reportiori.ge - რობერტ დე ნირო: ორი წლის ქალიშვილი მყავს, მეტი რა უნდა მინდოდეს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 10:07
პრეს-დაიჯესტი
რობერტ დე ნირო: ორი წლის ქალიშვილი მყავს, მეტი რა უნდა მინდოდეს?
ავტორი:
21 იანვარი, 2014. 18:07

70 წლის რობერტ დე ნირო ბევრ ახალგაზრდაზე უფრო დაკავებულია. მარტო 2013 წელს მისი მონაწილეობით შვიდი ახალი ფილმი გამოვიდა, ხსნის ახალ რესტორნებსა და სასტუმროებს, წარმატებით ხელმძღვანელობს ტრაიბეკის კინოფესტივალს და ასევე წარმატებით ასრულებს თავის მთავარ, ქმრისა და ექვსი შვილის მამის როლს.


„რეპორტიორი" გთავაზობთ ინტერვიუს მსახიობთან, რომელიც ერთ-ერთ უცხოურ ჟურნალში გამოქვეყნდა.

 

- კინოინდუსტრიაში დიდ წარმატებას მიაღწიეთ: ხართ მსახიობი და რეჟისორი, გაქვთ წარმატებული სარესტორნო ქსელი. ყველაზე დიდ სიამოვნებას რა განიჭებთ?

- მიყვარს მსახიობობა, ეს ჩემი პროფესიაა, რეჟისორობაც სიამოვნებას მგვრის, თუმცა ამას ხშირად ვერ ვახერხებ. რესტორნების გახსნა იმიტომ გადავწყვიტე, რომ გემრიელად ჭამა მიყვარს, თუმცა დიდი ვერაფერი კულინარი ვარ; ვცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. მიყვარს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს დაგემოვნება, ამიტომ, როცა რომელიმე ქვეყანაში ჩავდივარ, რესტორანში ადგილობრივი კერძის მოტანას ვითხოვ. სამწუხაროდ, ვერიდები დესერტს, თუმცა ახალგაზრდობაში ტკბილი ძალიან მიყვარდა. უარს არასოდეს ვამბობ იაპონურ სამზარეულოზე, რადგან ძალიან სასარგებლო და გემრიელია. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ რესტორნები, რომელთა თანამფლობელიც ვარ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშია.


- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით: ლეონარდო დი კაპრიომ მარტის გვერდით ჩემი ადგილი დაიკავაო. ხომ არ ეჭვიანობთ? დიდი ხნის მანძილზე ხომ სწორედ თქვენ ითვლებოდით მარტინ სკორსეზეს უახლოეს მეგობრად და საყვარელ მსახიობად, ბევრი თქვენი საუკეთესო როლი მის ფილმებში შეასრულეთ...

- დი კაპრიო ნიჭიერი ახალგაზრდაა. ისე აეწყო, რომ ბოლო ხანს ერთად ბევრი იმუშავეს, მაგრამ მე ამ როლების შესრულებას ხომ ვერ მოვახერხებდი? ასე რომ, ეს ნორმალური ამბავია. ლეო, მარტის დიდ პატივს სცემს და კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. სკორსეზეს რვა ფილმში ვითამაშე, მინიმუმ კიდევ ორში ვაპირებ თამაშს - რომ დავამრგვალო (იცინის). იქნებ სამივემ ერთადაც მოვახერხოთ მუშაობა - მე, ლეო და მარტი.


- დი კაპრიოს თავისუფლად შეუძლია თქვენი შვილის როლი შეასრულოს.

- ან შვილიშვილის! ბევრ როლს ასაკის გამო რომ არ მთავაზობენ, ეს ნორმალურია. რა თქმა უნდა, პირდაპირ არავინ მოგახლის ბებერი ხარო, არა, დელიკატურად გაგრძნობინებენ. დიახ, დიახ, ასაკობრივი დისკრიმინაცია მითი არ არის! უბრალოდ, მიდიხარ ქუჩაში, გხვდება მომხიბლავი ახალგაზრდა გოგონა და არ გაქვს არანაირი შანსი, რომ შენსკენ გამოიხედოს, იმიტომ რომ მისი მხედველობის არეალში შენ არ ფიგურირებ, ზუსტად ასაკის გამო. ამ დროს ფიქრობ: „სად გაქრა ჩემი ახალგაზრდობა?" რა თქმა უნდა მახსოვს რას ვაკეთებდი გუშინ, ერთი თვის ან ერთი წლის წინ, მაგრამ დრო მაინც ჩქარა გარბის. რამდენი დამრჩენია? თხუთმეტი წელი? თუ გამიმართლა იქნებ ოციც? ახლა პენსიონერი მოკრივეების, მამებისა და ბაბუების როლებს ვასრულებ; სანამ ფეხზე ვდგავარ, მუშაობას ვაგრძელებ! ლოგინში მწოლიარეს არა მგონია რამე როლი მომცენ (იცის). არც კი ვიცი რას ნიშნავს პენსიაზე გასვლა, ან რაში მჭირდება?


