მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში, მამა გაბრიელის საფლავზე მომლოცველები საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან მიდიან. მცხეთაში ავტომობილების შესვლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.რაც შეეხება უშუალოდ მონასტრის მიმდებარე ტერიტორიას, პატრულის თანამშრომლები მომლოცველებს ორგანიზებულად გადაადგილებაში ეხმარებიან. როგორც მომლოცველები აცხადებენ, მათ გაიგეს დედა პარასკევას ხილვის შესახებ და სწორედ ამიტომ ჩამოვიდნენ მცხეთაში. საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მამა გაბრიელის სულიერ შვილს, დედა პარასკევას ჰქონდა გამოცხადება - მან ნახა ბერი გაბრიელი, რომელმაც უთხრა, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც შობამდე მცხეთაში, მის საფლავთან ან ციხისჯვარში, მამა გაბრიელის სახელობის მონასტერში მივა, რწმენით ნათხოვი ორი სურვილი შეუსრულდება. „მამა გაბრიელს ვევედრებოდი საფლავზე, რომ ყველა ჩვენგანისთვის შეესრულებინა სურვილები. ყველ ადამიანისთვის, რომ გაძიერებულიყო სარწმუნოებაში, მიცემოდა მადლი და წყალობა ღვთისა და მინიშნება მომეცა მამა გაბრიელის საფლავიდან, რომ შეუსრულებდა სურვილებს, ვინც სამთავროში, ან ციხისჯვარში, შესთხოვდა სურვილებს და ყველა სურვილს შეუსრულებდა. სასწაული მოხდა და უამრავმა ადამიანმა მოგვაკითხა უცებ", - განაცხადა დედა პარასკევამ „მაესტროს" ეთერში.