სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წუხელ, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, სიონის ტაძარში განაცხადა, რომ ლტოლვილების დაბრუნების საკითხი კარგად წარიმართება. როგორც პატრიარქმა ბრძანა, მათ ჰქონდათ შეხვედრა რუსეთის პატრიარქთან და ასევე იყო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან. "მთავარი, რაც არის, დაიძრას საკითხი ჩვენი ლტოლვილების. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვეთ, რომ ლტოლვილები უნდა დაბრუნდნენ თავის ოჯახებში, თავის სახლებში, ასე რომ, ღვთის იმედით ვართ და ვფიქრობთ, რომ კარგად წარიმართება ეს საკითხი", - ბრძანა უწმინდესმა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი მოგზაურობა იყო რუსეთში, უკრაინასა და ბელორუსში. პატრიარქის თქმით, რუსეთის ეკლესია ზეიმობს გაქრისტიანების 1025 წლისთავს. "ღმერთმა დალოცოს საქართველო. საქართველოს არაფერი სჯობს. თქვენი ლოცვითა და ღვთის წყალობით მშვიდობით ჩამოვედით", - აღნიშნა ილია მეორემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II რუსეთში თანმხლებ პირებთან ერთად 23 ივლისს გაემგზავრა. პატრიარქი რუსეთში, უწმინდესი კირილეს მიწვევით იმყოფებოდა და მონაწილეობა მიიღო რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებებში, რომელიც მოსკოვში, კიევსა და მინსკში გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, თანმხლებ პირებთან ერთად შეხვდა მოსკოვში - მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს, უწმინდეს კირილეს; კიევში -კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ვლადიმერს; მინსკში - სრულიად ბელორუსის საპატრიარქო ეგზარქოსს, მინსკისა და სლუცკის მიტროპოლიტ ფილარეტს, ასევე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.