reportiori.ge - გია ხუხაშვილი: რადგან არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ვთხოვ პროკურატურას, გადაამოწმოს, მაქვს თუ არა წილი რომელიმე ბიზნესში!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:53
პრეს-დაიჯესტი
გია ხუხაშვილი: რადგან არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ვთხოვ პროკურატურას, გადაამოწმოს, მაქვს თუ არა წილი რომელიმე ბიზნესში!
ავტორი:
17 იანვარი, 2014. 18:03

მართალია, პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი უკვე ოთხი თვეა, ხელისუფლებაში აღარ არის, მაგრამ მის მიერ განხორციელებულ ფარულ ბიზნესგარიგებებსა და რუხ კარდინალობაზე დღემდე ლეგენდები დადის, მეტიც, არსებული ინფორმაციით, იგი ხელისუფლებამ ჩამოიშორა და, შესაძლოა, უახლოეს მომავალში დაკითხვაზეც დაიბარო. თუ როგორია თავად გია ხუხაშვილის პასუხი საზოგადოებაში ბოლო დროს გაჩენილ შეკითხვებზე, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ:

- გარკვეულ ჯგუფებს სურდათ, ხელისუფლებას ჩახუტებოდნენ და ისევ ის თამაშის წესები დარჩენილიყო, რაც მანამდე იყო - ხელისუფლებასთან მეგობრობით მოეპოვებინათ წარმატება. რადგან ჩემი ფუნქცია ხელისუფლებისა და ბიზნესის ერთმანეთისგან გამიჯვნა გახლდათ, ცხადია, ამგვარი ჯგუფებისთვის ბარიერი ვიყავი, ერთგვარი საფრთხობელა ბოსტანში. ჩემი ჩამოშორება მათთვის სასაცილოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

ხელისუფლებიდან წამოსვლის შემდეგ დავიწყე კვლევა, თუ რა იდგა ამ კამპანიის უკან. მაქვს ფაქტები, თუ როგორ ხდებოდა შეკვეთების მიცემა, ვინ იყო დამკვეთი თუ შემსრულებელი.


- ვინ იყო დამკვეთი და შემსრულებელი?

- არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო და ეს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადავიდეს. არცთუ შორეულ მომავალში ამ საკითხებთან დაკავშირებით შედგება სასამართლო პროცესი, სადაც სრულ სიმართლეს ვიტყვი. მოწმეებიც მყავს და ფაქტობრივი მასალაც გამაჩნია. სხვათაშორის, ამ კამპანიის ერთ-ერთი მონაწილის და შემსრულებლის - ლაშა ამირეჯიბის წინააღმდეგ სარჩელიც მაქვს შეტანილი სასამართლოში. მინდა, საქართველოში შეიქმნას პრეცედენტი,რ ომ ცილისმწამებლური განცხადებებისთვის ადამიანები დაისჯებიან. 21-ე საუკუნეში ადამიანის სიტყვით მოკვლა ბევრად უფრო ადვილი, ვიდრე სხვა ხერხებით. სამწუხაროდ, ჩამოყალიბდნენ პროფესიონალი მედიაქილერები, რომლებიც ასეთ დაკვეთებს ასრულებენ.


- ალბათ, ჟურნალისტ ელისკო კილაძის მიერ გამოქვეყნებულ მამხილებელ მასალებს გულისხმოთ, სადაც რკინიგზაში თქვენს 5-ათასლარიან რჩევებზე იყო საუბარი...

- რკინიგზის მრჩეველი ნამდვილად ვიყავი და ხელფასიც მქონდა, მაგრამ არა 5 ათასი ლარი, როგორც ამას ელისო კილაძე წერს. ეს საჯარო ინფორმაცია იყო... რაღაცით ხომ უნდა მეარსება და სწორედ რკინიგზაში მქონდა ხელფასი. ივანიშვილის ხელისუფლებაში საზოგადოებრივ საწყისებზე ვიყავი...

ყველაფერი, რაც ჩემს ბიზნესინტერესებზე და წილებზე ითქვა, არის ბინძური ტყუილი. ეს მარტივი გადასამოწმებელია და ვთხოვ პროკურატურას, ყველაფერი, რაც ჩემს წინააღმდეგ ამ ერთი წლის განმავლობაში გაჟღერდა, დროულად იქნას გამოძიებული. თუ ჩემი მცირე კავშირიც კი დადასტურდება რომელიმე ბიზნესთან, მზად ვარ, პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით ვაგო. დღეს ხელისუფლებაში აღარ ვარ და, შესაბამისად, ვერანაირ ბერკეტს ვერ გამოვიყენებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რადგან არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ვთხოვ პროკურატურას, გადაამოწმოს, მაქვს თუ არა წილი რომელიმე ბიზნესში!

