reportiori.ge - დათო საყვარელიძე: არცერთმა პოლიტიკოსმა არ იცის, როგორ შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკება აფხაზეთთან. როგორ ვიწყებთ საუბარს? თეატრით, ხელოვნებით, განათლებით!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:56
ინტერვიუ
დათო საყვარელიძე: არცერთმა პოლიტიკოსმა არ იცის, როგორ შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკება აფხაზეთთან. როგორ ვიწყებთ საუბარს? თეატრით, ხელოვნებით, განათლებით!
ავტორი: ანა ნოდია
14 იანვარი, 2014. 21:06

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ყოფილ ხელმძღვანელ, დავით საყვარელიძე, უკვე სოხუმის თეატრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელია. შეთავაზება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების მინისტრისგან, დიმიტრი ჯაიანისგან მიიღო.  ამ დრომდე თეატრს მსახიობი მერაბ ყოლბაია ხელმძღვანელობდა.

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრში 20-ზე მეტი მსახიობია. როგორც დავით საყვარელიძე და დიმიტრი ჯაიანი აცხადებენ, აფხაზეთის კულტურისა და განათლების სამინისტროში არსებობს დარბაზი, რომელიც საუკეთესო ადგილი იქნება ამ თეატრისთვის. თუმცა, დარბაზი საჭიროებს რემონტს...

დავით საყვარელიძე 6 თვის განმავლობაში იქნება თეატრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, რის შემდეგაც ოფიციალურად დაინიშნება ამ თანამდებობაზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა და დავით საყვარელიძემ „რეპორტიორთან“ ინტერვიუში თეატრის სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს:

 

დიმიტრი ჯაიანი:

„ახალი სიო წამოვიდა სოხუმის თეატრში.  ბოლო წლებში ბევრი ცუდი რამ მოხდა. უახლოესმა ადამიანებმა უღალატეს თეატრს. საჭირო იყო აქ მოსულიყო ადამიანი, ვინც თეატრს სწორად უხელმძღვანელებდა. ბევრი ადამიანი ამომიტივტივდა თავში. გამახსენდა, რომ ჩვენთან დათო საყვარელიძეს გაკეთებული ჰქონდა სპექტაკლი. მე მქონდა მასთან საუბარი.

მთელი საქართველო გაოგნებულია, იცით რისგან? დათო საყვარელიძემ რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელობაზე თქვა უარი და სოხუმის თეატრს ჩაუდგა სათავეშიო...  ზოგი იგებს მის პოზიციას, ზოგი ვერ იგებს ...

აფხაზეთის სამინისტროს აქვს ბრწყინვალე დარბაზი, რომელსაც სჭირდება ხელის შევლება. როცა გარემონტდება ეს ადგილი, მთლიანი თეატრი, თავისი დირექციით იქ გადავა.

ზოგადად, სოხუმის თეატრს აქვს თავისი მიზანი. თემურ ჩხეიძემ დადგა ასეთი სპექტაკლი - „ზღვა რომელიც შორია“. ამ სპექტაკლის სანახავად ჩამოვიდნენ კირილ ლავროვი და დონატას ბანიონისი. სპექტაკლის დასრულების შემდეგ ლავროვმა თქვა ასეთი რამ:  „მსოფლიოში მინახავს გენიალური შენობები თეატრისთვის, სასწაული პირობებით, მაგრამ პირველად ვხედავ თეატრს, რომელსაც არაფერი გააჩნია და თეატრია! მინახავს სასწაული „თეატრები“, რომლებიც თეატრი არ არის!“

 

თეატრის ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა, მოვალეობის შემსრულებელმა დავით საყვარელიძემ, სოხუმის თეატრის სამომავლო პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.

 

„თეატრს ჰყავს ბევრი გულშემატკივარი - ჩემი კოლეგები, მეგობრები, მსახიობები, რეჟისორები... ერთ-ერთი გამორჩეული დასი ჰყავს ამ თეატრს.

2015 წელს სოხუმის თეატრს 130 წელი უსრულდება. ეს არის ძალიან დიდი თარიღი.

სოხუმის თეატრს გლობალურად ვუყურებ. კულტურით, ხელოვნებით უნდა ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რა კონფლიქტებიც არსებობს. ხელოვნებით, კულტურით შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკება შერიგებაზე. სახელოვნებო მიგრაცია პრობლემაა. ამ საქმეში პატარა აგურს თუკი დავდებთ, ძალიან კარგი იქნება. ამ თემაზე საუბრის უფლება აქვს მხოლოდ სოხუმის თეატრის დასს, რომელმაც ყველაფერი გამოიარა.

მე მგონია, რომ სოხუმის თეატრს მართლაც ვჭირდები. ამიტომ, ვისაც ვჭირდები იქ ვარ. ჩემს თავს ვერ ვხედავ ჯერ-ჯერობით რუსთაველის თეატრის დირექტორის ამპლუაში, რადგან იქ სხვა სამყარო და სხვა მოთხოვნებია. 9 წელი ვიყავი ოპერის თეატრის მმართველი და დღეს რაც ხდება ოპერაში ხედავთ კიდეც.

