reportiori.ge - ლავრენტი ბერიას დახვრეტა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:03
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ლავრენტი ბერიას დახვრეტა
ავტორი:
11 იანვარი, 2014. 01:42

საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს განჩინებით 1952 წლის 23 დეკემბერს დახვრიტეს სტალინის უარხლოესი თანამებრძოლი ლავრენტი ბერია.

 

რევოლუციის ჯარისკაცი

 

ბოლო ათწლეულების ოფიციალური ისტორია ლავრენტი ბერიას ყველაზე „საშინელ“ ფიგურად წარმოგვიდგენს. ხშირად, ივანე მრისხანეს ეპოქის მოღვაწე ოპრიჩნიკების მეთაურ მალიუტა სკურატოვსაც ადარებენ; ბერიას სტალინის მთავარ ჯალათადაც მოიხსენიებენ და პოლიტიკური რეპრესიების მთავარ შემოქმედსაც უწოდებენ. ეს იმის ბრალიცაა, რომ ისტორიას ყოველთვის გამარჯვებული წერენ.

სტალინის სიკვდილის შემდეგ, ძალაუფლებისთვის ბრძოლის წაგება ბერიას სიცოცხლის ფასად დაუჯდა, ამასთან სტალინური ეპოქის ყველა შეცდომაც მას დაბრალდა.

ბერიას უცოდველ კრავად წარმოჩენა, რა თქმა უნდა, სწორი არ იქნება, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ისტორიის წინაშე ამ პიროვნების რეალური როლის შესახებ, საკმაოდ მწირი ინფორმაცია გვაქვს.

დაიბადა აფხაზეთში 1899 წლის 17 მარტს, ღარიბი გლეხის ოჯახში. 16 წლისა აქტიურად ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში. რამდენჯერმე დააპატიმრეს. საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ, 21 წლის ბერია მუშაობას იწყებს ჯერ აზერბაიჯანის, შემდეგ კი საქართველოს „საგანგებო კომისიის“. მონაწილეობდა კონტრრევოლუციური იატაკქვეშეთის განადგურებაში, რისთვისაც წითელი დროშის ორდენით დააჯილდოეს.

1927 წელს ლავრეტი ბერია „HKBD“-ს - საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ხელმძმღვანელად დაინიშნა, ხოლო 1931 წელს საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივანი ხდება.

 

მეურნე და უფლებადამცველი

 

ამ დროიდან მოყოლებული ბერიას ურთიერთსაწინააღმდეგო რეპუტაცია აქვს: ერთის მხრივ პოლიტიკური კონკურენტების წინააღმდეგ რეპრესიებში ადანაშაულებენ, მეორეს მხრივ აღნიშნავენ, რომ 32 წლის პოლიტიკოსმა კარგი მეურნის თვისებები გამოამჟღავნა, რის დამსახურებითაც საქართველო და ამიერკავკასია მთლიანად, ეკონომიკურად საგრძნობლად განვითარდა.

იმ დროინდელი აქტიური პოლიტიკოსი და რესპუბლიკის ლიდერი არ შეიძლება პოლიტიკურ რეპრესიებში ჩართული არ ყოფილიყო. თუმცა 1937-38 წლების  „დიდ ტერორთან“ მისი გაიგივება არასწორია.

ლავრენტი ბერია „HKBD“-ს აპარატში გამოჩნდა 1938 წლის აგვისტოში, როცა იგი სახალხო კომისრის მოადგილედ დაინიშნა. ეს ის დროა, როცა, „HKBD“-ს ხელმძღვანელის  ნიკოლაი ეჟოვის მიერ გატარებულმა ტერორმა საბჭოთა ხელმძღვანელობაც შეაშფოთა. ბერიას უნდა შეეკავებინა აღვირახსნილი ძალოვანები და სიტუაციაზე კონტროლი აღედგინა.

1938 წლის ნოემბერში 39 წლის ლავრენტი ბერია ეჟოვის მაგივრად „HKBD“-ს ხელმძღვანელად დაინიშნა, სწორედ ბერიას მოსვლა ითვლება „დიდი ტერორის“ დასასრულის ხანად, უფრო მეტიც, მომდევნო ორი წლის განმავლობაში გათავისუფლდა 200 ათასამდე უკანონოდ რეპრესირებული პატიმარი.

 

ატომური ბომბი და გზა ძალაუფლებისკენ

 

ომის წლებში ბერია, თავისი ძირითადი საქმიანობის გარდა, კურირებდა მრეწველობასა და ტრანსპორტს. მან არც თუ მცირე როლი შეასრულა სამრეწველო ობიექტების აღმოსავლეთში ევაკუაციისას.

1944 წელს, ომის პირობებში, ლავრენტი ბერია საბჭოთა „ატომური პროექტის“ ხელმძღვანელია. სწორედ მისი ორგანიზატორული ნიჭის დამსახურებაა, რომ საბჭოთა კავშირის უკვე 1949 წელს საკუთარი ატომური ბომბი ჰქონდა, გაცილებით ადრე ვიდრე ამას ამერიკელები ელოდნენ. „ატომურ პროექტში“ მიღწეულმა წარმატებამ ბერიას სტალინის ერთ-ერთ შესაძლო მემკვიდრის სახელი მოუტანა.

