reportiori.ge - ერნესის ახალი კრებული „უკიდეგანო ოცნების მიღმა“ მკითხველისათვის ხელმისაწვდომი ხვალიდან იქნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 13:07
კულტურა
ერნესის ახალი კრებული „უკიდეგანო ოცნების მიღმა“ მკითხველისათვის ხელმისაწვდომი ხვალიდან იქნება
12 იანვარი, 2014. 15:19

„უკიდეგანო  ოცნების მიღმა“, ასე ჰქვია ერნესის - დათო ქაქუთიას ლექსების კრებულს, რომელიც პოეტმა სულ ცოტა ხნის წინ გამოსცა და მისი ნახვა ორშაბათიდან უკვე ქართველ მკითხველსაც შეეძლება წიგნის მაღაზიათა ქსელ „პარნასში“.

როგორც კრებულის ავტორმა „რეპორტიორთან“ საუბარში განაცხადა, ეს მისი  რიგით მეორე კრებულია. მის გამოცემაში კი უდიდესი წვლილი  მეგობრებს მიუძღვით,  რომ არა ისინი, ალბათ წიგნს საკუთარი ინიციატივით არასდროს გამოსცემდა. ამისთვის განსაკუთრებულ მადლობას გამომცემლობა „საარ“-ს უხდის.

„ერნესი ოთხმოცდაათიანი წლების თაობის ერთ-ერთი  წარმომადგენელია. არ არსებობს უსინათლო წყვდიადი და ერნესისნაირ პოეტებს, ზოგადად ხელოვანებს  თავიანთი გულის მკრთალი ნათელი შეჰქონდათ იმ ავბედით წლებში. არადა , თვითონ, უმძიმესი ცხოვრება გაიარა, მაგრამ ამ კაცში არასოდეს მომკვდარა ნამდვილი ადამიანი და ჭეშმარიტი პოეტი. როგორც პირადად მე, ასევე შემოქმედებითი ჯგუფის - „ზღვარის“ თითოეული წევრი ვამაყობდით ისეთ ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობით, როგორებიც იყვნენ უდროოდ დაღუპული უდავოდ კარგი პოეტი-მეამბოხეები: რატი ნინუა და გოგა არაბული, რომლებმაც გარესამყაროსა და საკუთარ პიროვნებებს შეაგებეს პროტესტის უკიდურესი ფორმა -თვითმკვლელობა. ერნესი - ეს  პოეტური ფსევდონიმი დათო ქაქუთიას ოთხმოცდაათიან წლებში შევურჩიეთ მე და ჩემმა მეგობრებმა. ახალი სახელი მან ძალიან მოიხდინა. ერნესმა დაკარგა თითქოს წასრული, ისევე, როგორც ადრეული გვარ-სახელი და ახლიდან დაიწყო ცხოვრება. ის იქცა თბილისელ პოეტად, თავისებურ ბოჰემად. და ასეთად დარჩა ბოლომდე.  ვერაფერმა შეცვალა, - ვერც დუხჭირმა ცხოვრებამ, ვერც ათასმა სხვადასხვა პროფესიამ, რომელთაც  იცვლიდა წლების განმავლობაში. ვერც პირადმა ტრაგედიებმა, რომელნიც მას არ დააკლო ბედმა. ბოლოს მაინც ფეხზე დადგა: იპოვა უერთგულესი ადამიანი - მისი ცხოვრების მარადიული თანამგზავრი, შექმნა ლამაზი ოჯახი, შემოიკრიბა ირგვლივ მეგობრები და დაწერა არაერთი კარგი ლექსი“, - წერს კრებულის წინასიტყვაობაში ჯგუფ „ზღვარის“ წევრი სერგი ლომაძე.

პროფესიით ჟურნალისტი დათო ქაქუთია, აჟამად ერთ-ერთ გამომცემლობის სტამბაში მუშაობს და დიდი სიყვარულით იხსენებს  ძველ პროფესიას.

