„ქვემო ქართლის ტელეკომპანიას" და ტელე-რადიო კომპანია „რიონს", „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ" სანქცია არალიცენზირებული მხატვრული და ანიმაციური ფილმების საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განთავსების გამო დააკისრა.
„საქართველოს რეგიონალურ მაუწყებელთა ასოცოაციის" აღმასრულებელი დირექტორის ნათია კუპრაშვილის განცხადებით, სანქცია სიტყვიერი იყო, თუმცა განმეორების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, ტელეკომპანიებს ჯარიმის გადახდა დაეკოსროთ.
„ამ ტელეკომპანიებმა მიიღეს ზეპირი გაფრთხილება, რაც არის კანონმდებლობის მიხედვით სანქციის ერთ-ერთი სახე. სიტყვიერად გააფრთხილეს ეს ტელეკომპანიები, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს. მსგავსი დარღვევები შესაძლოა იყო მათ არხებზე, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ დაარღვიეს საავტორო უფლება. თუმცა, თუ იგივე განმეორდება, არ არის გამორიცხული, მიიღონ ჯარიმა", - განაცხადა ნათია კუპრაშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას.
მისი თქმით, აღნიშნული იმ ტიპის დავაა, რომელსაც კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ უნდა განიხილავდეს, ვინაიდან ქვეყანას გააჩნია საავტორო უფლებების დამცავი კანონმდებლობა, რომელიც ცალსახად აწესებს, რომ მსგავსი დავა უნდა განიხილოს სასამართლომ, უფლებამოსილი პირების მეშვეობით.
„არ შეიძლება ორგანიზაცია, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი, ერთდროულად ორი უწყების მიერ ისჯებოდეს. ამ შემთხვევაში, ჩვენ საქმე გვაქვს ფაქტთან, სადაც რამდენიმე უწყება ტელევიზიებს ეჭვის საფუძველზე სანქციას აძლევს. მსგავსი დავების განხილვა სასმართლოს პრეროგატივაა და მას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია არ უნდა განიხილავდეს. ეს არ არის მხოლოდ „რიონის" და „ქვემო ქართლის" პრობლემა, ეს ზოგადად მედია-სივრცის პრობლემაა, რომელიც ერთიანადაა მოსაგვარებელი", - განმარტა ნათია კუპრაშვილმა.
„საქართველოს რეგიონალურ მაუწყებელთა ასოცოაცია" „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის" ზემოთღნიშნულ განცხადებას სასამართლოში გაასაჩივრებს.