reportiori.ge - გახმაურებული სკანდალის გაუხმაურებელი დეტალები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 07:45
პრეს-დაიჯესტი
გახმაურებული სკანდალის გაუხმაურებელი დეტალები
ავტორი:
21 იანვარი, 2014. 17:25

ბოლო დღეების გახმაურებული სკანდალის მთავარი პერსონა, გლდანის ციხის ყოფილი პატიმარი, გოდერძი ჯოლოხავა, „ქრონიკა+"-მა მეგობრების დახმარებით იპოვა და პროკურატურაში ჩვენების მიცემამდე ინტერვიუზე დაითანხმა. მკითხველს შევახსენებთ: გოდერძი ჯოლოხავამ ციხიდან განთავისუფლების შემდეგ სკანდალური ინტერვიუ მედიაკავშირ „ობიექტივის" ხელმძღვანელს, ირმა ინაშვილს მისცა. მისივე დახმარებით ის იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და მაშინდელ მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილსაც შეხვდა. ჯოლოხავას განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. მან გამოძიებასთან ითანამშრომლა და ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებაც მისცა. ერთი წლის თავზე ბაჩანა ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა, გაავრცელა გოდერძი ჯოლოხავას ინტერვიუ, სადაც ის ირმა ინაშვილსა და თეა წულუკიანს ზეწოლაში ადანაშაულებს. ოველივე ამის შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად, გოდერძი ჯოლოხავა ისევ გამოჩნდა. მან ამჯერად ბაჩანა ახალაიას მეუღლე და მეგობრები დაადანაშაულა ზეწოლაში. რა მოხდა სინამდვილეში? როდის ამბობს სიმართლეს და როდის იტყუება გლდანის ციხის ყოფილი პატიმარი? შეცვალა თუ არა გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება და როდის?

ამ და სხვა კითხვებზე „ქრონიკა+"-ს გოდერძი ჯოლოხავამ უპასუხა.

 


- დავიწყოთ თავიდან: როგორ აღმოჩნდი პირველად მედიაკავშირ „ობიექტივში", სადაც სკანდალური განცხადებები გააკეთე?

- რაც ციხიდან გავთავისუფლდი, იმის მერე ვეძებდი ისეთ პიროვნებას, ვინც თეა წულუკიანთან ან არჩილ კბილაშვილთან დამაკავშირებდა, რომ პირადად მათთვის მომეყოლა ყველაფერი, რაც ციხეში თავს გადამხდა.


- რომელ წელს განთავისუფლდი და რომელი ციხიდან?

- 2013 წლის 2 თებერვალს გლდანის მერვე საპყრობილედან.


- რადმენი წელი გაატარე ციხეში და რატომ იხდიდი სასჯელს?

- გლდანის საპყრბილეში გავატარე ორი წელი და სამი თვე. გამასამართლეს 180-ზე მუხლით. მეგობართან ერთად ვიყავი კინოს სახლში პოლიტპატიმრების შეკრებაზე, მაშინ გავიცანი ირმა ინაშვილი, სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკემ გამაცნო. მას ჩემი გასაჭირი მოვუყევი და გადავეცი კონკრეტული ფაქტები.


- რას ეხებოდა ეს ფაქტები?

- ეს ეხებოდა გლდანის ციხეში ჩემს წამებასა და დავალებებს. პატიმრებზე, რომლებიც ჩემთან ისხდნენ (პირველ შემთხვევაში ეს იყო პოლიტპატიმარი ჯემალ გუნდიშვილი)/ უნდა მომეხდინა ზეწოლა, რათა მათგან მიეღოთ სასურველი ჩვენება. ეს იყო პატიმარი ყინწვისის ცნობილი საქმიდან. მეორე იყო მერაბ ყოლბაია, „კოჭოია". ამ ორ პატიმართან მქონდა შეხება...


- როგორ გაიძულა ციხის ადმინისტრაციამ თანამშრომლობაზე დათანხმებაპ? კომპრომატების თუ ფიზიკური ზეწოლის გამოყენებით?

