„არსებობს საფრთხე, რომ რუსეთმა აფხაზეთში საკუთარი სტრუქტურების იმფილტრაცია უფრო დიდი მასშტაბით მოახდინოს,"- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკმა, ე.წ. საზღვართან დაკავშირებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის დადგენილების შეფასებისას განაცხადა.
„ეს ახლოსაც არ არის კანონიერებასთან. ეს ოკუპაციის ერთ-ერთი ნიშანია. არ მგონია, ეს ასე დარჩეს, მაგრამ საფრთხე ოკუპაციის გაღრმავების რასაკვირველია არსებობს. ოლიმპიადა იქნება თუ არა, რუსეთი კიდევ ერთხელ ეცდება, რომ თავისი სტრუქტურების და არა მარტო სამხედრო, არამედ ეკონომიკურ-პოლიტიკური სტურქტურების იმფილტრაცია უფრო დიდი მასშტაბით მოახდინოს," - განაცხადა გია ვოლსკმა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზური მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის დადგენილების თანახმად, გაგრის რაიონის სასაზღვრო ტერიტორია, რუსეთის ფედერაციიდან ოკუპირებული აფხაზეთის სიღრმეში 11 კმ. შეიწია, ანუ საზღვარი მდინარე ფსოუდან აფხაზეთის სიღრმეში, ბაგრიპშის დასახლებულ პუნქტამდე გადაიწია. აღნიშნული ზონა 8 დასახლებულ პუნქტრს მოიცავს, ბაგრიპში, ხაშსი, ხიშხა, მახადირი,მკლიალრიპში, ლაპსტახა, გიაჩრიფში და ცანდრიპში.