ავსტრალიის ღიაზე ქალ ჩოგბურთელთა ფინალის მონაწილეები გამოვლიდნენ. ლი ნას ახალგაზრდა ბუჩარდთან მოგება პროგნოზირებადი იყო და ასეც მოხდა 6:2, 6:4. რაც შეეხება მეორე ფინალისტს, მეოთხედფინალიდან მოყოლებული ყველა შეხვედრაში წაგებას უწინასწარმეტყველებდნენ, შეგახსენებთ - სლოვაკმა დომინიკა ციბულკოვამ იქ რუს მარია შარაპოვას მოუგო, მერე სერენა უილიამსის მძლეველ ანა ივანოვიჩს დაუპირისპირდა და იქაც იმარჯვა, ნახევარფინალშიც, ბუკმეკერები მის მოწინააღმდეგე, პოლონელ აგნეშკა რადვანსკაზე დებდნენ ფსონს. სლოვაკმა კიდევ ერთხელ გააკვირვა ჩოგბურთის სპეციალისტებიც და მოწინააღმდეგეც და ძალიან იოლად 6:1, 6:2 მოუგო. შეძლებს თუ ვერ ციბულკოვა უაღრესად სტაბილური, ლამის რობოტივით მოთამაშე ჩინელის წინააღმდეგობის დაძლევას, ხვალ გამოჩნდება.
ვაჟებში ყველა ფედერერ-ნადალის დაპირისპირების მოლოდინშია. მეორე ნახევარფინალში შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა ტომაშ ბერდიხს ხვდებოდა. ჩეხი მთელი კარიერის მანძილზე საუკეთესოთა შორის ტრიალებდა, თითქმის მუდმივად ხვდებოდა ოთხეულში, მაგრამ შემდეგ მისი ყუმბარისებური მოწოდება ფედერერის, ნადალის, ან ჯოკოვიჩის კლასთან ვერაფერს აწყობდა და იძულებული ხდებოდა მეორეხარისხოვანი ტურნირების მოგებით დაკმაყოფილებულიყო.
წლევანდელ ავსტრალიის ღიაზე ბედმა ბობოლებს ააცილა, მაგრამ სამაგიეროდ საუკეთესო ფორმაში მყოფი ვავრინკა შეახვედრა. ბევრი იბრძოლა ბერდიხმა, ერთი სეტი მოიგო კიდეც, მაგრამ მეტის უფლება შვეიცარიელმა არ მისცა. საბოლოოდ 6:3, 6:7, 7:6, 7:6 და სტანისლას ვავრინკა კარიერაში პირველად, დიდი სლემის ტურნირების ფინალშია და თუ ფედერერმა ნადალის ძლევა მოახერხა, სულაც შვეიცარიულ ფინალს ვიხილავთ.