- თავიდან ოლეგ ფაცაცია გამეცნო, მეზობელი სოფლიდან იყო სამეგრელოში. მე წალენჯიხის რაიონის სოფელ მიქავადან ვარ, ეგ კიდევ მუხურიდან. მან მითხრა, თუ ვითანამშრომლებდი ადმინისტრაციასთან, პირობებს გამიუმჯობესებდა. დავთანხმდი. რამდენიმე ხნის მერე გადამიყვანა საკანში, სადაც იჯდა პატიმარი მალხაზ ქარსელაპძე. გამაცნო, ჩემი მეგობარიაო და იმედი მაქვს, იძმაკაცებთო. გვითხრა, - თუ რამე დაგჭირდებათ, სასმელ-საჭმელი, არ მოგერიდოთო. ამის შემდეგ ფაცაციამ მითხრა, - ყინწვისის საქმეზე არიან დაკავებულებიო, ერთ-ერთი პატიმარი არის ხანში შესული, ვერ ეგუება ციხეს, ხუთი შვილის მამაა, მაგასთან ერთად უნდა გადაგიყვანო, კიდევ უფრო უკეთეს პირობებში იქნებიო. მანამდე მე ვუთხარი ოლეგს, - ეს ქარსელაძე, მგონი, ჩვენიანი არ არის, იტყუება რაღაცებს, გადაიყვანე სხვაგან და გუნდიშვილს მე მარტო მივხედავ-მეთქი. ასეც მოხდა. ფაცახიამ მომთხოვა, გუნდიშვილზე განმეხორციელებინა ზეწოლა, რომ მას სასურველი ჩვენება მიეცა. ამ დროს ოლეგ ფაცაციამ შემახვედრა ბაჩო ახალაიას. ბაჩომ მითხრა, - რა პრობლემა გახდა ეს ყინწვისის საქმე, თუ ამას შეასრულებ, მეორე დღესვე „სვაბოდაზე" იქნებიო. მისი დავალებით განვახორციელე ზეწოლა გუნდიშვილზე. ბაჩომ მითხრა, - თუ არ შეგიძლია, ისიც მითხარიო. მე უარის თქმის შემეშინდა. ამ დროს ბაჩანა ახალაიამ მოატანინა ვიდეოკამერა და მითხრა, - ნახე, როგორ ვექცევით იმ ადამიანებს, რომლებიც გვატყუებენო: კადრებში შიშველი პატიმრები ძირს ეყარნენ და მათ „დუბინკით" აუპატიურებდნენ. სხვა კადრებში იყო თავზე პარკჩამოცმული პატიმრები, ვინც თანხმდებოდა, ასულიერებდნენ, ვინც არა, - გაისტუმრებდნენ. ბაჩომ მითხრა, - შენ ჩვენ ვერმოგვატყუებ, გამორიცხულიაო. იქვე ისიც მითხრა, - თუ გუნდიშვილის შესაშინებლად დაგჭირდება, დანასაც მოგცემს ოლეგის ოფიცერიო. დავბრუნდი საკანში. იქ ვთქვი, რომ ექიმთან ვიყავი გაყვანილი. უნდა მემოქმედა, რაც დამავალას, იმის მიხედვით. სისტემატურად ვახორციელებდი გუნდიშვილზე ზეწოლას. ქარსელაძის გადაყვანამდე კიდევ ფული მოვუგეთ, თავანი ექნებოდა ჩასაბარებელი, ციხეში ფულს ვერ შემოიტანდა, აიმტომ უნდა ეთქვა ჩვენთვის, რომ თავანს ისტუმრებდა იარაღით, რომელიც დამარხული ჰქონდა. ასე უნდა გვეპოვა ყინწვისის საქმეზე იარაღი.


- როგორ დამთავრდა ჯემალ გუნდიშვილთან თქვენი ურთიერთობა?

