ლუკა კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, რომან რურუას ბრალდებებს პასუხობს.
„გაიჟღერა სიბინძურემ, რომლის სათავეშიც რომან რურუა დგას და მას ყოფილი სპორტსმენი, გიორგი მაკასარაშვილი აძლიერებს. საწყენია, რომ ისინი ევროპის ჩემპიონატის მზადების პერიოდში ფედერაციას მუშაობას ხელს უშლიდნენ . ჭიდაობის ფედერაციას ევროპის ჩემპიონატიდან შემოსვალი დღეს 400 000 ლარი აქვს და 100 000 ლარი კიდევ დაემატება. ჩემპიონატიდან შემოსული თანხიდან არცერთი თეთრი გახარჯული არაა. ეს არის პასუხი იმაზე, რასაც ბატონი რომა გაფართოებული თვალით ადევნებს თვალს,"- განაცხადა კურტანიძემ.
რაც შეეხება შტატებს, ლუკა კურტანიძის თქმით, ჭიდაობის ფედერაციას მხოლოდ ის თანამშრომლები ჰყავს, რომელიც სჭირდება.
„მაინტერესებს, უნდა ჰყავდეს თუ არა ჭიდაობის ფედერაციას ბუღალტერი, იურისტი , სპეციალისტი საკადრო და კანცელარიის საკითხებში? უნდა ჰყავდეს თუ არა კოტორაშვილი ალექსანდრე ფოტოგრაფი, რომელიც ქართული სპორტის მემატიანეა? მე ამაყი ვარ, რომ ეს ადამიანი ფედერაციაში მყავს , "- აღნიშნა კურტანიძემ.
მისი განცხადებით ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ფალავანთა კლუბში იმყოფება, რომელიც „1966 წელს გაიხსნა და მას შემდეგ არავის გახსენებია".
„არავის გახსენებია არქივი, რომელიც ჭიდაობის მემატიანე იყო და მომავალი თაობისთვის უნდა გვეჩვენებინა. როცა ვნახე თითქმის განადგურებული და შელახული იყო. სამი კვირის განმავლობაში ვმუშაობდით, რომ ეს არქივი გადაგვერჩინა."- აცხადებს კურტანიძე.
შეგახსენებთ, რომან რურუამ ჭიდაობის ფედერაციაში გაუცემელ ხელფასებზე, ფინანსურ დარღვევებსა და შტატების გაბერვაზე ისაუბრა.