მელბურნში კიდევ სამი ნახევარფინალისტი გამოვლინდა. შედარებით მცირე სენსაციაც ვიხილეთ და ისევ ქალთა შეჯიბრში. ბოლო წლების ავსტრალიის ღია ჩემპიონატის უპირობო ლიდერმა, აწ უკვე ექს-ჩემპიონმა, ვიქტორია აზარენკამ თავის ტიტულოვან მეტოქე-კოლეგებს „მიბაძა“ და პოლონელ აგნეშკა რადვანსკას დაულოცა ნახევარფინალისკენ მიმავალი გზა. პირველი სეტის წაგების შემდეგ მეორეში რის ვაი-ვაგლახით მოიგო 7:5, მესამეში კი „ნამეტნავად“ შერცხვა 0:6. ბევრი რომ არ გავაგრძელო, წელს მელბურნში ისეთი ამბები ხდება, გეგონება ყველა ცდილობს ორგზის ფინალწაგებულ ჩინელ ლი ნას რაც შეიძლება კომფორტული ვითარება შეუქმნას. ეს უკანასკნელიც მშვიდად იგებს და სავარაუდოდ წელს ჩემპიონობის ყველაზე მეტი შანსიც აქვს. მეორე მეოთხედფინალში მარია შარაპოვას მძლეველმა დომინიკა ციბულკოვამ რუმინელი სიმონა ჰალეპიც „იმსხვერპლა“ 6:3, 6:0.
კაცებში ჯერ მხოლოდ ერთი მეოთხედფინალი გაიმართა. პირველ ნომრად განთესილმა რაფაელ ნადალმა, მარია შარაპოვას ახლანდელ მეგობარ მამაკაცს (მგონი ასე ითარგმნება boyfriend-ი), გრეგორ დიმიტროვს, 4 სეტში მოუგო და ახლა ენდი მარისა და როჯერ ფედერერს შორის გამარჯვებულს დაელოდება.