reportiori.ge - თემურ ქეცბაია: იმიტომ ვიწვალე, რომ ვიღაცებმა მითხრან, გაიწიეო?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:53
ინტერვიუ
თემურ ქეცბაია: იმიტომ ვიწვალე, რომ ვიღაცებმა მითხრან, გაიწიეო?!
ავტორი:
15 იანვარი, 2014. 16:07

მართლა ინიშნება თუ არა თემურ ქეცბაია ფამაგუსტას "ანორთოსისის" ტექნიკურ დირექტორად? - გასულ კვირას სწორედ ეს გახლდათ ყველაზე აქტუალური კითხვა ქართულ საფეხბურთო სამყაროში. 


თუმცა კვიპროსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ ჭორი აღმოჩნდა - საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა "ყველა სიახლესთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ეს თავად დაადასტურა.

- რა თქმა უნდა, არ არის მართალი. ვისაც "ანორთოსისში" უნდა მისვლა, ყველა ქეცბაიას სახელს იყენებს. ჭორებზე კი რა კომენტარი გავაკეთო?!

- ანუ თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებში მუშაობას ძველებურად აგრძელებს? 
- შესაძლოა, ვიღაცები სხვაგვარად ფიქრობდნენ, მაგრამ მე მუშაობას ვაგრძელებ და მინდა, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო. ახლახან დავბრუნდი აბუ-დაბიდან, სადაც არნემის "ვიტესის" ამხანაგურ მატჩებს დავესწარი. 

გურამ კაშია ნაკრებში სტაბილურად თამაშობს, მაგრამ ჭანტურიას და ყაზაიშვილის თამაშის ნახვაც მსურდა. მინდა, ბიჭებმა იცოდნენ, რას ვითხოვ ფეხბურთელებისგან. დანარჩენი მხოლოდ მათზეა დამოკიდებული - უნდა დაამტკიცონ, რომ პროგრესირებენ, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშს იმსახურებენ!

- ზვიად სიჭინავამ თქვა, რომ ნაკრების თავკაცთან შეკითხვები ფედერაციასაც აქვს - მეოთხე ადგილით კმაყოფილი ვერავინ იქნება და ნაკრების გამოსვლას მეც უარყოფითად ვაფასებო...
- როდის თქვა ზვიად სიჭინავამ ასეთი რამ?

- ნოემბერში, "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში...
- სულ გაიძახით, ზვიად სიჭინავა ფეხბურთში კომპეტენტური არ არისო და ახლა დაგაინტერესათ მისმა ნათქვამმა?!

- კომპეტენტურია თუ არა, ზვიად სიჭინავა იმ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია, რომელთანაც კონტრაქტი გაკავშირებთ! 
- ფედერაციას და ნაკრების მწვრთნელს შორის კითხვები ყოველთვის იქნება, ეს ჩვეულებრივი ამბავია. მუშაობას ვაგრძელებთ და ურთიერთობაც თითქმის ყოველდღე გვიწევს, რათა ორი წლის წინ დასახულ ამოცანას მივაღწიოთ, ჩამოვაყალიბოთ გუნდი, რომელიც სერიოზულად იბრძოლებს ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად. 

გვინდოდა, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის მიგვეცა თავის გამოჩენის საშუალება, გუნდი ახალი შესარჩევი ციკლისთვის მოგვემზადებინა. მიმაჩნია, რომ პროგრესი არის და რაც გასაკეთებელი იყო, ძალიან კარგად გაკეთდა! ჩავიბარეთ მეექვსე ადგილზე მყოფი გუნდი და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ - ვეცდებით, ამჯერად მესამე ადგილზე მაინც გავიდეთ...

- იქნებ თქვენ მაინც გვითხრათ ზუსტად, 2011 წელს კონტრაქტი 2+2 სისტემით გაფორმდა თუ ოთხი წლით?
- გნებავთ 2+2 დაარქვით, გნებავთ 1+3 ან +4. მაქვს კონტრაქტი და მორჩა! მეც და ზვიად სიჭინავამაც ვთქვით, რომ კონტრაქტი ოთხწლიანია და თუ ვინმემ სხვაგვარად გაიგო, ეს მისი პრობლემაა...

- როგორ ფიქრობთ, რატომ გახშირდა კონფლიქტები ნაკრების მწვრთნელს და ფეხბურთელებს შორის?
- რა გითხრათ?! ეს იმ ინტრიგან ფეხბურთელებს ჰკითხეთ... მე კი ფეხბურთზე, მომავალზე, იმ მოთამაშეებზე მელაპარაკეთ, ვინც დღეს არის ნაკრებში. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, როგორ ითამაშებენ ჩემი ფეხბურთელები, ვიდრე ის, რას იტყვიან ჩემზე! 

ის მაინტერესებს, რა მდგომარეობაა მათ კლუბებში, რა პერსპექტივა აქვთ, ის მაღელვებს, ბევრ მათგანს სათამაშო პრაქტიკა რომ აკლია; რუსეთ-უკრაინის გარდა, ლეგიონერები, ფაქტობრივად, რომ აღარ გვყავს... ამაზე ვლაპარაკობთ. აბა, იმის განხილვას ხომ არ დავიწყებთ, ეთანხმებიან თუ არა ვიღაცის ინტრიგებს?! 

