ედვარდ სნოუდენი, რომელიც აშშ-ის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელი გახლავთ "პრესის თავისუფლების ფონდის" დირექტორთა საბჭოს შეუერთდება.
"სიამაყითა და პატივით მივესალმები ედვარდ სნოუდენს "პრესის თავისუფლების ფონდის" დირექტორთა საბჭოში გაწევრიანებას. ის ჩემი პერსონალური გმირია. სნოუდენის წყალობით, ამერიკელ ხალხს პირველად მიეცა შესაძლებლობა დემოკრატიული დებატები გაემართა ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ განხორციელებული ელექტრონული თვალთვალის პროგრამაზე", - განაცხადა "პრესის თავისუფლების ფონდის" თანადამფუძნებელმა, დენიელ ელსბერგმა.
ელსბერგის განმარტებით, სნოუდენის მსგავსი გამბედავი ადამიანები ფონდს კიდევ ბევრი სჭირდება.
ედვარდ სნოუდენის განცხადებით, ჟურნალისტიკა ვერ შედგება, თუ რეპორტიორები ვერ შეძლებენ ინფორმაციის თავიანთ წყაროსთან ნორმალური გზებით კონტაქტს.
"იქ, სადაც ამას კანონი ვერ დაარეგულირებს, ტექნოლოგია შეძლებს. ეს რთული პრობლემაა, მაგრამ მოგვარებადი და მოუთმენლად ველი, რომ ჩემი გამოცდილება ამ პრობლემის მოგვარებას მოვახმარო", - განაცხადა სნოუდენმა.
"პრესის თავისუფლების ფონდი" 2012 წელს, აშშ-ში დაარსდა იმ ჟურნალისტთა მხარდაჭერის მიზნით, რომლებიც ინფორმაციის მეტი გახსნილობისთვის იბრძვიან.
სნოუდენის "პრესის თავისუფლების ფონდის" დირექტორთა საბჭოში გაწევრიენებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფონდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.