1953 წლის 5 მარტს, იოსებ სტალინის სიკვდილის დროს საბჭოთა ხელისუფლებაში არ იყო პიროვნება, ვისაც ხელისუფლებაზე პასუხისმგებლობის აღება შეეძლო. შეიქმნა მმართველი ტრიუმვირატი – გეორგი მალენკოვი – მთავრობის მეთაური და ქვეყნის ფორმალური ლიდერი, ნიკიტა ხრუშჩოვი – სტალინის სიკვდილის შემდეგ პარტიის ლიდერი და ლავრენტი ბერია – შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი, რომლის დაქვემდებარებაშიც ამავდროულად სახელმწიფო უშიშროების სამსახურიც შედიოდა.

 

ბრძოლა ლიდერობისთვის

 

 

სამხელისუფლიანობა დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, ყველა მხარე ცდილობდა პოზიცია გაემყარებინა. ბერია შსს-ს საკვანძო პოსტებზე თავის ერთგულ ხალხს ნიშნავდა, იმ იმედით, რომ ძალოვან უწყებებზე კონტროლი წარმატების საწინდარი გახდებოდა. ძნელი სათქმელია, რა ელოდა ქვეყანას ხელისუფლებაში ბერიას მოსვლის შემთხვევაში. ერთნი ფიქრობენ, რომ რეპრესიების ახალი ტალღა აგორდებოდა, მეორეთა აზრით შსს-ს ხელმძღვანელი პოლიტპატიმართა მასშტაბურ რეაბილიტაციას აპირებდა. იყვნენ ისეთებიც, ვინც ამტკიცებდა, რომ ბერია ქვეყნის დეიდეოლოგიზაციას, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას და ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის დამოუკიდებლობის მინიჭებას აპირებდა.

თუმცა რა გეგმებიც არ უნდა ჰქონოდა, ბერიას მათი ახდენა არ ეწერა. თავის დროზე „დიდი ტერორის“ ერთ-ერთმა შემოქმედმა, ნიკიტა ხრუშჩოვმა, დასწრებაზე „თამაში“ გადაწყვიტა. მან მოახერხა მალენკოვისა და ორი გავლენიანი პოლიტიკოსის -  ნიკოლოზ ბულგანინისა და ვიაჩესლავ მოლოტოვის გადმობირება. ბერიამ ხიფათი სათანადოდ არ შეაფასა, ძალოვან უწყებებზე კონტროლი, საკუთარი უსაფრთხოების გარანტია ეგონა, ხრუშჩოვმა კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები, როცა თვით მარშალ ჟუკოვის მხარდაჭერა მოიპოვა.

 

დაცემა

კვანძის გახსნამ არ დააყოვნა. 1953 წლის 26 ივნისს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე ხრუშჩოვმა ბერია ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობასა და დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულა. დაბნეულმა ბერიამ თავის მართლება სცადა, შეთქმულთა ერთმა ნაწილმა მერყეობა დაიწყო და მოითხოვა შსს-ს მინისტრისთვის „შეცდომებზე მიეთითებინათ“. ამ დროს დარბაზში შემოვიდნენ გენერლები მარშალ ჟუკოვის მეთაურობით და ბერია დააპატიმრეს. მოსკოვის სამხედო ოლქის სარდლის მოსკალენკოს მანქანით ბერია კრემლიდან მოსკოვის გარნიზონის ჰაუპტვახტში გადაიყვანეს, მეორე ღდეს კი საჰაერო ძალების სამინისტროს ერთ-ერთი თავშესაფრის სპეციალურად მოწყობილ საკანში გამოამწყვდიეს.

ვითარების გართულების თავიდან ასაცილებლად დედაქალაქში შემოიყვანეს სამხედრო ნაწილები, თუმცა ქუჩის ბრძოლებამდე საქმე არ მისულა. მომდევნო რამდენიმე დღეში ბერიას ყველა მომხრე დააპატიმრეს.

1953 წლის დეკემბერში სსრკ უმაღლესი სასამართლოს „სპეციალურმა შემადგენლობამ“ მარშალ ივან კონევის თავმჯდომარეობით განიხილა „ბერიას საქმე“. ამ კომისიის შემადგენლობაში შედიოდა საქართველოს წარმომადგენელი მიტროფანე კუჭავაც.

მის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები „დიდი ტერორის“ დროინდელისგან არაფრით განსხვავდებოდა; ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, შპიონაჟი, მასობრივი გაუპატიურებები და მრავალი სხვა. ბრალდებები ჭეშმარიტებისგან, რა თქმა უნდა, შორს იდგა და არც სასამართლოს ამოცანას წარმოადგენდა სიმართლის დადგენა.

1953 წლის 23 დეკემბერს ლავრენტი ბერიას სიკვდილით დასჯა შეუფარდეს და საჰაერო თავდაცვის სამინისტროს შტაბის ბუნკერში, ქვეყნის გენერალური პროკურორის რუდენკოს თვალწინ დახვრიტეს. ღამე მისი სხეული ერთ-ერთ კრემატორიუმში დაწვეს და ფერფლი მდინარე „მოსკვაზე“ მოაბნიეს.

არსებობს ალტერნატიული ვერსიაც, რომელსაც ბერიას ვაჟი სერგო ლავრენტის ძე და სტალინის ქალიშვილი სვეტლანა ალილუევა ავრცელებენ. მათი მტკიცებით არანაირი მინისტრთა საბჭოს სხდომა არ ყოფილა. ლავრენტი ბერია, საკუთარ სახლში, დაკავებისას ატეხილი სროლისას მოკლეს.

 

 

                                                                                                                                                                                                                                                 (მოამზადა თამაზ ჩიქვანაიამ)

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016