ისე კი, გადამწყვეტი არ არის, ეყვარებათ თუ არა ერთმანეთი - მთავარია, მწვრთნელმაც და ფეხბურთელმაც თავიანთი საქმე აკეთონ! 

- ევროპულ კლუბებში მხოლოდ რამდენიმე ლეგიონერი გვყავს, ნაკრების მოთამაშეთა უმეტესობას სათამაშო პრაქტიკა აკლია... თუ არც ფეხბურთელები გყავთ და ვერც პერსპექტივას ხედავთ, კიდევ ორი წლით ვის იმედად რჩებით?! 
- ქართულ ფეხბურთს დღეს ძალიან უჭირს, მაგრამ რაც შეგვიძლია, ხომ უნდა გავაკეთოთ?! 

ბოლო ოცი წელია, ქართველები ზღაპრების მოსმენას მიგვაჩვიეს, მე კი არ ვიცი ზღაპრების მოყოლა, რეალობაზე გელაპარაკებით! არ მითქვამს, ფეხბურთელები არ გვყავს-მეთქი. იმას ვგულისხმობდი, რომ არ ვართ ისეთ დონეზე, ყველას გახსნილი ფეხბურთი ვეთამაშოთ. გვჭირდება უფრო მეტი შემტევი ფეხბურთელი, რომელიც დაცვასაც დაეხმარება. 

სამი წელია, საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი მცველი ხდება და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. 

- ყველას ქეცბაიას პირით უნდა სიმართლის ლაპარაკიო... ილაპარაკეს ნაკრების ფეხბურთელებმაც და ამას რაც მოჰყვა, ყველამ ვნახეთ.
- ნაკრების ფეხბურთელები არ მიგულისხმია. მათ ამოიღონ ხმა, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში ქართულ ფეხბურთში მოღვაწეობს, ვისაც ფეხბურთში სიტყვა ეკუთვნის და ეთქმის-მეთქი! ისე კი, ხიზანიშვილი რომ გამოვიდა და ვიღაცების სახელითაც ილაპარაკა, ხომ უპასუხეს იმ ბიჭებმა - ასე არ არისო?! 

- ხიზანიშვილი მარტო არ იქნება, მის უკან ვიღაცები დგანანო. ვის გულისხმობდით და რა უნდათ? 
- რა უნდათ? ჩვენ მოვედით და თქვენ გვერდით გაიწიეთო... თითქოს იმიტომ მიწვალია მთელი ცხოვრება, რომ ვიღაცებმა მითხრან, გაიწიეო?! 

წინა შესარჩევი ქვეჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო საქართველოს ნაკრების ისტორიაში, მაგრამ ღირსეულად გამოვედით, ბოლო ტურამდე გვქონდა მესამე ადგილის შანსი. პროგრესი არის და იმედია, მომავალშიც გაგრძელდება. ხუთგუნდიან ჯგუფში დაკავებული მეოთხე ადგილი არაფრით განსხვავდება ექვსგუნდიანში დაკავებული მეხუთე ადგილისგანო - ამას ისინი ამბობენ, ვისთვისაც ასე უმჯობესია, ვინც ცდილობს, ქართული ფეხბურთი უკან დასწიოს... ბელორუსებს ძალიან კარგი ნაკრები ჰყავთ, მაგრამ ისინი მეხუთეზე გავიდნენ, ჩვენ - მეოთხეზე. არ არის განსხვავება?

- ფეხბურთელები ამბობენ, რომ საქართველოს ნაკრები არ არის უწინდელივით შეკრული გუნდი... ნაკრების გაერთიანებაზე მთავარი მწვრთნელი არ არის პასუხისმგებელი?
- ჩემი თაობის ფეხბურთელებს კლუბებშიც მოგვიწია ერთად თამაში და ნაკრებშიც, დღევანდელ მოთამაშეებს კი ისე ხშირად არ უწევთ ერთად ყოფნა და ალბათ, უფრო ნაკლებად მეგობრობენ. ამის მიუხედავად, არასდროს დამინახავს, ერთმანეთთან რამე პრობლემა ჰქონოდეთ. 

გუნდში კარგი სიტუაციაა, ყველაფერს აკეთებენ, კარგად რომ ითამაშონ, მაგრამ ამასაც დრო სჭირდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლაპარაკია ნაკრებზე, რომელიც წელიწადში მხოლოდ ხუთ-ექვსჯერ, რამდენიმე დღით იკრიბება. კლუბი რომ იყოს, სადაც ფეხბურთელებთან ყოველდღიური ურთიერთობა გაქვს, დაგეთანხმებოდით, რომ მწვრთნელს ამ მხრივ მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება... 

- რას ფიქრობთ, როგორი იქნება 2014 წელი ქართული ფეხბურთისთვის?
- ცხოვრებას ყოველთვის იმედიანად უნდა უყურო. მთავარია, ხალხი დავაინტერესოთ, რათა მოუარონ, გვერდით დაუდგნენ ფეხბურთს. არაფრის გაკეთება არ გვინდა და შედეგს მაინც ვითხოვთ. უკვე მთელ მსოფლიოში ასეა - ფეხბურთი ჯერ ბიზნესია და მერეა ფეხბურთი, ჩვენთან კი არც ბიზნესია და არც ფეხბურთი! ჩვენთან ფეხბურთში ფულის ჩადების ნაცვლად, იმაზე ლაპარაკობენ - შედეგი მაინც არ არის და ქეცბაიას ამდენ ფულს ტყუილად ვუხდითო...

- საქართველოში ასე მართლაც ბევრი ფიქრობს... მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არავინ იცის, რამდენი აქვს ხელფასი ნაკრების მთავარ მწვრთნელს.
- ის ავიწყდებათ, ჩემი წინამორბედი უცხოელი მწვრთნელები გაცილებით მეტ ხელფასს რომ იღებდნენ?! ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ წლებია, საზღვარგარეთ ვცხოვრობ და საქართველოს გარდა, გადახდილი ფული ჩემთვის სხვაგან არსად დაუყვედრებიათ! 

რაღაც ხომ კეთდება, ნაბიჯ-ნაბიჯ ხომ მივიწევთ წინ? თუ ასეა, რაღატომ გვაყვედრიან? მით უმეტეს, ქეცბაია რომ იღებს, იმაზე ასჯერ მეტი თანხა უნდა ჩაიდოს, ქართულ ფეხბურთში არსებული სავალალო მდგომარეობა რომ გამოსწორდეს! 

ამ ოთხი წლის განმავლობაში უამრავი შემოთავაზება მქონია, მაგრამ ყურადღება არავისთვის მიმიქცევია, რადგან ჩემს ქვეყანას ვემსახურები... 

- როგორ ფიქრობთ, როცა საქართველოს ნაკრებში მუშაობას დაასრულებთ, თემურ ქეცბაიაზე ისეთივე მოთხოვნა იქნება, როგორც მანამდე?
- არ ვიცი, რა იქნება წლების შემდეგ და ამაზე ახლა არც ვფიქრობ. ისე, ამ ოთხი წლის განმავლობაში არაერთი შემოთავაზება მქონია, თუმცა საქართველოს ნაკრებში ვმუშაობ და მინდა, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო. 

- როცა ნაკრები ჩავიბარე, ათი მეტრის სიღრმეზე იყო დამარხულიო... ახლა რამდენ მეტრზეა, სად არის ამჟამად საქართველოს ნაკრები?
- როცა ნაკრები ჩავიბარეთ, ორი წლის განმავლობაში თამაში არ ჰქონდა მოგებული, მეექვსე ადგილზე იყო. მას მერე მეხუთეზე გავედით, ახლა მეოთხეზე... ახლა რა დონეზეა? ნელ-ნელა თამაშებსაც იგებს და გარკვეული პროგრესი არის. 

- როგორ ფიქრობთ, მწვრთნელს, რომლის დანიშვნასაც თავის დროზე ყველა სიხარულით შეხვდა, რატომ მოუმრავლდა კრიტიკოსები?
- კრიტიკას და დაუნახაობას სჯობს, ყველანი ერთად დავდგეთ და ერთად ვაკეთოთ საქმე. საქართველოში ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არ არის, ქართველი კაცისთვის ის ჰაერივით აუცილებელია. მაგრამ ვითარება თუ არ გამოსწორდა, ვინც გინდა ჩამოიყვანე, რას მიაღწევს? ვხედავ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომელთა იმედიც მაქვს. დავიცადოთ ეს ორი წელიც და მერე მივიღოთ გადაწყვეტილებები. 

ისე კი, ადრეც ვთქვი და გავიმეორებ: იმის მიუხედავად, გავა თუ არა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე, ეს ორი წელი ჩემთვის ბოლო იქნება საქართველოს ნაკრების მწვრთნელის რანგში! თუ ფიქრობთ, რომ ვინმე დღესვე გააკეთებს საქმეს ჩემზე უკეთესად, მოვიდეს და ჩემი თავი ენაცვალოს! 

ამბიციური ადამიანი ვარ და მინდა, ჩემი ქვეყნის ნაკრებთან ერთად რაღაცას მივაღწიო. რაც გასაკეთებელია, უნდა გაკეთდეს! შეღავათი ჩემი თავისთვის არასდროს გამიკეთებია და ამის გაკეთების უფლებას არც სხვას მივცემ. 

ჩვენ ჯერ ძმაკაცობა და ჭამა-სმა გვინდა და მხოლოდ ამის შემდეგ - ფეხბურთი! მაგრამ ასე საქმე არ კეთდება. გგონიათ, თუ საქართველოს ნაკრებიდან წავალ, დავიკარგები? არც დავიკარგები და ჩემს გზასაც მოვნახავ, მაგრამ მინდა, ბოლომდე მივიყვანო დაწყებული საქმე! 


 

 

(რატი შელეგია. გაზეთი "ყველა სიახლე")


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016