სანახაობა იყო, იყო მაღალი კლასი, ცოტა ინტრიგაც (პირველ სეტში), უშეღავათო ბრძოლაც (რამდენიმე გათამაშებაში), თუმცა როგორც გამოჩნდა, დღეს რაფაელ ნადალი უფრო ძლიერია, ან ფედერერი აღარ არის ის მხიარული როჯერი, რომელიც ყველას და ყველაფერს აცამტვერებდა.
პირველ სეტში თანაბარი თამაში მიდიოდა, საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა და აქედან მოყოლებული კორტზე უკვე ესპანელი დომინირებდა. მიუხედავად გადატყავებული ხელისგულისა (სამედიცინო ჩარევაც დასჭირდა), რაფა იმდენ პრობლემას უქმნიდა მოწინააღმდეგეს, რომ შვეიცარიელს უკვე პირველი პარტიის შემდეგ დაღლა დაეტყო და ვეღარც მისი შეუდარებელი ბექჰენდი შველოდა, რადგან ნადალი ყველგან ასწრებდა და ყველაფერს იღებდა. საბოლოოდ დღეისთვის უძლიერესმა იმარჯვა 7:6, 6:3, 6:3 და კვირას კიდევ ერთ შვეიცარიელ სტანისლას ვავრინკასთან შეხვედრაში გაირკვევა 2014 წლის პირველი დიდი სლემის გამარჯვებულის ვინაობა.