- ძნელი დასაჯერებელია, რომ თქვენი დონის კინოვარსკვლავს ქუჩაში ვერ ამჩნევენ და გვერდს უვლიან.

- არა, თუ შემამჩნიეს, თვალებში მაშინვე ინტერესი უჩნდებათ. თუ არა და უბრალოდ 70 წლის მოხუცს ხედავენ. არ იფიქროთ, რომ ვწუწუნებ. ესაა ცხოვრება. თავს ბედნიერ ადამიანად მივიჩნევ. ასაკის მიუხედავად, საინტერესო როლების მიღებას ვახერხებ, აქტიურად ვმონაწილეობ ინუ-იორკის ყოველწლიურ ფესტივალ ტრაიბეკის ორგანიზაციაში. ასე, რომ მოსაწყენად არ მცალია.


- ეს ფესტივალი 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ დააარსეთ და მანჰეტენის იმ რაიონის სახელი უწოდეთ, სადაც თავად ცხოვრობთ...

- დიახ. ყველაფერი ჩემს თვალწინ მოხდა. საქმიანი შეხვედრიდან შინ ვრუნდებოდი. ჩემი ოთახის ფანჯრები ტყუპი კოშკების მხარეს იყო, ვხედავდი როგორ ხტებოდნენ ფანჯრებიდან, მერე ჯერ ერთი ცათამბჯენი ჩამოინგრა, მერე მეორე... რაღაც სიურეალისტური სანახაობა იყო... იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად ხდებოდა, ტელევიზორი ჩავრთე... როგორც მერე ჩემმა შვილმა რაფაელმა თქვა: ამ ამბავს ციდან მთვარის ჩამოვარდნას თუ შეადარებ. ამ ტრაგედიის შემდეგ, მიმდებარე კვარტლებიდან ხალხი აიყარა, დაიხურა რესტორნები, კაფე-ბარები, ოფისები. არ ვიცი ფესტივალი რამდენად დაეხმარა ამ რაიონის აღორძინებას, სადაც ძველი დროიდან მოყოლებული მსახიობები და მხატვრები ცხოვრობდნენ, მაგრამ მგონი კარგი იდეა იყო. ბოლო წლებში ჩვენი რაიონი უკეთესობისკენ შეიცვალა.


- ნიუ-იორკი თქვენი მშობლიური ქალაქია. აქ დაიბადეთ და გაიზარდეთ. მეგაპოლისი არ გღლით?

- ნიუ-იორკი მართლაც ხმაურიანი, რთული და ზოგჯერ გიჟური ქალაქია, მაგრამ ეს მთელი ჩემი ცხოვრებაა: ჩემი ცოლი გრეისი, ჩემი შვილები, ჩემი კინოფესტივალი და რესტორნები. როცა დასვენება მინდა, შეიძლება იტალიაში, კომოს ტბაზე წასვლა. სიმშვიდე, სილამაზე და სუფთა ჰაერი არ მომაკლდება.


- „აქ ვერანაირი ოსკარები ვერ გიშველის! - კეთილი იყოს როკის საუფლოში - რინგზე შენი მობრძანება!" ამ სიტყვებით შეგეგებათ სილვესტერ სტალონე ერთობლივი ფილმის გადასაღებ მოედანზე. გამოტყდით, მან დაგიყოლიათ ამ ფილმში მონაწილეობაზე?

- ვერაფერს ვიტყვი, სლაი მართლაც კრივის დიდი მცოდნეა. მარტო „როკი"-ში მიღებული გამოცდილება რად ღირს? ამ ფილმმა ძალიან პოპულარული გახადა, ამიტომაც თავიდან დიდი ენთუზიაზმი არ გამოუჩენია, ეშინოდა „როკის" ცუდი პაროდია არ გამოსვლოდა. დაველაპარკე და დავარწმუნე, რომ როკი სამუდამოდ როკი დარჩებოდა, ეს კი სულ სხვა ფილმი იქნებოდა, განსხვავებულ ჟანრში. ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი და დამიჯერა. გამოდის, რომ ამ ავანტიურაში მონაწილეობაზე სლაი მე დავიყოლიე.


