ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, მიხეილ მესხი იუბილარია. დღეს მას 77 წელი შეუსრულდებოდა. მიხეილ მესხი 1991 წელს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან თბილისის დინამოში 284 მატჩი ჩაატარა და მოწინააღმდეგის კარში 54 გოლი გაიტანა. მესხი ისტორიაში საკუთარი დაუვიწყარი ფინტებითა და სათამაშო მანერით შევიდა. გამოთქმა - მესხის ფინტი ფეხბურთში დღესაც არსებობს. 1998 წელს მესხი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ და საქართველოს მე-20 საუკუნის „საოცნებო გუნდის“ წევრად დაასახელეს.
რამდენიმე თვეში კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ძეგლი დაიდგმება. სკულპტურაზე მოქანდაკე გიორგი შხვაცაბაია უკვე რამდენიმე წელია მუშაობს. მისი თქმით ქანდაკება ამ წლის მაისითვის უკვე მზად იქნება, თუკი ძეგლის ჩამოსმა ერთი თვის მანძილზე დაფინანსდება. მოქანდაკის თქმით, მესხს სიცოცხლეშივე ეკუთვნოდა ძეგლი. კონკურსი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის ქანდაკებაზე ფეხბურთის ფედერაციამ ორი წლის წინ გამოაცხადა.