ჩემი ყველა ქმედება და ნაბიჯი შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების საფუძველზე მხოლოდ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარეობდა. სხვათაშორის, რკინიგზაში მრჩევლების პერიოდში არაერთ საკითხზე მისაუბრია პრემიერთან, მათ შორის, გადაზიდვებთან დაკავშირებითაც. ამ მიმართულებით რკინიგზაში სერიოზული პრობლემები იყო შექმნილი და მის დალაგებაში მეც ვიღებდი მონაწილეობას. ეს არ გახლავთ უბრალო ბიზნესი, ეს არის საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქცია.


- პროკურატურას, სავარაუდოდ, თქვენს წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელის განხილვა მოუწევს, რომელიც ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად შეიტანა პროკურატურაში...

- თავის დროზე, როგორც ბადრი პატარკაციშვილის მეგობარს, თავად ვანო ჩხარტიშვილმა მომმართა თხოვნით, დავხმარებოდი პატარკაციშვილის ოჯახთან ურთიერთობის დალაგებაში. ეს საქმე სახელმწიფოებრივადაც მნიშვნელოვანი იყო, რადგან დავა საქართველოს ფარგლებს სცილდებოდა. ამ მიმართულებით ჩემს ოფისში მხოლოდ ერთი ლეგალური შეხვედრა მოეწყო, რომელსაც ორივე მხრიდან სამ-სამი წარმომადგენელი ესწრებოდა. ჩანაწერებში ჩანს, რომ აბსოლუტურად ნეიტრალური პოზიცია მეჭირა. მათ შუალედური ვარიანტი შევთავაზე, მაგრამ უარი განაცხადეს, რის შემდეგაც ხმამაღლა ვთქვი, რომ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია და პროცესიდან გავდივარ-მეთქი.


- რატომ იწერდით შეხვედრას?.. ხალხს ამ ფაქტმა „ნაციონალების" კარგად ნაცადი ხერხი გაახსენა...

- იმის გამო, რომ იქ იყვნენ მხარეები და არა პროცესის უშუალო მონაწილეები, ვალდებული ვიყავი, სტენოგრამა გამეკეთებინა და მხარეებისთვის გადამეცა. პრობლემა იმ შემთხვევაში შეიძლებოდა შექმნილიყო, ჩანაწერი რომ გამესაჯაროებინა ან მესამე პირისთვის გადამეცა. ყველაზე აბსურდული, იცით, რა არის? დღეს დიმიტრი გაბუნია აპროტესტებს იმას, რომ ჩანაწერი მისივე მარწმუნებელს, ანუ ვანო ჩხარტიშვილის წარმომადგენელს გადავეცი. ვვარაუდობ, ისინი ამ ჩანაწერის დისკრედიტირებას ცდილობენ, რადგან დღეს ჩხარტიშვილის მხარე ამტკიცებს, რომ საერთოდ არანაირი ვალდებულება არა აქვს პატარკაციშვილის ოჯახის მიმართ. არ სურთ, ეს ჩანაწერი მტკიცებულებად იქნას გამოყენებული. პირადად მე, დღესაც მზად ვარ, ეს ჩანაწერი გავასაჯაროო, მაგრამ საქმეც ის არის, რომ ამის უფლება არა მაქვს. გარდა ამისა, გულწრფელად გეუბნებით, არ მინდა, პოლიტიკური პიარისთვის გამოვიყენო ეს ფაქტი. უკვე შეგუებული ვარ იმას, რომ პოლიტიკის გამო, ბევრი უსამართლობა ვიწვნიე... კანი ძალიან გავისქელე... სამწუხაროა, რომ დიმიტრი გაბუნიამ მთელი ადვოკატთა კორპუსი გასვარა და ჩაითრია გაუგებარ კამპანიაში. ცრუ დასმენის გამო მის წინააღმდეგ სარჩელი უკვე შევიტანე... თუ მე ვემუქრებოდი, ოთხი თვის შემდეგ გადაწყვიტა ამის თქმა? კარგით, ვთქვათ, ეშინოდა ჩემი ლეგენდარული ძლევამოსილების, მაგრამ დღეს თვითონ კი არ წავიდა საჩივლელად პროკურატურაში, შეეცადა, მთელი ადვოკატთა ასოციაცია ჩაერთო! თუ თვითონ იყო დაზარალებული, მას მოეთხოვა პასუხი. ეს არის პოლიტიკური კამპანია და მე ამას აუცილებლად დავასაბუთებ.


