობის უზრუნველყოფით, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა და საქმეში არსებული სხვა მასალები საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული შესაძლოა ჩადენილი ჰქონდეს ბრალდებულ ელისაბედ მამუჩაშვილს. აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევის საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო წარდგენილი ბრალდების სიმძიმე, რომ ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა."