reportiori.ge - აღსარება - როგორ გადაიქცა ბავშვების არამოყვარული ფოტოგრაფი მოსიყვარულე მამად (ფოტოკოლაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:01
ყვითელი
აღსარება - როგორ გადაიქცა ბავშვების არამოყვარული ფოტოგრაფი მოსიყვარულე მამად (ფოტოკოლაჟი)
ავტორი:
17 იანვარი, 2014. 15:32

ფოტოგრაფი ფილიპ ტოლედანო პირველად 40 წლის ასაკში გახდა მამა. ბავშვები მისი ცხოვრების ოცნება არ ყოფილა, არც მისი მიზანი. ის გულწრფელად აღიარებს, რომ ძალიან რთულად იტანდა მომენტებს, როცა მასთან მეგობრები ბავშვებთან ერთად მიდიოდნენ სტუმრად.  ამიტომ ფილიპს საკმაოდ გაუგებარი და არეული გრძნობა დაეუფლა, როცა ქვეყანას მისი ქალიშვილი, ლულუ მოევლინა. საბოლოოდ კი მან გაიარა გზა, დაწყებული პატარა ადამიანის წინაშე შიშით და უსაზღვრო სიყვარულით დამთავრებული. ამაზე გულახდილი ფოტოპროექტიც გადაიღო.


 

როცა გყავს საყვარელი ქალი, ყველა გეკითხება: როდის დაქორწინდებით?" დაქორწინდებით და ახლა გეკითხებიან: ბავშვს არ ელოდებით? ბავშვი გაჩნდება და კვლავ გეკითხებიან: მეორეს არ აპირებთ?" სამშობიარო სახლში ვიყავი და ვუყურებდი, როგორ დაიბადა ლულუ. უცნაური გრძნობა დამეუფლა: მამა გავხდი? ვიგრძენი თუ არა სიყვარული? არ ვარ დარწმუნებული.



კითხვაზე, მომწონს თუ არა მამობა, გარშემომყოფები მხოლოდ ერთ პასუხს ელოდნენ და როცა მე ვპასუხობდი - „არა", ისინი უკმაყოფილოდ იშმუშნებოდნენ. როცა ლულუ დაიბადა, ჩემი ცოლი კარლა ჩემთვის გაქრა. „ჩვენ ორნი" მენატრებოდა, ჩვენი სიმშვიდე და სივრცე. აი, ამ უცხოპლანეტელში გამცვალეს. მშვიდი ძილი სამი წლით გადაიდო. ყველაფერი, რასაც ლულუ აკეთებდა, ჭკუიდან მშლიდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა პირველად გავიგე ლულუს დაცემინების ხმა. რაღაც ადამიანური ყოფილა მასში! ძაღლმაც კი არანაირი ინტერესი არ გამოიჩინა მის მიმართ. მხოლოდ იმ შემთხვევებში აქცევდა ყურადღებას, როცა ლულუ ჭამდა. ეს პროცესი მისთვის მომნუსხველი იყო. მის წერილს marao.ge აქვეყნებს.



„მშიერია თუ სველი? ცხელა თუ ცივა? ლულუსთან ურთიერთობა არასტაბილურ ასაფეთქებელ ნივთიერებას ჰგავდა. ხელში ვაძინებდი, მერე ფრთხილად ვაწვენდი საწოლში. პატარა არასწორი მოქმედება და ... ბუხ! ტირილი, რომელიც ჭკუიდან მშლიდა. თეფშებზე ლულუ გამოვსახე. მეგობრებს ვაჩვენებდი, როცა ისინი ბავშვის ფოტოს ნახვას მთხოვდნენ. მე ძალიან სახალისოდ მეჩვენებოდა. კარლას კი სწყინდა, ვერ შეაფასა ჩემი ხუმრობა. ბავშვის ტირილზე უარესი მხოლოდ მის მოლოდინში ყოფნაა. განსაკუთრებით, როცა გძინავს და შუაღამის 2 საათია.



ეს ამდენი ბოთლი, თერმოსი და სტერილიზატორი, რომლებიც ყველგან თან უნდა ატარო. სავაჭრო ცენტრში ხომ უამრავი მიკრობია. რა საჭიროა ამდენი უაზრო მკვეთრი ფერის სათამაშო, როცა ადამიანი მხოლოდ 5 თვისაა, ნუთუ მისთვის სულერთი არ არის, ჯოხი ეჭირება, ვედრო თუ ეს უაზრო სათამაშო?



როცა ლულუ 20 წლის გახდება, მე უკვე 60-ის ვიქნები. ნეტავ მოხუცად ჩამთვლის, თუ მეგობრები ვიქნებით? რა სამწუხაროა, ჩემი მშობლები რომ ვერ მოესწრნენ ლულუს დაბადებას. ლულუს ამქვეყნად მოვლინებამ მათი არყოფნა კიდევ უფრო მძაფრად შემაგრძნობინა. რამდენ რამეს ვკითხავდი დედას. მეც ასეთი ვიყავი თუ არა ბავშვობაში.



ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ნელ-ნელა საშუალოსტატისტიკური მამა ვხდები. გადაწყვეტილი მქონდა, არასოდეს გადამეღო ბავშვები, მაგრამ ახლა მეგობრებთან შეხვედრისას პირველი, რასაც ვაკეთებ, „აიფონს" ვიღებ. ვიცი, არ გიყვართ ბავშვების ფოტოების თვალიერება, მაგრამ ლულუ სულ სხვაა.



უკან მოხედვისას ვამჩნევ საოცარ მეტამორფოზებს, რომლებიც ჩემში მოხდა. განყენებული დამკვირვებლიდან აქტიურ მონაწილედ გადავიქეცი, ფოტოგრაფიდან კი - მამად.



იუმორი - ეს ის არის, რაც ადამიანებს აერთიანებთ. ეს ჩემთვის გასაგები ენაა. ერთხელ ლულუმაც დაილაპარაკა ამ ენაზე. მე მას ვაშაყირებდი და ისიც პასუხად დამცინოდა. მე ვტიროდი და მასაც ცრემლით ევსებოდა თვალები. ჩვენ ერთმანეთის გვესმოდა. საოცარია. ამ ფოტოებზე იმდენი სიყვარულია, რამდენიც არასოდეს მქონია აქამდე. რა სამწუხაროა, რომ ჩემს მშობლებს არ მიეცათ შანსი, ლულუ გაეცნოთ. დედა, მამა, ძალიან მენატრებით. ლულუს ხშირად ვუყვები თქვენზე. ბევრს ვფიქრობ იმაზე, რა მომეცით და იმედი მაქვს, რომ შევძლებ, ჩემს გოგონასაც იგივე მივცე.


მინდა პატიება ვთხოვო კარლას. ვიცი, რომ მისთვის ადვილი არ იყო ჩემი გულახდილობის მიღება. მაპატიე, ლულუ! ერთხელაც შენ ნახავ ამ ფოტოებს და წაიკითხავ ამ სიტყვებს. მინდა იცოდე: ისეთი ბედნიერი ვარ, შენ რომ მყავხარ. მე შენ ძალიან მიყვარხარ, ლულუ", - წერს ფოტოგრაფი.


 

 

 

 

 

 

 

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016