„ძალიან მენატრება და მიყვარს ჟურნალისტიკა.  მენატრება წერა და ის საქმე, რასაც წლების წინ ვაკეთებდი. ზოგადად, პატრიოტიზმის თემას ვერიდები ხოლმე, მაგრამ კრებულში თითქმის ყველა თემაზე მაქვს ლექსი შეტანილი. ყოველთვის ჩემთვის ვწერდი. ჩემმა ერთმა მეგობარმა, როდესაც მეორე კრებული ვაჩვენე, ძალიან გაიკვირვა - როგორ მოხდა, რომ წიგნზე დათანხმდიო. იმდენად წარმოუდგენლად მიმაჩნდა ჩემი ნამუშევრების გამოტანა საზოგადოების წინაშე“, - ამბობს ის.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, პოეტი მოთხრობაზე მუშაობს, რომელსაც ალბათ მალე იხილავს მკითხველიც.

„ისე არ გამიგოთ, რომ ჩაკეტილი ვარ იმ სივრცეში, და 90-იან წლებს მივტირი, მაგრამ ვწერ და მალე დავასრულებ პატარა მოთხრობას ისევ იმ წლებზე და ჩემს მეგობრებზე. შესაძლოა, შემდგომში ეს მოთხრობა გამოიცეს. ლექსების კრებულის გამოცემას ჯერ-ჯერობით არ ვაპირებ. ბევრმა ვერ შეძლო იმ პერიოდის აღქმა, 90 -იანებს ვგულისხმობ.  ბევრი მეგობარი მყავდა, ზოგიერთმა თავიც კი მოიკლა. კარგი პოეტები იყვნენ - რატი ნინუა და გოგა არაბული. ისეთი შემართება გვქონდა,  თითქოს ჩვენი პოეზიით გვინდოდა რკინის დამსხვრევა. მაშინ შოუ-ბიზნესიც არ იყო. მახსოვს, მხოლოდ გია გუმბერიძის „შესანიშნავი შვიდეული“ გადიოდა „მეორე არხზე“. უნივერტიტეტები სავსე იყო სხვადასხვა ლექს-ჯგუფებით. შეჯიბრება ძალიან ცუდი სიტყვაა მგონი ამას რომ მივუსადაგოთ, მაგრამ ძალიან დიდი მუხტი იყო. დღეს არ ვიცი ამ მხრივ რა მდგომარეობაა. როცა კი ვახერხებ , ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველთვის ვესწრები პოეზიის საღამოებს, მაგრამ იმ მუხტს, რაც მაშინ იყო, ვერ ვხედავ. შეიძლება მეჩვენება, მაგრამ ადრე სხვა ცხოვრება იყო. ვერ ვიტყვი, რომ იმ წლებში ჩავრჩი, მაგრამ მაინც იმ წლებიდან დანახულით ვცხოვრობ და ვაკეთებ ჩემ საქმეს“, - აცხადებს პოეტი.

გთავაზობთ ერთ-ერთ ლექსს კრებულიდან, რომლის სახელიც ჰქვია წიგნს:

უკიდეგანო ოცნების მიღმა

უკიდეგანო ოცნების მიღმა

ამ შემოდგომის სევდით ვაცილებ,

გზა დამიკეტა გაყინულ ფიქრმა,

ამაოდ ბრძოლას თავს ვერ  ვარიდებ.

ისევ ქუჩაში გადავყრი ლანდებს,

სადაც იმედი დამყავს ძაღლივით,

ხელისგულებზე დავიტევ ღამეს

და გავშორდები სარკმელს, დაღლილი.

სიზმარში ნანახ ყვავილის ლოცვად,

გულში ჩავიკრავ უმწეო სიტყვას,

ვიცი, კვლავ ვნახავ ფოთოლთა მოსვლას

                                                                                                                            უკიდეგანო ოცნებებს მიღმა...

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016