- გუნდიშვილისგან უნდოდათ ასევე ჩვენების მიღება მეუფე იობზე. მე მას ვთხოვე, - იქნებ, ოფიცერს უთხრა, რომ ვერ ეგუები ჩემთან ყოფნას და სხვა საკანში გადაყვანა მოითხოვე-მეთქი. ამის შემდეგ ოლეგს ვუთხარი, - სასულიერო პირებზე ამას ვერ გავაკეთებ და დამეხმარე, სხვა საკანში გადამიყვანე, იქ შევასრულებ ნებისმიერ დავალებას-მეთქი. გადამიყვანეს, ამჯერად უკვე „კოჭოიასთან". იმ საკანში რომ შევედი, „კოჭოიას" მაგივრად სხვა ამეცნო - მალხაზ ქენქაძე. „კოჭოია" მოგვიანებით მოიყვანეს. იმასაც გაუხარდა, მეგრელი რომ ვიყავი. ვილაპარაკეთ, ვურჩიე, - თავს რატომ იკლავ, ყველაფერს ეშველება-მეთქი. მას მიცემული ჰქონდა აღიარებითი ჩვენება, იწყებოდა სააპელაციო სასამართლო და აპირებდა ჩვენების შეცვლას. ვურჩიე, რომ არ შეეცვალა ჩვენება. „კოჭოიას" საქმეზე მეგის ქარდავასთან ერთად ორჯერ შემხვდა ბაჩო ახალაია. მის შესაშინებლად ბაჩომ მითხრა, სხვები ჩაშვებული ჰყავს, აღიარა, რა აზრი აქვს ჩვენების შეცვლას, ზონაზე მაინც გაუსწორდებიანო. პირველ რიგში, საჭირო იყო სასურველი ჩვენების მიცემა სააპელაციო სასამართლოში. როცა პროცესი დაიწყო, „კოჭოიას" აკითხავდა პროკურატურა, ის დაჰპირდებოდა, სასურველ ჩვენებას გაძლევთო, მერე კი, როცა სასამართლოზე მივიდოდა, ეგრევე იტყოდა, - ზეწოლის შედეგად მიმაცემინეს ჩვენებაო. გადაიდებოდა პროცესი, მის დაბრუნებამდე ციხეში პნროკურატურა მოდიოდა და იწყებოდა თავიდან. სწორედ ამ დროს შემოვიდა დათო საყვარელიძე. „კოჭოია" აცხადებდა, რომ მას ასევე აწამებდა დავით საყვარელიძე, ის იყო დაჭერილი, 8 ადგილას ჰქონდა ნატყვიარი და საყვარელიძე ჭრილობაში პასტებს ურჭობდა. ეს ხდებოდა „რეზბალნიცაზე". „კოჭოია" აცხადებდა, რომ მას პროკურატურის თანამშრომლები სცემდნენ და აწამებდნენ. ჩემი ცემაც დათო საყვარელიძემ დაუკვეთა.


- იცი, რომ ნამდვილად დათო საყვარელიძე იყო? საიდან იცნობდი?

- თავიდან არ ვიცოდი. შემოვიდა და ჩემი თავი აცემინა, - ამ გველის წიწილის ბრალია, ჩვენებას რომ ცვლის „კოჭოია" სასამართლოზეო, ამან ასწავლაო. ამის გამო მცემეს და „კარცერში" ჩამაგდეს, ოთხი დღე შიშველი ვეგდე. ეს მოხდა დათო საყვარელიძის დავალებით. ფეხები მაგიდაზე ჰქონდა შემოწყობილი და როცა მცემდნენ, სიამოვნებას იღებდა. ამის შემდეგ, „კარცერსაც" რომ მოვრჩი, მითხრეს, - შენ ისე გაგიხდით საქმეს, რომ პატიმრები მოგიშორებენ თავიდანო, ზონაში კრიმინალური გარჩევის მსხვერპლი გახდებიო. ამასობაში ციხის კადრებიც გასაჯაროვდა და პატიმრებს გვეშველა...


- მკაფიოდ მითხარი, ირმა ინაშვილისგან იყო თუ არა ზეწოლა შენზე, ან ხომ არ ყოფილა ფინანსური დაინტერესება შენი მხრიდან, რომ ახალაიას წინააღ      მდეგ ჩვენება მიგეცა?

- არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. ირმამ თეა წულუკიანთან მიმიყვანა, იქ ყველაფერი მოვყევი, რა და როგორ იყო. გადამამისამართა კბილაშვილთან. მეორე დღეს დამიბარეს ჩვენების მისაცემად და დამკითხეს მოწმის სტატუსით. დაკითხვამდე თავს დამესხნენ ავლაბარში, ერთი კაცი იყო, ორად ორი სიტყვა მითხრა, - შვილი თუ გიყვარს, ენას კბილი დააჭირეო. მე ჩვენება მაინც მივეცი.


- ამიხსენი, ჩვენების მიცემის შემდეგ როგორ აღმოჩნდი კავშირზე ახალაიას მეგობრებთან?

- აპრილია, ჩამოვდივარ სადარბაზოსთან ფონიჭალაში. შევნიშნე, რომ მანქანა დგას. მანქანიდა:ნ ვიღაც მეძახის, - გოდერძი, როგორ ხარ, ბიჭოო? შუშა ჩამოწეულია, ვიცანი სახეზე გიგი კალანდაძე.


- როგორ იცანი, ადრე იცნობდი?

- ტელევიზორში მყავდა ნანახი. მითხრა, დაჯე მანქანაშიო და ჩავჯექი.


- იცოდი, რომ გიგი კალანდაძე ბაჩო ახალაიასთან ერთად რამე საქმეში იყო? მანქანაში რატომ ჩაუჯექი?

- კონკრეტულად ახალაიას საქმეზე თუ იყო, არ ვიცოდი, მაგრამ რაღაც სამხედრო საქმე რომ ფიგურირებდა გამოძიებაში და გენერალი იყო, ვიცოდი. თან იმის იმედი მქონდა, ჩემს სახლთან ბავშვებიქ ჰყავდა ხალხს, ბევრი ადამიანი ტრიალებდა. ამიტომ არ შემეშინდა.

- რა მანქანა იყო?

- შავი „მიცუბიში", ჯიპი...

- ნომერი იცი?

- ნომერი არა.


- კალანდაძე მარტო იყო მანქანაში თუ ახლდა ვინმე?

- კალანდაძე წინ იყო. საჭესთან იჯდა ჩემთვის იმ დროისთვის უცნობი პირი. კალანდაძე მეუბნება, - რა ხდება, ბიჭო, ცოტა უფრო ჭკვიანი მეგონეო, ეს რაებს აკეთებო? - რასთან დაკავშირებით მეკითხები, ბატონო გიგი-მეთქი? - ასე მივმართე ზუსტად. - ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება რომ მიეცი, რამ მიგაცემინა ეს ჩვენებაო? სიმართლეც რომ ყოფილიყო, ჭკვიანი კაცი ამას არ იზამდაო. მანქანა ცოტა მოშორებით გადავაყენეთ. ამ ლაპარაკში გიგი კალანდაძემ მითხრა, - ახლა ისეთ რამეებს გაჩვენებ, დაგაინტერესებსო. ამოიღო და მაჩვენა ჩემი სატელეფონო კავშირები, ვისთან ვლაპარაკობდი. - ჩვენ კიდევ გვაქვს ამის ბერკეტები, შენ რა გგონია, ეს ხელისუფლება დროებითაა მოსული, მიშა დაბერტყავს, პარლამენტი დაიშლება და აქ ისევ ჩვენ ვიქნებითო. შენთვის კარგი რომ გვინდა, იმიტომ გელაპარაკებიო. ამონაწერის მერე მანახა ჩემი შვილისა და ძმისშვილის სურათები, - ესენი თუ გიყვარს, ასეთი რაღაცა არ უნდა გაგეკეთებინაო. უმძიმეს მდგომარეობაში ჩავვარდი. დაუფიქრებლად ვუთხარი, - რა გინდა, თანახმა ვარ ყველაფერზე-მეთქი. - თუ თანახმა ხარ, შენი კონტროლი რომ არ გვიჭირს, ხომ ხედავ, ახლა პოლიციაში რომ წახვიდე, ან დარეკო, დამთავრებული არ გექნება ლაპარაკი, ეს უკვე მე მეცოდინებაო. ამიტომ მომდევნო შეხვედრაზე არ მოვალ და ზღაპარი აღმოჩნდება შენი შეტყობინებაო. დავიფიცე, - სიტყვას გაძლევ, რასაც დამავალებ, ყველაფერს გავაკეთებ-მეთქი. - თუ ნწესიერად მოიქცევი, მესამე დღეს შევხვდებითო, - მითხრა გიგი კალანდაძემ.


- როდის შედგა მომდევნო შეხვედრა?

- ორი დღის შემდეგ, იმავე მანქანით, იმავე ადგილას მე, გიგი კალანდაძე და ისევ ის უცნობი პირი შევხვდით. გიგი კალანდაძის გეგმა გახლდათ შემდეგი - ახალაიას წინააღმდეგ მიცემული ჩვენება იყო ქ-ნ ირმა ინაშვილს, თეა წულუკიანისა და არჩილ კბილაშვილის მიერ შეთითხნილი, რომ ისინი მაიძულებდნენ, ჩვენება მიმეცა გამომდინარე იქიდან, რომ ვიჯექი ჯემალ გუნდიშვილთან და „კოჭოიასთან". თითქოს იუსტიციის მინისტრი მეუბნებოდა, რომ თუ არ მივცემდი ჩვენებას, უკანვე შემაბრუნებდნენ.


- დავაკონკრეტოთ, თეა წულუკიანთან შეხვედრისას მინისტრმა მსგავსი რამ გითხრა თუ არა?

- არა, რას ამბობთ?! ეს იყო გიგი კალანდაძის გეგმის ნაწილი. ამათი გეგმის ნაწილი იყო ისიც, რომ უნდა მეთქვა, - პროკურატურაში დაკითხვა მოხდა ფორმალურად, დაწერილი ჩვენება დამახვედრეს და მე მხოლოდ ხელი მოვაწერე-მეთქი, რომ ყველაფერი მათ მოიგონეს. ამ გეგმის განხორციელების გზა იყო ასეთი - უნდა მივსულიყავი „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, რომ ვეძებდი თეა თუთბერიძეს. იქ მეტყოდნენ, - თეას აქ რა უნდა? ჩვენი გუნდის წევრი არ არის, მისი ნახვა ბაჩანა ახალაიას პროცესზე შეიძლება, რომელიც ხვალ იმართებაო. იქ ვიტრიალებდი. მეორე პროცესზე უნდა მენახა გიორგი ონიანი, რომელიც მომცემდა თეას ნომერს, ისე, რომ არც მკითხვავდა, ვინ ვიყავი. ამის შემდეგ უნდა დამერეკა თეა თუთბერიძისთვის სასამართლოს ეზოდან, უნდა მეთქვა, რომ ჩვენების შეცვლა მინდა, რაზეც თეა მეტყოდა, - მოგვიანებით დამირეკე, ახლა არ მცალიაო. მეორე დარეკვის მერე თეა თუთბერიძე მაძლევდა ბაჩოს მეუღლის ნომერს, ამის შემდეგ ბაჩოს მეუღლეს არ დავურეკავდი, პროცესზე მივიდოდი, სადაც ვნახავდი გიგი კალანდაძეს, რომლისთვისაც უნდა მეთქვა, რომ ვინც ბაჩოს წინააღმდეგ ჩვენება მისცა, მისი ნათესავი ვარ, მას უნდა ჩვენების შეცვლა და ქვეყნიდან წასვლა-მეთქი. ეს გეგმა მომიყვა გიგი კალანდაძემ და სწორედ ასე გავაკეთე ყველაფერი.


- რა ნომრით ურეკავდი თეა თუთბერიძეს, შეგიძლია მითხრა?

- იმ მომენტში რამდენიმე ნომერი მქონდა და ზუსტად არ მახსოვს, რომელი ნომრით დავრეკე.


- თეა თუთბერიძის ტელეფონზე შენი ზარი დაფიქსირებულია?

- დიახ, არა მხოლოდ თუთბერიძესთან, „რუსთავი 2"-შიც დავრეკე, რომ ჩვენების შეცვლა მინდა. გეგმის ნაწილი იყო ასევე ჩემი ფარული ჩაწერა, სადაც გულახდილად უნდა მელაპარაკა, რომ კეზერაშვილის საქმეზე პროკურატურა ჩემგან ჩვენებას ითხოვს. ამავე საუბარში უნდა მეთქვა, რომ ახალაიას მხოლოდ ტელევიზიით ვიცნობდი და ასევე დავით საყვარელიძეს. ეს ფარული ჩანაწერები ნამდვილად გაკეთდა და გამორიცხული არ არის, რომ სხვადასხვა ვარიანტი, გარდა გამოქვეყნებულისა, კიდევ გამოაქვეყნონ.


- სად შეხვდით ანი ნადარეიშვილსა და გიორგი ონიანს?

- სააკაძის მოედანზე, ქუჩა ზუსტად არ მახსოვს. გამოძიებასაც მივუთითე. ძლივს მივაგენი, ეს არის ოფისი, შეხვედრა მოხდა გვიან ღამით, საჭესთან მჯდომი უცნობი პირი რუსლანად გამეცნო, დღეს მისი ამოცნობა შევძელი - ეს არის რუსლან ბოროდინი. მეოთხე შეხვედრის დროს იგივე მანქანით გიგიმ და რუსლანმა მიმიყვანეს ოფისთან. მითხრა, რომ შავი სათვალე გამეკეთებინა და ოფისში ავედით. ეს იყო მეორე თუ მესამე სართული, ხელმარცხნივ, კარი ღია იყო. შევედით. იქ დამხვდნენ გოგა ონიანი და ანი ნადარეიშვილი, სადაც ჩამწერეს. ჩაწერის დაწყებამდე ბილეთზე დარეკეს აეროპორტში, ჩაწერის შემდეგ წავედით აეროპორტში და ბილეთი ვიყიდეთ ოდესის მიმართულებით. აეროპორტში მახლდა რუსლანი. ამ დღის მერე გიგი აღარ მინახავს. მეორე დღეს უნდა გავფრენილიყავი, მაგრამ საბაჟოზე გამაჩერეს, პირობითი მსჯავრი გაქვსო. მეორე დღეს რუსლანმა წამიყვანა პრობაციაში და სასამართლოში, განჩინება მივიტანეთ და მოგვარდა ჩემი გამგზავრების საკითხიც. აეროპორტში ავიღეთ ახალი ბილეთი. გავრფინდი. რუსლანმა მომცა როუმინგზე ჩართული ბილაინის ნომერი. ჩავედი კიევში, იქ დავრჩი სასტუმროში. დამირეკა ჩემთვის უცნობმა პირმა, მითხრა, რომ ადგილზე მეყიდა იქაური ტელეფორნის ნომერი და ამის შემდეგ მქონოდა მასთან კავშირი. ბორისპოლის აეროპორტში ვერ მომაკითხა, კიევის ავტოსადგურშიც არ შემხვდა, სასტუმროში მოგაკითხავო.


- ვინ იყო ეს კაცი და სად და როდის შეხვდი მას?

