reportiori.ge - გუდამაყრელ „უფლისწულს“ საკუთარი სკოლა აქვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 10:09
პრეს-დაიჯესტი
გუდამაყრელ „უფლისწულს“ საკუთარი სკოლა აქვს
ავტორი:
23 იანვარი, 2014. 12:57

„ხანდახან ვფიქრობ, რომ მეც მთა ვარ, ოღონდ პატარა და თუ აქედან წავალ, დიდი ვერ გავიზრდები".

 

 

ბაჩო გუდამაყრის სოფელ მაქართის დაწყებითი სკოლის მეოთხე კლასში სწავლობს. არა მხოლოდ კლასში, ის სკოლაშიც ერთადერთი მოსწავლეა. ბიჭუნას არც კლასელი ჰყავს, არც - სკოლელი. სამაგიეროდ, ჰყავს ორი მასწავლებელი...


- რომ გითხრან, აჰა, სანატრელი ნოუტბუკი, ცირკშიც ხშირად ივლი, თეატრსაც ნახავ და ყველა სურვილი აგისრულდება, ოღონდ გუდამაყრიდან უნდა აიყარო და ქალაქში წამოხვიდეო, რას იზამ?

 

- არ წავალ. აქ უფრო მეტია, ვიდრე ქალაქში.


- რა არის მეტი?

 

- მთები - მშვიდი და ძლიერი. ვუყურებ და ხანდახან ვფიქრობ, რომ მეც მთა ვარ, ოღონდ პატარა და თუ აქედან წავალ, დიდი ვერ გავიზრდები. მთები არ ტოვებენ თავის ადგილს, თუ დატოვებენ, ჩამოიქცევიან...



ეს სატელეფონო დიალოგი გუდამაყრელ მთიულთან, პატარა ბაჩო წიკლაურთან შედგა. არ ვიცი, ვინ იქნება ის მომავალში, მაგრამ დღეს გუდამაყრის სოფელ მაქართის დაწყებითი სკოლის მეოთხე კლასში სწავლობს. არა მხოლოდ კლასში, ის სკოლაშიც ერთადერთი მოსწავლეა.


„ბიჭუნას არც კლასელი ჰყავს, არც - სკოლელი. სამაგიეროდ, ჰყავს ორი მასწავლებელი: მუსიკასა და ინგლისურს ინგა მასწავლებელი ასწავლის, ყველა სხვა საგანს - ლია მასწავლებელი". - ეს ტექსტი ახლდა ბაჩოს შესახებ ფოტორეპორტაჟს, რომელიც შარშან გადაუღიათ და ახლახან განუთავსებიათ სოციალურ ქსელში.


ასე შევიტყვე გუდამაყრელი „პატარა უფლისწულის" ამბავი, რომელსაც თავისი სკოლა აქვს...


მაქართაში, ისევე, როგორც გუდამაყრის მთელ ხეობაში, თოვლი დევს... ბაჩოს გათენება უხარია, რადგან აქ მზე საოცრად ამოდის და წითლად ფერავს თოვლიანი მთის წვერებს.


სკოლაში წასვლის დროა და ბაჩოც მიდის იქ, სადაც მხოლოდ მას ელიან „საკუთარი მასწავლებლები". მერე რა, რომ კონკურენტი არა ჰყავს, ბაჩო სანიმუშო მოსწავლეა, სმენად გადაქცეული გაკვეთილზე, რომელიც მხოლოდ მისთვის ტარდება. მისი მოსწავლეობა ამართლებს ამ სოფელში სკოლის არსებობას და მასწავლებლებს ფუნქციას უნარჩუნებს. მომავალ წელს მეზობელი სოფლიდან ორი პატარა უნდა მივიდეს პირველ კლასში, მშობლებს ვერ გადაუწყვეტიათ, სად წაიყვანონ შვილები, მაქართაში, გუდამაყარში, თუ საერთოდაც აიყარონ და სხვებივით ბარისკენ დაადგნენ გზას. ინგა და ლია მასწავლებლებს არ ვეკითხები, თუ ბავშვებს სკოლაში არ მოიყვანენ, მერე რა იქნება? ხომ ისედაც ცხადია, რაც იქნება, დაიხურება სკოლა, ისევე, როგორც მეზობელ სოფლებში იხურებოდა წლების განმავლობაში, როდესაც სოფელს მიგრაცია ან სიკვდილი აცარიელებდა და ბავშვები კი არა, ადამიანი ხდებოდა სანთლით საძებარი გაუკაცრიელებულ ნასოფლარებში.


ამ მხარეში სკოლა რომ დაიხურებოდა, სოფელში ამბობდნენ, მიწის სიკვდილის დროც მოვიდაო. ბალღი რომ აღარ დარბის და მისი ყიჟინა არ ახარებს არემარეს, იქ აღსასრულის მოახლოება იკითხებაო...  მხოლოდ მოხუცები რჩებიან და იმათაც რიგ-რიგობით გალალავს ხოლმე ყოვლისმმუსვრელი... დაცლილ სოფლებში შუკა-შუკა დაეხეტება უკაცრიელობის სევდა, ჩნდება ნასოფლარი და მთები კიდევ ერთხელ გულში იმარხავენ ადამიანთა აღარდაბრუნების სევდას.



