ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ბიზნესაოციაციის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში დეფლაციური ფონის გამო მონეტარული პოლიტიკა შერბილებული იყო.
„ჩვენ გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსი, რაც ნიშნავს, რომ კურსი არის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების ე.წ. ავტომატური სტაბილიზატორი. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა დეფლაციური ფონი, ამიტომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვქონდა შერბილებული მონეტარული პოლიტიკა. ამას დაემატა მეოთხე კვარტალში ბიუჯეტის დეფიციტის ათვისება. ამ ყვლაფერმა კი, სხვა ფაქტორებთან ერთად, გაცვლით კურსზე ზეწოლა წარმოქმნა. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ეს ინფლაციურ პროცესებში გადაიზრდება, პოლიტიკის გამკაცრებას დავიწყებთ, რათა ინფლაცია იყოს სამიზნე ნიშნულის მახლობლად", - განაცხადა ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, განსაკუთრებით სენსიტიურია მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც სესხი დოლარში აქვს აღებული და შემოსავალი აქვს ლარში.
„სწორედ ამიტომ, ჩვენი პოლიტიკა მთელი ამ წლების განმავლობაში არის ლარში სესხზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაც უკვე სახეზეა - ფიზიკური პირების სესხების ნახევარზე მეტი ლარში არის გაცემული და ეს გაგრძელდება", - განაცხადა ქადაგიძემ.
რაც შეეხება შეხვედრის თემას, როგორც ქადაგიძემ განაცხადა, ძირითადი თემა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსება, საგადამხდელო ბალანსი და მონეტარულ პოლიტიკა იქნება.
„შეხვედრის მთავარი მიზანია, ბიზნესსექტორს ჰქონდეს სწორი მოლოდინები და ადეკვატური ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ვინაიდან მოლოდინი დიდ გავლენას ახდენს მათ გადაწყვეტილებებზე", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.