- ამის შემდეგ მას შევხვდი ოდესაში. მან მითხრა, რომ ზვიადი ჰქვია, სადილზე დამპატიჟა. მეგრული კილო ჰქონდა, ამიტომაც მეც მეგრულად ვუპასუხე. - მეგრული ხარო? - მკითხა, - მეც ხობიდან ვარო... მაგრამ სად ცხოვრობდა, კონკრეტულად, არ გაამხილა. ზვიადთან ურთიერთობა მქონდა ერთი თვის მანძილზე, ბინა ამან ამიღო იმ დღესვე... მოხდა ისე, რომ ერთი თვე მაკითხავდა, მერე მითხრა, რომ მას სხვა საქმეები გამოუჩნდა და პასპორტი წაიღო ჩემი ვიზის გასაგრძელებლად. ერთ დღესაც მითხრა, ახლა რუსლანი დარეკავსო, წესიერად ელაპარაკეო, რომ გოგო გაიცანი, დაბადების დღე აღნიშნე და მასთან ერთად გადადიხარ საცხოვრებლადო. ზუსტად ასე მოვიქეცი, რუსლანს  ყველაფერი ველაპარაკე, რაც ზვიადმა დამარიგა. ამის მერე შიში გამიჩნდა, ეტყობა, ჩემი მოშორება უნდათ, ჩანაწერიც აქვთ, ვითომ ქალი გაიცნო და დაიკარგაო. ერთი თვის მერე უკვე ორი ქართველი გამოჩნდა. მათი სახელები არ ვიცი. ერთმა, უბრალოდ, მითხრა, - ჭაკუას იცნობო? როგორი კაციაო? - არც ცუდი გამიგია მასზე და არც კარგი-მეთქი, - ვუპასუხე.


- იმავე პერიოდში ირმა ინაშვილის ტელეფონზე მოვიდა მესიჯი, რომ გჭირდებოდა ვიდეოკამერა საინტერესო მასალების გადასაღებად.

- ამას ისინი აკეთებდნენ. მიჰქონდათ ჩემი ტელეფონი და აგზავნიდნენ მესიჯებს, მათ შორის, ჩემს მეუღლესთან. ირმას ფულიც გამოაგზავნინეს და ისე გააკეთეს, რომ ირმასთან მისასვლელი პირი აღარ მქონოდა. ამის მერე აგვისტოში, ჩემი დაჟინებული მოთხოვნით, საქართველოში გემით ჩამომიყვანეს.


- ამდენი ხნის განმავლობაში არ გიცდია, რომ მოგეყოლა, რა გადაგხდა თავს?

- არა, მინდოდა, რომ ვყოფილიყავი ჩემთვის წყნარად, არც ვინმესმთან დამირეკავს. მაისში ჩაწერილი ინტერვიუ ტელევიზორში ვნახე, მერე ირმა ინაშვილს მოვუსმინე, ის დარდობდა, ცოცხალი ვიყავი თუ არა. შევესწარი ირმას და ონიანის საუბარს და გადავწყვიტე, შევხმიანებოდი ჯერ ჩემს ადვოკატს, მერე ირმა ინაშვილს.


- ფული რამდენი გადაგიხადეს? ეს იყო ინტერვიუს სანაცვლოდ, თუ ოდესაში საცხოვრებლად?

- ბინის ქირის ფული მომცეს 1000 ლარი აქ, ხოლო აეროპორტში, როცა საბაჟო გავიარე, ესკალატორით ამოვიდა ზემოთ რუსლანი და მომცა 700 დოლარი. სხვათა შორის, რეგისტრაციაც ხალხის გვერდის ავლით გავიარეთ.


- დაბოლოს, ნამდვილად არაფრის შეცვლას აღარ აპირებ? გავრცელდა ინფორმაცია, რომ თაღლითობაზე ხარ ნასამართლევი. ეს უკავშირდება ქალებს, რომ ამით ცხოვრობ და ფულსაც აკეთებ. რა არის ახლა შენი მიზანი, როცა ამ ინტერვიუს მაძლევ და რა იყო შენი მიზანი, როცა პროკურატურაში მიხვედი და ჩვენება მიეცი?

- ვერავინ იტყვის, რომ ჩვენების სანაცვლოდ ვინმეს ფული მოვთხოვე. „ობიექტივთან" ჩემი ინტერვიუ იყო გულწრფელი ჩვენება, ხოლო ინტერვიუ, რომელიც მივეცი ირმა ინაშვილისა და თეა წულუკიანის წინააღმდეგ, იყო ზეწოლის შედეგი.


- არაფერს აღარ შეცვლი? შეგიძლია, მყარად და გულწრფელად თქვა, რომ ეს შენი საბოლოო პოზიციაა?

