საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჩინეთის სახალხო ბანკის დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ჩინეთის სახალხო ბანკის ურუმჩის ფილიალის ვიცე-პრეზიდენტი იუ იონგშენგი, მონეტარული თანამშრომლობის განყოფილების დირექტორის მოადგილე თანგ ხინუი და მონეტარული პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვანგ დანი. ჩინეთის დელეგაციის წევრებმა ინფორმაცია საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფუნქციონირებისა და მისი საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ მიიღეს. სტუმრებმა მზადყოფნა გამოთქვეს, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის სახალხო ბანკს შორის ლარი/იუანის სავალუტო სვოპების შესახებ მოეწეროს ხელი შეთანხმებას. სტუმრები საქართველოს საბანკო სექტორში არსებულ ვითარებას, რეგულაციებს და ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკასაც გაეცნენ. დღევანდელ შეხვედრაზე ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტისა და ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი დაიგეგმა საქართველოში. ჩინელი კოლეგები საქართველოს ეროვნულ ბანკს სექტემბერში ეწვევიან. ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკებს შორის სავალუტო სვოპების შესახებ თანამშრომლობის ხელშეკრულებაც გაფორმდება.