reportiori.ge - ქართველი სტუმარი იტალიიდან (ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 13:38
კულტურა
ქართველი სტუმარი იტალიიდან (ვიდეო)
14 იანვარი, 2014. 21:27

1992 წლის ჩამქრალ-გაყინულ თბილისში იტალიიდან მოწვევა მოვიდა. მილანის სახელგანთქმულ ლა-სკალაში, ენრიკე კარუზოს სახელობის კონკურსში მონაწილეობისთვის საქართველოდან ტენორს იწვევდნენ. კულტურის სამინისტო გამოჩენილ მომღერალსა და პადაგოგს ნოდარ ანდღულაძეს დაეკითხა რჩევას. მაესტრომ რეკომენდაცია იმ დროს ყველასთვის უცნობ ახალგაზრდას გაუწია, ეგრეც გადაწყდა და მილანის ე. კარუზოს სახელობის სამეცნიერო-კულტურულ ცენტრში, საოპერო ხელოვნების პროფესურის წინაშე პირველად იმღერა პაატა სვანიძემ. შედეგი წარმატებული აღმოჩნდა, დიდ მაესტროს არც გუმანმა უმტყუნა და არც შეგირდმა. დიპლომანტ-ლაურეატის წოდება და 6 თვიანი სტაჟირება მსოფლიოს საოპერო მექაში; ბევრი ცნობილი ტენორისთის სანუკვარი ოცნება პაატა სვანიძემ პირველივე ჯერზე აიხდინა.

პ.ს. : საოცარი განცდა იყო, კიდევ კარგი ჩემი პედაგოგი, ბატონი ნოდარი თან მახლდა. ლა-სკალაში პირველი სტაჟრებისას, ჩემთან ერთად იყო დღეს საქვეყნოდ ცნობილი ესპანელი ტენორი ალფრედო კრაუსი. ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე მომეცა საშუალება ამ საოცარ პედაგოგებთან მემუშავა. ეს ძალიან დიდი გამოცდილება და კარგი სკოლაა.

1999 წელს იმდროინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით მიემგზავრება იტალიაში და ინიშნება საქართველოს კულტურის სამინისტროს რწმუნებულად დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ბევრ წამოწყებას ჩაუყარა საფუძველი და რამდენიმე საინტერესო ღონისძიების ავტორადაც მოგვევლინა. პარალელურად არც ძირითად საქმიანობას ივიწყებს.

პ.ს. : ევროპაში ყველა მომღერალი სააგენტოებთან თანამშრომლობს. 2001 წელს გავაფორმე ხელშეკრულება ერთ-ერთ წამყვან სააგენტოსთან- რომის „იუმა მენეჯმენტთან“; საიდანაც გამაგზავნეს რეჯო ემილაში უმაღლესი მუსიკალური სრულყოფის ინსტიტუტში. აქ ჩავირიცხე მაესტრო მაურო ტრომბეტის კლასში. სწავლა 3 წელი გაგრძელდა და უდიდესი გამოცდილება შემძინა. შემდეგ იყო „ტრავიატა“ ქალაქ ბერგამოს დონიცეტის სახელობის თეატრში,  ქ. ვიჩენცას საოპერო თეატრში „რიგოლეტო“ და ჰერცოგის პარტია. რომის თეატრში „ტოსკა“- კავარადოსის პარტია.  2007 წელს მონაწილეობა მივიღე ქ. ნოვარაში გამართულ „ვერდის რექვიემში.“ ცნობილი ტენორის ჯუზეპე დი სტეფანის სახელობის კონკურსზე უცხოელი ტენორისთის დაწესებული მესამე პრემია დავიმსახურე.

ცამეტი წელია საქართველოში არ ყოფილა, ასეთ დროს, როგორც წესი საუბრისას უცხოური აქცენტი ჩნდება;  მაგრამ არა, მისი ქართული გამართული და დახვეწილია, მხოლოდ მაშინ, როდესაც ვინმეს გვარ-სახელს წარმოთქვამს, იტალიური კილო იჩენს თავს და ხვდები რომ უფრო ხშირად ამ ენაზე უწევს საუბარი. მეუღლეც მომღერალია, ცნობილი უკრაინელი სოპრანო, ნატალია ტარასევიჩი. საოპერო ხელოვნების მექად იტალია ითვლება და ვიფიქრე, რომ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მომღერლებთან მჭიდრო ურთიერთბა ექნებოდა.

პ.ს.-რა თქმა უნდა, თითქმის ყველას ვიცნობ, მაგრამ, სამწუხაროდ ძალიან იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს, რადგან სხვადასხვა სააგენტოებთან გვაქვს კონტრაქტი, თავად სააგენტოს პრიორიტეტული ხელშეკრულებები აკავშირებთ წამყვან საოპერო თეატრებთან და იქ სხვა სააგენტოს მომღერლის გამოჩენა ნაკლებ სავარაუდოა. ლადო ათანელი და თამარ ივერი მაგალითად ძირითადად გერმანიისა და ავსტრიის საოპერო სცენაზე მოღვაწეობენ, ნუგზარ გამგებელი ესპანეთშია, ნინო სურგულაძე ლონდონში. იტალიაში, ლა-სკალაშია გია გაგნიძე და მას მართლაც ხშირად ვხვდები. სამწუხაროდ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი საოპერო ხელოვნებასაც შეეხო. იტალიაში 5 წამყვანი ოპერა სახელმწიფო დოტაციაზე რომ არ იყოს, საერთოდ შეწყვეტდა არსებობას. წარმოიდგინეთ ლა-სკალას აკადემიაც კი ფასიანი გახდა. ერთ წელი 8000  ევრო ღირს. ახლა თითქმის ყველა მუსიკალურ სასწავლებელში კორეელებს იყვანენ, რადგან ყველაზე გადახდისუნარიანები არიან. 

პაატა სვანიძის თბილისში ყოფნის ამბავი საერთო მეგობრებისგან შევიტყვე და მათივე მეშვეობით ვთხოვე შეხვედრა. უმალ დამთანხმდა და ამისთვის მადლობას ვუხდი, ბევრი საინტერესო მოვისმინე და იმედია „რეპორტიორის“ მკითხველამდე მიტანაც მოვახერხე. სტუმარს ვემშვიდობები, ვულოცავ შობა-ახალ წელს და წარმატებებს ვუსურვებ.

პ.ს. -საქართველოში საინტერესო გეგმები მაქვს მეც, მილანის ლა-სკალას აკადემიის დირექტორს მაესტრო ლუკა ტარჯეტის და “იუმა მენეჯმენტის“ სააგენტოსაც. გვინდა ჩამოვიდეთ და თბილისში მოსმენები მოვაწყოთ, ჩვენი ქვეყანა ხომ ასე მდიდარია ტალანტებით, იმედი მაქვს მათ  შემდგომ დაოსტატებაში მცირეოდენ წვლილს მეც  შევიტან. მომავალ შეხვედრამდე: ARRIVEDERCI. 

 

 

 

 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016