- არა, ახლა თუ იარაღი დამადო ვინმემ შუბლზე, გამორიცხული არ არის, ისევ ანალოგიური ინტერვიუ მივცე. მე ამას ვერ შეგპირდებით, ან ჩემიშვილი დამიყენონ წინ, კონკრეტულ პასუხს ვერ გეტყვით.


ჯუმერ მილორავა - გოდერძი ჯოლოხავას ადვოკატი:

- ბატონო ჯუმბერ, გამოძიება უკვე დაიწყო, რასთან გვაქვს საქმე?

- დიახ, გამოძიება დაიწყო ქ. თბილისის პროკურატურაში. სისხლის სამართლის დევნა დაწყებულია 372-ე მუხლის მიხედვით, რაც ნიშნავს მოწმეზე ზემოქმედებას. ჯერჯერობით, ეს მუხლი წარედგინა გოდერძი ჯოლოხავას მიერ ამოცნობილ პიროვნებას, რუსლან ბოროდინს. ჯოლოხავა დაზარალებულად ცნეს. ჩვენ გვინდა ასევე მოვითხოვოთ, რომ დაზარალებულზე განხორციელდეს დაცვის უზრუნველყოფა, რომ ის პროკურატურამ ჩასვას მოწმის დაცვის პროგრამაში. ის არის მნიშვნელოვანი მოწმე ბაჩანა ახალაიას, დავით საყვარელიძისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. ველი, რომ ყველა პირი დაისჯება. ერთი რამ მინდა გითხრათ: ბაჩო ახალაიას მეუღლე და ადვოკატი ითხოვენ ჯოლოხავასთან შეხვედრას და კითხვების დასმას. მე, როგორც მისი ადვოკატი, პირდაპირ გეუბნებით, აქ სადებატო არაფერია. მთლიანად მოცემულობა არის იმისა, რომ მეორე მხარის მიერ ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული. თავის სამართებელი არაფერი გვჭირს. მუსირებს აზრი, რომ თითქოს გოდერძი ჯოჯლოხავამ გამოძიების პროცესში სამჯერ შეცვალა ჩვენება, ეს არ არის სწორი. მას ჩვენება არ შეუცვლია. ჯერჯერობით, არსებობს მხოლოდ ის ოფიციალური ჩვენება, რომელიც მან მისცა გამოძიებას და რაც შეეხება ბაჩანა ახალაიას ცოლის მიერ გავრცელებულ კადრებს, ეს ინტერვიუა და არა ოფიციალური ჩვენება, რომელიც ჯოლოხავამ ზეწოლის შედეგად ჩაწერა. სამართლებრივად, გონივრულად მოიქცა ირმა ინაშვილი, როცა წარადგინა მოწმე პროკურატურაში. ჯოლოხავა დაკითხულია მოწმის სახით. ადვორკატმა ონიანმა უნდა იცოდეს, რას ნიშნავს და სად ხდება ჩვენების შეცვლა.


P. S. ეს გახლავთ ამ ისტორიის პირველი ნაწილი. ინტერვიუს აღნიშნულ თემაზე პარლამენიტარ დავით საყვარელიძესთან ამავე ნომერში გთავაზობთ. „ქრონიკა+"-მა გაარკვია, რომ ჯოლოხავას მიერ დასახელებული პიროვნება, რუსლან ბოროდინი, გენერალ გიგი კალანდაძის ცოლისძმაა. რაც შეეხება გენერლის მიერ ჩატარებულ „სპეცოპერაციას" გოდერძი ჯოლოხავას მიმართ, ის ნამდვილად მეტყველებს გიგი კალანდაძის „მაღალ პროფესიონალიზმზე". ექვსი თვის წინათ ჩაწერილი ინტერვიუ ისე გაასაჯაროვეს, რომ ჯოლოხავას არც კი შეუთანხმეს და არ გაარკვიეს, იგივე განწყობაზე იყო ექვსი თვის შგემდეგ თუ არა? ეტყობა, სწორედ ამ „მაღალი პროფესიონალიზმის" გამო გახდა გიგი კალანდაძე წაგებული ომის გენერალი.

 

ელისო კილაძე

გაზეთი "ქრონიკა+"

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016