ნათლისღების დღესასწაულზე, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 34-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. პატრიარქის ნათლული კიდევ 610 ბავშვი გახდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 610 ჩვილი გახდება. მონათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა, სახარება, სანთლები და ჯვარი გადაეცემათ. ნათლობა ტაძარში 17.00 საათის შემდეგ დაიწყება.
ნათლობის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 20:00 საათის შემდეგ, ტაძარში პატრიარქი მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.
დღეისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 19 136 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების ოჯახში მესამე და მომდევნო შვილები არიან. 33-ე საყოველთაო ნათლობა 19 დეკემბერს გაიმართა. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა კი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.
კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივის მიზანი, ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.