- „ასავალ-დასავალში" გაკეთებულ თქვენს განცხადებას ირაკლი ღარიბაშვილთან მეგობრულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. როგორც ირწმუნებიან, ირაკლი ღარიბაშვილთან არათუ მეგობრული ურთიერთობა, არამედ, ცხარე კამათიც კი მოგსვლიათ...

- არც ირაკლის აქვს ბიზნესინტერესები და არც მე, რა უთანხმოება უნდა მოგვსვლოდა?! სისტემური პრობლემა ჩვენს შორის არ არსებობს. კამათი კი ყველასთან მომდის, ერთხელ ნაჩხუბარი ყველასთან ვარ, ვინც კოალიციაში იყო. სერიოზული დისკომფორტის შემქმნელი ვიყავი. რა ვქნა, ასეთი მძიმე ბუნება მაქვს. ჩემი და ღარიბაშვილის ურთიერთობა ჩვენი საქმეა, სხვებმაც წერონ და იკითხონ, რამდენიც უნდათ...


- ბატონო გია, ალბათ მიხვდით ჩემი წინა შეკითხვის ქვეტექსტს... აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ „რუხი კარდინალი", რომელიც „პიქსელის" შენობიდან წილების გადანაწილებასთან დაკავშირებით განკარგულებებს იძლეოდა, ჩამოიცილა...

- ხელისუფლებიდან წამოსვლა ჩემი არჩევანი იყო. სისულელეა იმის თქმა, თითქოს კონფლიქტი მოხდა და ხელისუფლებიდან გამომიშვეს. ეს არის აბსოლუტური ტყუილი! ჩემი ყველა ქმედება და ნაბიჯი „ჰიქსელის" თკ ნებისმიერ სხვა შენობაში ბოლო სიტყვამდე შეთანხმებული იყო...


- ვისთან იყო შეთანხმებული, ივანიშვილთან?

- ...არც ერთი ნაბიჯი საკუთარი ინიციატივით, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე არ გადამიდგამს. სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებით, კი ბატონო, მისაუბრია. რკინიგზა, როგორც სახელმწიფო კომპანია, მომსახურებაში არ იღებდა კუთვნილ შემოსავალს, ეს თანხა კერძო ჯიბეებში მიდიოდა. აქ სამართლიანობა აღდგა. რკინიგზის მიერ გაწეული მომსახურებიდან 10-12 მილიონი, რომელიც კერძო პირთა ჯიბეებში იქაჩებოდა, დღეს სახელმწიფო ბიუჯეტში შედის. თუ ამას ვინმე ბიზნესგადანაწილებას ეძახის, კი ბატონო...


- სხვათა შორის, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ, შესაძლოა, გია ხუხაშვილი ახლო მომავალში დაკითხვაზე დაიბარონ...

- რა პრობლემაა... ნაკლებად სავარაუდოა, მარამ, თუ პროკურატურას კითხვები ექნება ჩემს მიმართ, ცხადია, ვუპასუხებ, პირიქით, მაქსიმალურად დავეთანხმები. ეს ჩემთვის მინუსი არ არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ პროკურატურას რაიმე ინფორმაციის მიღება სურს ჩემგან, მზად ვარ.

„რუხი კარდინალი" არ ვყოფილვარ! ეს მითია! არასერიოზულია იმის თქმა, თითქოს მე ვიღებდი გადაწყვეტილებებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში ჩემს სიტყვას წონა ჰქონდა. ჩვენი ურთიერთობებიდან გამომდინარე, მქონდა სიტყვის თქმის საშუალება, მაგრამ ცალსახად გეტყვით, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არ ვმონაწილეობდი, მეტიც, არჩევნების შემდეგ პოლიტსაბჭოში მონაწილეობა არ მიმიღია, თუმცა, რა თქმა უნდა, ინდივიდუალური კონსულტაციები იმართებოდა ქვეყნის პირველ პირებთან. ივანიშვილთანაც მქონდა კონსულტაცია, ღარიბაშვილთანაც და უსუფაშვილთანაც. როდესაც გადაწყვეტილებას იღებდნენ, ჩემი აზრიც აინტერესებდათ.


- დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ ივანიშვილთან?

- ჩვენი ურთიერთობა დღეს უკვე ჩვენი პირადი საქმეა, აღარ არის დაკავშირებული არც პოლიტიკასთან და არც სახელმწიფოსთან! მაშინ ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობა საქმიანობით იყო განპირობებული... ცხადია, დღეს ისეთი ხშირი ურთიერთობა არ გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მენატრებიან დათო უსუფაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და სხვები, ჩემს თავს მათთან კომუნიკაცია ავუკრძალე. თუ გინდა, ხელისუფლების კრიტიკის უფლება მოიპოვო, მასთან კომუნიკაცია უნდა შეწყვიტო.



ესაუბრა ნატო ფიცხიშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016