- ალბათ სტალონესთან შედარებით უარეს სპორტულ ფორმაში იყავით.

- ახლა კი ნამდვილად გაგაოცებთ. როგორც გამოირკვა, მე უფრო მომზადებული აღმოვჩნდი. წარმოგიდგენიათ? თავადაც შოკში ვიყავი. სპორტზე შეშლილი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ვცდილობ, დღის მანძილზე, რამდენიმე წუთით მაინც წავივარჯიშო.

აი, სილვესტერი კი გამომიტყდა, რომ მთელი წელი ხელი არ გაუნძრევია.


- მარტინ სკორსეზეს ფილმში „ცოფიანი ხარი" 1980 წელს მოკრივეს თამაშობდით და ამ როლისთვის „ოსკარიც" მიიღეთ. როგორი იყო მრავალი წლის მერე ისევ რინგზე ასვლა?

- ვარჯიში გამიჭირდა. პატარა ბიჭი აღარ ვარ. სტალონემ მწვრთნელი გამაცნო და მასთან ერთად რამდენიმე თვე ვივარჯიშე. სილვესტერი კალიფორნიაში ემზადეოდა, მე - ნიუ-იორკში. სათანადო ფორმა აღვიდგინე, გამძლეობა გავიუმჯობესე და დარტყმის „ქორეოგრაფია" ვისწავლე, რომელიც თავად სტალონემ შეიმუშავა. რა დასამალია, რომ ჩემზე უკეთ იცის როდის და სად უნდა დაარტყა, საბედნიეროდ ტრავმებს გადავურჩი. ჩემს შვილებს ვეუბნები ხოლმე: „ეს ყველაფერი ტყუილია, ნუ შეგეშინდებათ როცა მამას კინოში ნახავთ. ცხოვრებაში სულ სხვა ვარ..."


- სტალონემ თქვა ფეთქებადი ხასიათი მამისგან გამომყვაო. თქვენ რა ისწავლეთ მამისგან?

- ბევრი რამ. მამაჩემი, რობერტი, მხატვარი იყო, თავისი პრინციპები ჰქონდა, ყოველთვის აკეთებდა იმას, რისიც სჯეროდა. დრო იცვლებოდა, მასთან ერთად ხელოვნების სამყაროც, მაგრამ ის ხატავდა მაინც ისე, როგორც თავად თვლიდა საჭიროდ. პატარა ვიყავი, როცა მშობლები ერთმანეთს დაცილდნენ, თუმცა მამა შორიახლოს დასახლდა და ხშირად ვნახულობდი. დავყავდი კინოში, მახსოვს ერთად ვნახეთ „კინგ კონგი". შემდეგ, როდესაც წამოვიზარდე, კარგი ურთიერთობა შევინარჩუნეთ, ამაყობდა ჩემით და ჩემი წარმატებები ახარებდა... ჩემს ყველა რესტორანში მისი სურათები კიდია. ახლა მასზე დოკუმენტური ფილმის გადაღება მინდა, მიხარია რომ მის სტუდიას, შვილებთან თათბირის მერე, ხელი არ ვახლე და ახლაც ისეთია როგორიც იყო მისი გარდაცვალების დღეს 1993 წელს. ხანდახან აქ გამოფენებს ვაწყობ და მიხარია, რომ ამ ნიჭიერ ადამიანზე შემიძლია მოვუყვე ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.


- ალბათ წარსულს ხშირად იხსენებთ. რამეს თუ ნანობთ?

- წარსულს ვერ შეცვლი. რა აზრი აქვს ამაზე ნერვიულობას? აჯობებს დაშვებულ შეცდომებზე ვიმუშაოთ. მე ჩემი შეცდომები კარგად გავიაზრე და ვცდილობ აღარ გავიმეორო. უნდა ვაღიარო, რომ ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა. მყავს საყვარელი ცოლი და ექვსი შვილი, რომლებიც ძალიან მიყვარს.

(დე ნიროს პირველი ცოლი იყო მომღერალი და მსახიობი დაიანა ებოტი. მისგან ყავს უფროსი ვაჟი რაფაელი, ამასთან დაიანას ქალიშვილი დრინაც იშვილა.

