reportiori.ge - ავსტრალიის მზემ სერენას მზე დროებით ჩაასვენა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:19
სპორტი
ავსტრალიის მზემ სერენას მზე დროებით ჩაასვენა
21 იანვარი, 2014. 13:17

წლის პირველი საჩოგბურთო დიდი სლემი, ავსტრალიის ღია ჩემპიონატი, ფინიშის სწორზე გავიდა. გამოვლინდნენ პირველი ნახევარფინალისტები, თუმცა მანამდე მცირე ლირიკურ გადახვევას გავაკეთებ. ბოლო ხანს ქალებში ყველგან და ყველაფრის მომგებმა სერენა უილიამსმა შეჯიბრის დაწყებამდე განაცხადა, წელს ოთხივე დიდი სლემის მოგებას ვაპირებ და ასე უნდა დავასრულო კარიერაო, არადა, „ძალიც შესწევს ქადილისა", თუ ჯანზეა (ეს კი უხვად აქვს), მგონი კაცებშიც ბევრი ვერ დაუდგება წინ; ავსტრალიაში ერთი თვით ადრე ჩასულმა ორი ტურნირი ისე მოიგო სერიოზული წინააღმდეგობა არ შეხვედრია, მაგრამ მელბურნში მასაც და ყველა დანარჩენსაც დიდი სიურპრიზი დახვდა. მოგეხსენებათ, ახლა მწვანე კონტინენტზე ზაფხულია და ისიც იცით, რომ ეკვატორს ქვემოთ მდებარე ამ კუნძულ-მატერიკზე გვარიანი სიცხეები იცის, მაგრამ ასეთს არავინ ელოდა: 42-45 გრადუსი ცელსიუსით - ნამეტანია. უკვე პირველ წრეში იყო თავის ტკივილები, ზედ კორტზე გულის არევა და ცუდად გახდომა. შედარებით უკეთეს მდგომარეობაში არიან სერენას მსგავსი ბობოლები: რადგან სულ ცენტრალურ კორტებზე უწევთ გამოსვლა და მელბურნშიც მხოლოდ ამ ორ მოედანს აქვს გადახურვა, თუმცა დიდი შვება არც ესაა, ჰაერი ისე იხუთება ჩოგბურთელებს ყინულიანი საფენებით ასულიერებენ.


ახლა, გადავიდეთ მთავარზე: მთავარი კი ისაა, რომ თუ კაცებში დიდი ოთხეულისა და ზოგადად ათეულის წევრები დაგეგმილ მერვედფინალში გავიდნენ (გამონაკლისი არგენტინელი ხუან მარტინ დელ-პოტროა), ქალთა ნახევარფინალში სავარაუდოდ ორი განუთესავი შეიძლება ვიხილოთ.


ჩეხი პეტრა კვიტოვა ადრეულ სტადიაზე გამოაკლდა ამქარს, მალე მას მიჰყვნენ სარა ერანი, მარია შარაპოვა და თვით სერენა უილიამსიც. ამ ორი უკანასკნელის მარცხი ცოტა გასაკვირია. სლოვაკი დომინიკა ციბულკოვა არ შეეპუა რუსის ტიტულებს და  სამ სეტში ჩრდილში დასასვენებლად გაისტუმრა. სერენას ერთ დროს პირველმა ჩოგანმა ანა ივანოვიჩმა მოუღო ბოლო, მაგრამ იმდენი ენერგია შეალია, მეორე დღეს თავად წააგო 19 წლის კანადელ ბუჩართან, რომელიც ამ დონის ტურნირებზე პირველად მოხვდა ძირითად ბადეში და პირდაპირ ნახევარფინალში „ჩახტა". მეორე ნახევარფინალისტი ბოლო ხანს ძალიან სტაბილურად მოასპარეზე ჩინელი ლი ნაა, რომელიც ორჯერ უკვე იყო ავსტრალიის ღიას ფინალში, თუმცა უმაღლეს ჯილდოს ჯერ ვერ შესწვდა. მესამე წრეში ეკატერინა მაკაროვასთან შეხვედრის შემდეგ რუსმა ინტერვიუში აღნიშნა - ასე მეგონა რობოტს ვეთამაშებოდიო.


ჩინელი მართლაც ძლიერად გამოიყურება და გამარჯვების ერთ-ერთი კანდიდატიც გახლავთ. მეორე კი, შარშანდელი ტრიუმფატორი, ბელორუსი ვიქტორია აზარენკაა, რომელსაც შედარებით იოლი ბადე ჰქონდა და ჯერ სერიოზული წინააღმდეგობა არ შეხვედრია. კარგად გამოიყურება პოლონელი აგნეშკა რადვანსკა, რომელმაც გასული წლის აღმოჩენას ესპანელ გარბინ მუგურუზას გადაუკეტა ნახევარფინალისკენ მიმავალი გზა. ეს უკანასკნელი ისე სწრაფად პროგრესირებს, ძალიან მალე „დაიქუხებს". ავსტრალიაშიც მოახერხა ერთი-ორი ბობოლას გამწარებაც (მარტო კაროლინ კოზნიაცკის სახელ-ტიტულები რად ღირს), და მეტის მისაღწევად უბრალოდ „დენთი" არ ეყო.


კაცებში, როგორც მოგახსენეთ, ყველაფერი „გეგმის მიხედვით" მიდის, თუ არ ჩავთვლით ავსტრალიაში მუდმივად ცუდად მოასპარეზე დელ-პოტროსა და დავიდ ფერერს. ნადალს ჯერჯერობით მხოლოდ იაპონელმა ნიშიკორიმ „აუშალა"  ცოტა ნერვები, თუმცა სიძნელეები ახლა ეწყება, რადგან მის მხარეს არიან ენდი მარიც და როჯერ ფედერერიც.


ნოკავ ჯოკოვიჩი მშვიდად მიიწევს წინ და თუ შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკას ბარიერი გადალახა (და ალბათ ასეც იქნება), ფინალში როგორც ამბობენ „მაყვლის ჭამით" შეისეირნებს. იქ, კი მასავით დიდი და უფრო სახელიანი სამეულიდან ერთ-ერთი დახვდება.


 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016