საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა დელეგაცია იმყოფება. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობებისა და წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტების მრჩეველთა ჯგუფები თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და მისმა მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა მიიღეს.
როგორც „რეპორტიორს“თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წარმომადგენლებს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ალასანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სენატის მიერ შემუშავებელი რეზოლუცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას.
„დღევანდელი შეხვედრები კონგრესის წარმომადგენლებთან არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ, რომ ეს საჯარო მოხელეები გადაწყვეტილებებს ამზადებენ კონგრესში. ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების თითქმის მთელ სპექტრზე. განსაკუთრებით, თავდაცვითი შეიარაღების და საშუალებების გაზრდაზე, ამერიკის შეერთებული შტატების როლზე, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე, კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, რაც საქართველოს მისცემს საშუალებას, ჰყავდეს არმია, რომელსაც ექნება შემაკავებლის ფუნქცია. ასევე, ვილაპარაკეთ ჩვენს ნატოში გაწევრიანებაზე, წლევანდელი წლის ნატოს სამიტზე, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ექნება უპირობო მხარდამჭერი პოზიცია საქართველოს სამომავლო გაწევრიანების და იმ ინსტრუმენტების მიღების, რომელიც საქართველოს დაეხმარება სრულფასოვან ინტეგრაციაში“, - აღნიშნა ალასანიამ.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტის მრჩეველთა ჯგუფი ეროვნულ სასწავლო ცენტრს „კრწანისს“ ესტუმრნენ და ცენტრის შესაძლებლობებს გაეცნენ.