მე არ მინდა მქონდეს ურთიერთობა საქართველოს კულტურის სამინისტროსთან. მე მაქვს აფხაზეთის კულტურის სამინისტროსთან ურთიერთობა. ჩემი ხედვა თეატრების მიმართ არ ემთხვევა საქართველოს კულტურის სამინისტროს ხედვას. მე არ მინდა ვიყო შეზღუდული. ბატონი დიმა ჯაიანი ხელოვანი ადამიანია და იცის რას ნიშნავს ჩარჩოებში მოქცევა.

__ თუ გაქვთ გეგმა, როგორ და რით დაიწყებთ თეატრში მოღვაწეობას?

_ რასაკვირველია მაქვს. ძალიან საინტერესო ტექსტები მაქვს მოძიებული, რომელიც 13-დან 22 წლამდე ბავშვების მიერ არის დაწერილი. ისინი ცხოვრობენ აფხაზეთის ტერიტორიაზე და აღწერენ იმ მდგომარეობას, რომელიც დანარჩენმა საქართველომ არ იცის და ვერც ხვდებიან რა მდგომარეობაში უწევთ მათ ყოფნა. მათ უშლიან ქართულ ენაზე საუბარს. ეს ბავშვები ღამე მოიპარებიან, მდინარეზე გადმოდიან რომ საზღვარს გამოსცდნენ. ხშირად, აქ „დიდი“ პოლიტიკოსების მიერ გამოთქმული მოსაზრებები და ფრაზები, საერთოდ აცდენილია იმ მდგომარეობას, რაც იქ ხდება. იქ ქართველ  მოსახლეობას დიდი პრობლემები ექმნება. არცერთი სამინისტრო, უშიშროება და სხვა სტრუქტურები ვერ ფლობენ იმ ინფორმაციას, რასაც ეს ბავშვები აღწერენ. მინდა ეს ტექსტები გადავიტანო სცენაზე და მსახიობებმა გააცნონ მაყურებელს. ამ ბავშვების სახელების და გვარების ხსენება არ შეიძლება, რადგან მათ შესაძლოა შეექმნათ პრობლემები, მაგრამ ჩემი აზრით ამ ფორმით საუბარი დიდი მნიშვნელობის იქნება.

უახლოეს ხანებში დავლაგდებით. როგორც კი შევუდგებით აქტიურ სამუშაობს, გამოვაცხადებთ სად შეიძლება ამის დადგმა. ძალიან მინდა გაკეთდეს მწერლის სახლში, რადგან ახალგარემონტებული, გენიალური ადგილია.

ბატონმა დიმამ აღმოაჩინა გენიალური ადგილი, სადაც შეიძლება შეიქმნას არაჩვეულებრივი თეატრალური სივრცე. იმ შენობაში, სადაც არის აფხაზეთის კულტურის სამინისიტრო, თუმცა ამ ადგილს სჭირდება რემონტი. 

მაქვს ურთიერთობა რამოდენიმე ორგანიზაციასთან, იტალიაში, პოლონეთში. მინდა ყველა დაფიქრდეს სოხუმის თეატრზე საუბრით რისი მიღება შეიძლება. დავიწყებთ საუბარს ხელოვნებით და შემდეგ უკვე პერსპექტივაც გასაგებია.

ამ ეტაპზე თეატრში არის რამოდენიმე პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს, რადგან შეჩერებულია. ეს არის დოიაშვილის და ასევე, ახალგაზრდა რეჟისორის, ვანო ხუციშვილის სპექტაკლი. გარდა ამისა, ვიცი რომ თემურ ჩხეიძე დგამს სპექტაკლს, შეპირებულია.

ძალიან მინდა უცხოელი რეჟისორებიც მოვიწვიოთ. თუკი იქნება ამის შესაძლებლობა. ყველაფერი დამოკიდებულია ფინანსებზე.

__ თეატრის 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ?

_ ჩემი მიზანია, თეატრის 130 წლის იუბილე აღინიშნოს მთელს საქართველოში, თეატრებში - თელავში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში... უნდა შეიქმნას ისეთი სპექტაკლი, რომელიც იქნება ურთიერთობების ახალი ხედვა. არავინ და მათ შორის არცერთმა პოლიტიკოსმა არ იცის, როგორ შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკება აფხაზეთთან. როგორ ვიწყებთ საუბარს? თეატრით, ხელოვნებით, მეცნიერებითა და განათლებით. აქედან უნდა დაგვეწყო. ეს საკითხი უნდა გადახო აქტუალური!

__ მანამდე სანამ გექნებათ კონკრეტული ადგილი, სად დაიდგმება სპექტაკლები?

_ რუსთაველის თეატრმა, რობერტ სტურუამ გაუღო კარი სოხუმის თეატრს. ახლა გავხსენით სეზონი რუსთაველის თეატრში. შესაძლებელია დაიდგას ვაკის სარდაფშიც. გააჩნია, რომელ სპექტაკლს რა გარემო მოუხდება. მაგრამ, პარალელურად ყველას უნდა გავაგებინოთ რომ აფხაზეთის კულტურისა და განათლების სამინისტროში არის კარგი დარბაზი, რომელსაც სჭირდება რემონტი. მივმართავთ პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და ბიზნესმენებს, რომ ამ საქმეში დაგვიდგნენ გვერდში.

სოხუმის თეატრი არ არის მხოლოდ სოხუმელებისა და აფხაზებისთვის. ეს არის საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი წერტილი.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016