reportiori.ge - სიკვდილი, რომელიც შემოაკვდა“, ვაჟას ქალიშვილთან სტუმრობა და ფიროსმანის სიმბოლური საფლავი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:11
პრეს-დაიჯესტი
სიკვდილი, რომელიც შემოაკვდა“, ვაჟას ქალიშვილთან სტუმრობა და ფიროსმანის სიმბოლური საფლავი
ავტორი:
10 იანვარი, 2014. 21:57

თემურ ჩალაბაშვილი - პოეტი, რომელმაც სულ სამი კრებული გამოსცა, მაგრამ მის ღრმა და სუფთა პოეზიას ხშირად ხალხურად ნათლავენ, ქართველ პოეტებს კი მისთვის 200 ლექსი-მიძღვნა აქვთ დაწერილი. ის იყო ერთ-ერთი, ვინც ფიროსმანს მთაწმინდაზე სიმბოლური საფლავი გაუკეთა.

 

- ბატონო თემურ, გაიხსენეთ, პოეტმა როდის გაიღვიძა თქვენში?
- როგორც ყველა ბავშვში, ამ ნიჭმა ჩემშიც ადრეულ ასაკში გაიღვიძა, მეოთხე თუ მეხუთე კლასში ვიყავი, მშობლიურ სოფელ ძველანაგაზე დავწერე პირველი ლექსი. მეშვიდე კლასში რომ გადავედი, ეს ლექსი გაზეთ “კოლმეურნეში“ დაიბეჭდა:
,,მე მინდა შენზე ლექსები ვწერო,
ყოველი სიტყვა დაგეფინოს გულზე ვარდებად,
რომ დავარხიო ალბათ შენი მაყვლის კენწერო,-
 ჩემი ბავშვობა გადმოვარდება“.
ლექსი,  მახსოვს, გიორგი ნატროშვილმა შემიქო და ეს ჩემთვის ყველაზე დიდი და ღირებული ქება იყო.
- აქვე გკითხავთ, როგორ ფიქრობთ, იმ მეშვიდეკლასელი თემურისგან რა შემოგრჩათ?

- ალბათ გაოცების უნარი და გულუბრყვილობა…  ვფიქრობ,  ეს კარგია, იმიტომ რომ თუ პოეტმა გაოცების უნარი და ის თვისებები, რაც ბავშვობიდან მოყვება, დაკარგა, მაშინ ვერ იქნება კარგი ხელოვანი… მარტო ინტელექტი არაა საკმარისი, რომ კარგი ლექსი წერო. პოეტისთვის შინაგანი სისუფთავეც  და ადამიანების სიყვარულიც საჭიროა. მე ურთიერთობების კაცი ვარ, დღეს უცხოა სიტყვა -“ურთიერთობები“, მაგრამ მე ძალიან მიყვარს ადამიანები…
 
_ბატონო თემურ, დღეს, როცა პოეტურ კრებულებს ავტორები ხშირად გამოსცემენ,თქვენი სულ სამი კრებულია დაბეჭდილი… 
 - სხვათა შორის, არასოდეს მიფიქრია,  20, 50 ან 100 წიგნის დაწერა.  სულ 3 წიგნი მაქვს გამოცემული. პირველი 1984 წელს, მეორე 2000 წელს და აი, “ინტელექტმა“ ახლახან წიგნი “100 ლექსი“ გამოსცა. ჩემთვის ბედნიერებაა, რომ რუსთაველიდან დღემდე არსებულ 100 პოეტთა რიცხვში მეც შემიყვანეს.
- მინდა ფიროსმანის თემაზე გადავიდეთ. თქვენ მას ხშირად გადარებენ…
- ეს ჩემთვის ძალიან სათუთი თემაა, ფიროსმანი იმ ოკეანეს მაგონებს, რომელშიც შეიძლება ადამიანი გადაეშვას და ამით თავი გადაირჩინოს. ფიროსმანით ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული და ალბათ ბედისწერაცაა, რომ ერთ დღეს მე და ანზორ მაძღარაშვილმა მირზაანიდან წამოღებული ქვა მთაწმინდაზე ავიტანეთ და ფიროსმანს სიმბოლური საფლავი გავუკეთეთ. 6 წლის წინ ეს იდეა თბილისის მერიას გავუმხილეთ, მათ მოეწონათ ეს იდეა, მაგრამ არჩევნების დრო იყო და მხოლოდ პიარად გამოიყენეს, შემდეგ კი დაივიწყეს, ამიტომ ამ ამბავს მხოლოდ 60-მდე ადამიანი ესწრებოდა, არც პრესა- ტელევიზიას გაუგია და არც ქალაქს…
 - მსმენია, რომ ძალიან ლამაზი რიტუალი ჩაგიტარებიათ...
 - ვიქირავეთ ცხენიანი ეტლი, რომლითაც სიმბოლურად ფიროსმანის ნახატები: „მარგალიტა“ და „ლხინი კახელებთან“ მთაწმინდაზე ავიტანეთ. ამ ცერემონიიდან ფოტოები მერიამ ბულგარეთში გამოცემულ წიგნში დაბეჭდა.  ჩვენ იმ წიგნებიდან ერთიც არ მოგვცეს, არც ფიროსმანის მუზეუმს გადასცეს…
 