1988 წელს მათი ქორწინება ჩაიშალა. მსახიობს ყავს ტყუპი ვაჟები ჯულიან ჰენრი და აარონ კენდრიკი, ყოფილი მოედლის, ტუკი სმიტისგან. 1997 წელს რობერტ დე ნირომ ცოლად შეირთო ყოფილი ბორტგამცილებელი გრეის ჰაიტაუერი, რომელთანაც შეეძინა ვაჟი ელიოტი და ქალიშვილი ჰელენ გრეისი).

დღეს ჩემი ქალიშვილის - ჰელენის დაბადების დღეა, ორი წლის ხდება და შინ ადრე უნდა მივიდე.


- გილოცავთ! შესანიშნავი ასაკია! დანარჩენ შვილებთან ურთიერთობისთვის დრო გრჩებათ?

- ჰელენი არაჩვეულებრივია! ვუყურებ და ცხოვრებაში აღარაფერი მინდა. ისე მოხდა, რომ შვილები სხვადასხვა დედებისგან მყავს და სხვადასხვა ასაკის არიან - ორი წლიდან და ორმოც წლამდე... ზოგ მათგანს უფრო ბაბუად ვეკუთვნი ვიდრე მამად, ასე რომ, ჩემს ასაკში მამობა არც ისე იოლია. ყველას სჭირდება ყურადღება და ინდივიდუალური მიდგომა. მკაცრად ვიცავ ერთ პრინციპს, რომელიც პირველი შვილის შეძენის შემდეგ გამომიმუშავდა. ბავშვებთან ყოველთვის გულწრფელი ვარ. მაშინვე გადავწყვიტე, რომ რამდენი შვილიც არ უნდა მყოლოდა, ყოველთვის გამოვნახავდი დროს, რომ დავლაპარაკებოდი და მომესმინა. ყველას თავისი ცხოვრება აქვს და წინაპართა ჭკუის სწავლება დიდად არ სიამოვნებთ, თუმცა ზუსტად ამ დროს უნდა ელაპარაკო. ლექცია კი არ უნდა წაუკითხო, უბრალოდ უნდა ელაპარაკო. ამ მხრივ ნამდვილი იტალიელი ვარ - ვგიჟდები, როცა ბავშვები და ოჯახი ჩემს გვერდით არიან.


- შვილები თქვენს ფილმებს უყურებენ? ბევრი მათგანი ხომ კლასიკაა, არა მხოლოდ ამერიკული, არამედ მსოფლიო კლასიკა.

- არა. არ აინტერესებთ. სამაგიეროდ ჩემზე ისეთი რამეები იციან, რაც მეც არ ვიცი. ინტერნეტი... რას იზამ. ვცდილობ მათთან ერთად ბევრი ვიმოგზაურო; ძალიან სასარგებლოა და რაც მთავარია ჩემს ძალებს არ აღემატება.

ჩემი რჩევები და ფილმები არა მგონია სჭირდებოდეთ. ეს ხომ ჩემი გამოცდილებაა, როგორ შეიძლება ვინმეს დააძალო სხვისი გამოცდილებით იმოქმედოს? ჩემს ცხოვრებას და გამოცდილებას, მათ ცხოვრებისეულ ფასეულობებთან არაფერი აქვთ საერთო.

ბავშვებთან ურთიერთობა ხშირად „ქასთინგებს" მაგონებს, როდესაც მსახიობებს როლზე არ ამტკიცებენ, ისინიც განიცდიან, მომდევნო სინჯებზე წასვლა ეშინიათ; მაგრამ მე ყოველთვის ასე ვმსჯელობდი: არ წახვალ - შეიძლება მერე ინანო, და თუ მიდიხარ ოპტიმისტი უნდაიყო. მაშინაც კი, როცა იცი, რომ ამ როლზე ვიღაც თითქმის დამტკიცებულია. ადრე თუ გვიან, ბედი აუცილებლად გაგიღიმებთ. ასე ვფიქრობდი ყოველთვის. ჩემს შემთხვევაში ასე მოხდა ბრაიან დე პალმას ფილმში „საქორწინო წვეულება". საბედნიეროდ სინჯებზე სიარული აღარ მიწევს (იღიმება). სამაგიეროდ ხანდახან ჩემი შვილები მახსენებენ რას გრძნობს უარყოფილი მსახიობი!

როდესაც თქვენს გვერდით არ არიან, ტელეფონს ხომ ყოველთვის პასუხობთ...

- რა თქმა უნდა! ჩემი ბებერი, ადამისდროინდელი მობილური ტელეფონით. ასეთ მოდელებს, ალბათ, ახლა აღარ უშვებენ? გასული საუკუნისაა, ისევე როგორც მე...




თარგმნა თამაზ ჩიქვანაიამ


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016