- ვინ უნდა გამოხვიდე დიდობაში? - ვეკითხები ბაჩოს.


- ჯარისკაცი. ჩემი უფროსი ძმა იყო ჯარში და დაბრუნდა. ვიცი, ეს მაგარი საქმეა.


- რად გინდა ჯარისკაცობა, უნდა იომო?

 

- მარტო ომისთვის უნდა იყო ჯარისკაცი? დავიცავ ამ მთებს და მთელ გუდამაყარს, მესაზღვრე ვიქნები.


- საზღვარი რა არის?

 

- ეზოს ღობესავით არის, მაგრამ ღობე შეიძლება მოშალო, საზღვარს კი ვერ მოშლი.

- რატომ?

 

- საზღვარი შენს სამშობლოს იცავსო, მამამ თქვა, ღობე კი ეზოს, რომელიც შეიძლება ძმას გაუყოო...



ბაჩოს ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობს. ერთ ოთახში ათენებენ და აღამებენ ცოლ-ქმარი და ორი ვაჟი, ბაჩო და მისი შუათანა ძმა, უფროსი ბებოსთან ცხოვრობს ფშავში, რადგან აქ მეტი ვერ დატეულან.

 

 

- აქედან ხომ არ აპირებთ წასვლას? - ვეკითხები ბაჩოს დედას.

- სად უნდა წავიდეთ? ერთი ოთახის გარდა არაფერი გვაბადია, რომც წავიდეთ, ამ უმუშევრობით დაქცეულ ქვეყანაში ვინ გაგვიფენს ხალიჩას? რითი ვიცხოვროთ? სოფელი მოწყალეა, პურს ყოველთვის გაჭმევს, თუ მაძღარი არ ეყოლები, თავს გაგატანინებს. ქალაქში კი, აბა, რა ვაკეთოთ?



ალბათ, რამდენი ასეთი იყო ამ სოფელში, მეზობელ სოფლებშიც, ვეღარ გაძლეს და დაუყვნენ ბარისკენ გზას. ამის გაფიქრებაზეც კი გამაჟრჟოლა. 


მაქართაში კარგა ხანია არემარე თეთრად დაიფარა. ხანდახან თოვს, სკოლაში კი უკვე არდადეგები დაიწყო ერთადერთი მოსწავლისთვის, რომელსაც მამისგან შეკრული ციგა მაღლობზე ააქვს, რომ იქიდან ბედნიერი სიცილ-ყიჟინით დაეშვას. მერე რა, რომ სოფელს აღარ ემხიარულება და პატარა ბაჩოს მხარს არავინ უბამს. მას ყველაზე დიდ და ძლიერ მეგობრებად მთები ჰყავს, რომლებიც იმისთვის იფარავენ კალთებს თოვლით, რომ ბაჩოს გაუფინონ ხალიჩად.


- მარტო სკოლაში ყოფნა მოსაწყენი არ არის? - ბაჩოს ვუბრუნდები.


- არა, ასე უკეთ ვუსმენ და ვიგებ გაკვეთილებს. მასწავლებლები ჩემი მეგობრები არიან.


- საახალწლოდ რაზე ოცნებობ?

 

- ნოუტბუკი მინდა. დავჯდები მთის ძირას, ინტერნეტში მსოფლიოს ვნახავ და მთებს მოვუყვები მათ შესახებ. თუმცა, მათ ისედაც ყველაფერი იციან.


- როგორ?

 

- მაღლები არიან, მათი წვერიდან ყველაფერი ჩანს, ალბათ, მთელი დედამიწა და რასაც გუდამაყრელი მთები ვერ ხედავენ, სხვა, უფრო მაღლები დაინახავენ, გამოატანენ ჩიტებს ამბავს და გუდამაყარშიც ეცოდინებათ, რაც ხდება მსოფლიოში. მთებმა იციან, რომ მინდა ველოსიპედიც მქონდეს.


- გჯერა თოვლის პაპას არსებობის?

 

- მჯერა, ის არსებობს...



წელიწადია გუდამაყარში, სოფლებში გაბნეული ბავშვებისთვის მანქანა დაუნიშნავთ, ფეხით რომ აღარ იარონ, უსაფრთხოდ რომ იგრძნონ თავი, ახლა კეთილი ძია დაატარებთ, მაგრამ მასწავლებლები ისევ ფეხით დადიან თითზე ძლივს ჩამოსათვლელ სკოლებში...


„თუ სკოლა არ იქნება, ბავშვიანი ოჯახი აქ როგორ დადგება? არადა, იმ დღესაც მგლების ხროვაში გავიარეთ შვიდი კილომეტრი, ძნელია, მაგრამ გვიღირს სოფლის გადასარჩენად", - ამბობს ლია მასწავლებელი. მარტოხელა დედას უკვე მოწიფული, უმუშევარი შვილი უზის შინ.


სტატისტიკური მონაცემებით, მთის რეგიონები მიგრაციული კატასტროფის ზღვარს გადასცდა. ამ ზღვარს ლია და ინგა მასწავლებლები, ბაჩო, მისი მშობლები, ძმები და მათნაირი ადამიანები აკავებენ, მაგრამ ისინი ცოტანი არიან. მთებიც მოლოდინით დაიღალნენ და დაილივნენ თითქოს.

 


ეკა ლომიძე

გაზეთი „კვირის პალიტრა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016