სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ახალი მარეგულირებელი ნორმები წესდება.
ცვლილებების თანახმად, სავალდებულო ხდება იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმება. ნოტარიუსს ეკისრება ვალდებულება, განუმარტოს ხელშეკრულების მხარეებს ის სამართლებრივი შედეგები, რაც მათი მხრიდან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას მოჰყვება.
აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება კომერციულ ბანკებზე.
ეკონომიკის ექსპერტი, ემზარ ჯგერენაია „რეპორტიორთან" საუბარში ახალი რეგულაციების მიღების თაობაზე განმარტებას აკეთებს:
„კომერციული ბანკები თავად აწესებენ ხელშეკრულებას და მათ არ სჭირდებათ ნოტარიული დამოწმება. ბანკებს ეს რეგულაცია არ შეეხებათ, რადგან თავად ჰყავთ რეგულატორი. კომერციული ბანკების მარეგულირებელი არის ეროვნული ბანკი, ამიტომ სანოტარო დამოწმებას არ თხოულობს. ავტომატურად ტარდება რეესტრში. სანოტარიო წესით დამოწმებას რაც შეეხება, ეს იქნება საჭირო კერძო იპოთეკარებთან და საკრედიტო საფინანსო კომპანიებთან დაკავშირებით. ანუ, ნოტარიუსი დაუმოწმებს ხელშეკრულებას და გახდება ლეგალური." - განმარტავს ემზარ ჯგერენაია, „რეპორტიორთან" საუბარში.
რაც შეეხება იძულებითი აუქციონის წესით ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ცვლილებების თანახმად, იძულებითი აუქციონის გზით ქონების რეალიზაციისას შესაძლებელი გახდება პირველი და მეორე განმეორებითი აუქციონის ჩატარება.
„გირაოში ჩადებული იპოთეკის ქონება გაიყიდება აუქციონზე. თუ პირველ აუქციონზე ქონება ვერ გაიყიდება, გაიმართება მეორე აუქციონი". - განმარტავს ემზარ ჯგერენაია.
საკანონმდებლო ცვლილება ძალაში 28 იანვრიდან შედის.