ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური კონსული აჰმად რეზა არზიანი ბათუმის ბულვარში მოკლული 16 წლის მარიამ კოჩალიძის საქმეს გამოეხმაურა. კონსულის განმარტებით, მკვლელობაში ბრალდებული ირანის მოქალაქე ორი წლის განმავლობაში თურქეთში ცხოვრობდა და ჯერჯერობით ირანში არ დაბრუნებულა. "ჩვენ ვგმობთ ამ საზარელ მკვლელობას და მზად ვართ დავეხმაროთ ქართველ სამართალდამცავებს, მივაწოდოთ ინფორმაცია მკვლელობაში ბრალდებულის შესახებ. უკვე გადავეცით მნიშვნელოვანი ინფორმაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და აჭარის პოლიციის უფროსის მოადგილეს. საზღვრებზე გაძლიერებულია კონტროლი. მკვლელობაში ბრალდებული ბოლო ორი წელის განმავლობაში თურქეთში იმყოფებოდა და ჯერჯერობით ირანში არ დაბრუნებულა. იმედი მაქვს, ამ საქმეს მალე ნათელი მოეფინება და ინციდენტი ორი ქვეყნის ურთიერთობაზე არ აისახება, "- აღნიშნა აჰმად რეზა არზიანმა. 16 წლის მარიამ კოჩალიძე ბათუმის ბულვარში 23 ივლისს მოკლული იპოვეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი 1985 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ როოინთანია.