_ბატონო თემურ, ცნობილია, რომ თქვენილექსები, როგორც ხალხური, ისე ვრცელდება,რაც პოეტს კარგად ახასიათებს...
- დიახ, იყო ასეთი შემთხვევა და არა ერთი, მე ორს გავიხსენებ. ერთხელ მარიკა კვალიაშვილს თურმე  აღფრთოვანებულმა ქალბატონმა თამილა ლასხიშვილმა ტელეფონით დაურეკა,  ერთი ლექსი წაუკითხა და აცნობა, რომ მისი ავტორი უცნობია და, მგონი, ხალხური უნდა იყოსო. ორივე არაჩვეულებრივი ქალბატონია და ორივეს ძალიან დიდ პატივს ვცემ. ქალბატონმა მარიკა ამ ლექსზე შემდეგ სიმღერა დაწერა. მაგრამ როდესაც შეიტყო, რომ ლექსი ხალხური კი არა, ჩემი იყო, სიხარულით მითხრა, ჩემი დისკი გამოდის, სადაც ამ სიმღერის ტექსტი ხალხურადაა აღნიშნულიო და, კიდევ კარგი, მითხარი, ახლავე ჩავასწორებო.
-  იქნებ, დააკონკრეტოთ, რომელ ლექსზეა საუბარი?
 - ლექსს ჰქვია: „ამას სჯობია“
„ისეთი გული რად გინდა,
 გქონდეს და არა გტკიოდეს,
 ისეთი თვალნიც დავსილან, 
ცრემლი არ ჩამოსდიოდეთ. 
ისეთი ხმალი რად გინდა, 
მტერთან შეყრა არ შიოდეს, 
ისეთი შვილი რად გინდა, 
სამშობლო არა სტკიოდეს, 
ისეთი ცხენი რად გინდა, 
ლაშქარში არა ხვიოდეს, 
ისეთი მეფე რად გინდა, 
მხედართ არ მიუყიოდეს.
ისეთი მიწა რად გინდა, 
სხვის ხელში გადადიოდეს.
 ამას სჯობია, ქართველი
 სამზეოს არ დადიოდეს“.
რაც შეეხება ჩემი ლექსების გახალხურების თემას, -ასეთი შემთხვევაც იყო, მიშა ზაქარეიშვილმა სიმღერა დაწერა და კლიპის გადაღება უნდოდა, სიმღერას მამა ფარნავაზის მრევლი ბავშვები მღეროდნენ,  და როცა იმ სიმღერის ტექსტის ავტორის, როგორც გარდაცვლილი უცნობის სადღეგრძელო დაილია, ვუთხარი, რომ მისი ავტორი ცოცხალია და ახლა აქ არის – მეთქი.
ამ ლექსზე მოგახსენებთ: -
“ასეა წუთისოფელი -
დღე მიდის, წუთი მაკლდება.
 სიკვდილი მოვა ოხერი, 
მოვა და შემომაკვდება“…
_თუ არ ვცდები, სწორედ ამ ლექსზე პროფესორმა სოლომონ ხუციშვილმა გითხრათ: მარტო ეს რომ დაგეწერა, საკმარისი იყო პოეტობისთვისო? 
- დიახ, ნამდვილად ასე იყო და ეს ლექსი 1972 წელს, სტუდენტობის დროს, დავწერე…
 
_ამ შეკითხვას ხშირად ვუსვამ რესპონდენტებს: რა გზა უნდა გაიაროს ადამიანმა,რომ პიროვნებად, პერსონად იქცეს?
 - იცით? ახლა მე თქვენ ისე გელაპარაკებით, როგორც საკუთარ თავს.. ძალიან დიდი და რთული გზა უნდა გაიარო. მანამდე იმდენჯერ უნდა აწყენინო საკუთარ თავს, შენში იმდენი რამ უნდა დაჩაგრო და ჩაკლა… ბევრი რამ უნდა შეძლო, თორემ ისე ვერ გაივლი… და თუ ეს შეძელი ,-არ დაგეკარგება და პიროვნებადაც იქცევი… კიდევ თავმდაბლობაა საჭირო, პაპაჩემი მეუბნებოდა: როცა ფოტოს იღებ, უკან დადექი და წინ გამოჩნდებიო… კიდევ იმას მეუბნებოდა: მუხა წაქცეული იზომებაო…
- თქვენ ხშირად ახსენებთ პაპას და იქნებ მასზე მოგვიყვეთ?
 - დედის მამაზე მოგახსენებთ. ახლა ჩემს შვილიშვილს მინდა, რომ შეძლებისდაგვარად ყველა წინაპრის ფოტო და ამბავი შემოვუნახო. პაპას ერთი ლექსი მივუძღვენი და მას “პაპასთან საუბარი“ დავარქვი:
„ვსაუბრობ დიდხანს და მედარდება,
 სულს კი აწვალებს სიცოცხლის ნუკვა…
და პაპის ხელებს დავყურებ კრძალვით,
ვით საქართველოს პირვანდელ რუკას“…
- ყოველთვის მინდოდა, რომ შვილიშვილისთვის ლუკა დამერქმია და ისე, რომ ამის შესახებ ხმამაღლა არასოდეს მითქვამს. ჩემმა ქალიშვილმაც ბავშვს სახელად ლუკა შეურჩია. ლექსი მასაც დავუწერე:

                                                                               

 

  „ეგ სახელი შეიფერე და იცხოვრე ლუკასავით,
 არაფერმა არ დაგამცროს საქართველოს რუკასავით.“
 ეს ლექსი იმ პაპაზე დაწერილი ლექსის გაგრძელება აღმოჩნდა…
 

_ბატონო თემურ, ვიცი, რომცხოვრების გზაზე თქვენძალიან  ბევრ გამორჩეულ ქართველსშეხვდით. რაიმე განსაკუთრებულსხომ ვერ გვიამბობთ?
- თავიდან გეტყვით, მართლა ბედნიერი ვარ, რომ თავის დროზე ვიცნობდი და ვმეგობრობდი ისეთ ადამიანებთან, როგორიც იყვნენ: მიხეილ ქვლივიძე, კიტა ბუაჩიძე, შოთა ნიშნიანიძე, სოლომონ ხუციშვილი, გიორგი ახვლედიანი. ერთხელ გიორგი ლეონიძესაც შევხვდი. თავის დროზე ზვიად გამსახურდიასთანაც ვმეგობრობდი და ახლ ერთი შემთხვევა მინდა გავიხსენო, ეს ამბავი ჯერ პრესაში არ დაბეჭდილა. ერთ მშვენიერ დღეს სახლში, ჩემი პლეხანოვის ქოხში პატარა წერილი დამხვდა. ზვიადისგან იყო, მაშინ ჯერ პრეზიდენტი არ იყო, ის მწერდა: თემო, გავიგე, რომ გულქან რაზიკაშვილი (ვაჟა -ფშაველას ქალიშვილი) ღუმელის გარეშეა, შეშა ვიყიდოთ და ჩავიდეთ მასთან სოფელშიო, გამეცინა, რადგან შეშით ჩარგალში ასვლას რა აზრი ჰქონდა, იქ გარშემო სულ ტყეა. მოკლედ ჩავედით. ზის გულქანი და გვერდით ფანდური და გარმონი უდევს, ღუმელიც ჰქონდა და სახლში სითბოც იყო. ვხედავ, რომ მხიარულ ხასიათზეა, თავის დროზე ასე უთქვამს, მამის სიკვდილი იმან გადამატანინა, რომ გარმონზე ვმღერიო… მოკლედ გაიშალა სუფრა, როცა ვაჟას სადღეგრძელო შევსვით, უცებ გულქანი ამბობს:“ საწყალი მამაი და საშა ძიაო“. მივხვდით, რომ საშა ძია ალექსანდრე ყაზბეგია, გულში ვფიქრობ, ღმერთო, ეს სად ვარ – მეთქი.. ადამიანთან, რომლის მამაც ვაჟაა და ყაზბეგს ძიად მოიხსენიებს. კიდევ რას დავაკვირდით, იცით? ეს ორი ბუმბერაზი მწერლის შვილი უსიტყვოდ, თვალებით როგორ ზომავდა ერთმანეთს.  საოცარი შეგრძნება იყო…
 - მარადიულ კითხვაზე, რა არის ცხოვრება,პასუხი თუ გაქვთ?
- ცხოვრება?… მოულოდნელობაა, ბედისწერა, რადგან არასოდეს იცი, როდის რა გელოდება… 62 წლის კაცი ვარ, ამხელა ცხოვრება გავიარე და ვერ მივხვდი: როდის იწყებს ადამიანი სიცოცხლე – ახალგაზრდობაში თუ სიბერეში.

                                                      

 

(ტელეგრაფი, თეონა გოგნიაშვილი)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016