reportiori.ge - კობა კობალაძე: „ომი დამთავრდა! მშიდობის გეშინოდეთ, ხალხო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:00
ინტერვიუ
კობა კობალაძე: „ომი დამთავრდა! მშიდობის გეშინოდეთ, ხალხო!
ავტორი:
25 იანვარი, 2014. 04:14

„პატრიოტის“ სტუმარია გენერალი კობა კობალაძე:

– ბატონო კობა, როგორია ჩვენი ქვეყნის სამხედრო კონცეფცია, რა მთავარ მიზნებს, ამოცანებს უნდა ემსახურებოდეს ეს კონცეფცია, რამდენად ბრძოლისუნარიანია ჩვენი ჯარი და ა. შ.

– არსებობს სახელმწიფოს რამდენიმე მდგომარეობა: პირველი – სახელმწიფო საომარ პირობებშია, ანუ ქვეყანას ბრძოლა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის, არსებობისთვის უწევს და ა. შ.; მეორე – როცა ქვეყანა ნაწილობრივ ანექსირებულია ან სახელმწიფოში სეპარატისტული წარმონაქმნები იქმნება. მესამე მდგომარეობაა, როცა ქვეყანა მშვიდობიანე პერიოდშია. ამ დროს იგი ეკონომიკური აღმავლობის გზით მიდის. სამივე მდგომარეობისას სახელმწიფო თავის ფუნქციებს ასრულებს. განსხვავება შემდეგია – ამ მდგომარეობების მიხედვით, ცხადია, სხვადასხვა უწყებების გაძლიერების მიზანმიმართული კოეფიციენტი იცვლება. როცა ქვეყნის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, იგი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტის სტრატეგიის განმსაზღვრელი უნდა იყოს, რომლის ქვეშაც გარკვეული ნორმატიული აქტები მოიაზრება. ანუ სახელმწიფო თანამდებობის პირების ცვლის მიუხედავად თავისი კურსით მიდის. დაქირავებული ჩინოვნიკი ერთი მიდის და მეორე მოდის, ამით არაფერი იცვლება. ავიღოთ ამერიკის, თუნდაც მეზობელი თურქეთის, ან სხვა განვითარებული ქვეყნების კურსი – სახელმწიფოებრივი ხედვა სახელმწიფოს მმართველ სტრუქტურაში შემოსული პიროვნებების მიხედვით არასდროს იცვლება. ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესი და სტრატეგია არ იცვლება.

– ჩვენი სახელმწიფოებრივი ორიენტირი საითაა მიმართული, რა გზით მივდივართ?

– ჩვენ ჯერჯერობით მგონი ბაზისს ვქმნით, რათა სადღაც წავიდეთ. რეალობა ერთია – ნებისმიერი მოქალაქე, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს, მისი თვითშეგნება იმ მომავლისგან უნდა გამომდინარეობდეს, რაც მის შვილებს წინ ელოდებათ. იმ თაობის წარმომადგენელი გახლავართ, რომელსაც ამ 21 წლის მანძილზე საკმაოდ ბევრი ტკივილი, სიხარული, საკრიტიკო და მოსაფერებელი ჰქონდა. მაგრამ რეალურად, ვერსად წავედით, ჩვენი რიტორიკა კვლავ 1991-92 წლებში დარჩა.

– ბატონო კობა, 2008 წლის მოვლენებმა დაგვანახა, რომ თუ საკუთარი თავის იმედი არ გაქვს, სხვის იმედზე ყოფნა, აბსურდია.

– დიახ, ყოველ შემთხვევაში, მტერს ის მაინც უნდა დაანახო, რომ საკუთარი ქვეყნისთვის თავგანწირვისთვის ხარ მზად. ვიღაც შეიძლება მართლაც დაგეხმაროს, მაგრამ ერთი რამ უნდა გავიგოთ – ჩვენი ცხოვრებით ჩვენს ნაცვლად ვერავინ იცხოვრებს. ამაზე ფიქრი ილუზიაა. დღეს გვყავს პარტნიორები, რომლებიც გარკვეულ კრიზისულ მომენტებში ჩვენს გვერდით იდგნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები გვერდით გავწიოთ და ვიღაცას პრიორიტეტი მივანიჭოთ. ანუ ჩვენი ეროვნულობა უნდა წამოვწიოთ წინ. თქვენ 2008 წელი ახსენეთ, კრიტიკას ვერ უძლებს შემდეგი – გორში მომხვდური გვყავდა და ამ დროს თბილისში კონცერტი გავმართეთ. რომელ ეროვნულ იდეოლოგიაზე, თვითშეგნებაზეა საუბარი?! საქმე რაშია იცით? – სახელმწიფომ უამრავი პროფესიონალი მოამზადა, რომლებიც იმიტომ დაითხოვეს, რომ მათ ევროპული განათლება არ ჰქონდათ როდესაც უკვე გაზრდილ პროფესიონალს არ იყენებ, უგულველყოფ იმ 15-20 წელს, რაც მან ამ პროფესიას შესწირა და სანაცვლოდ ჯარს ახალგაზრდა გამოუცდელი, პარტიული ნიშნით შერჩეული კადრით აკომპლექტებ, ამით სისტემის დეგრადირებას ახდენ. ასევე, ხდება უკვე არსებული მარაგის უგულებელყოფა. მეორე – ავიღოთ ოდეერის ინსტიტუტი, რაზეც თავის დროზე ივანიშვილმაც ისაუბრა. რა ფუნქცია აბარია მას? არ შეიძლება გაურკვეველი მიზეზებით ერთი და იგივე ხალხი სამშობლოსთვის სამსახურში ჩასადგომად მზადმყოფ ადამიანს ბარიერს უქმნიდეს. არ შეიძლება უცებ შეიცვალო და ვინც გუშინ დამღადადებული გყავდა, დღეს ის გაამართლო, ანუ მთელი ეს სიტუაცია, რომლითაც გუშინ ხალხი იდამღებოდა, დღემდე გრძელდება. ავიღოთ მეორე მომენტი – ელემენტარულად, დავსვათ კითხვა – ქვეყანას აქვს თუ არა ჩავარდნა მაშინ, როდესაც კონკრეტული პირების მომზადებაში გარკვეული რესურსები ჩაიდო, მათ უმაღლეს რანგს მიაღწიეს, აქვთ სახელმწიფო ჯილდოები, მაგრამ მათი პოტენციალი დღეს გამოუყენებელია. არის თუ არა ეს დანაკარგი?! ამის უფლებას საკუთარ თავს ჩვენზე ბევრად დიდი და გამოცდილი ერები არ აძლევენ იმიტომ, რომ მათ იციან, თუ რამდენს ნიშნავს შიდა გამოცდილება. როდესაც არგუმენტი მოგყავს, თითქოს ასე ვიღაცის რეკომენდაციის გამო მოიქეცი ასე, ეს ტყუილია. არც ერთი სახელმწიფოს მოეხელე, მით უმეტეს, არც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი არავის მისცემს რეკომენდაციას – შენი ქვეყნის მოქალაქე სახელმწიფო სტრუქტურაში არ დაასაქმოო. თუ ამას გეუბნება, ე. ი. შენ მისი ინტერესის გამტარებელი უფრო ხარ, ვიდრე შენი სახელმწიფოებრივი ინტერესის გამტარებელი.

– ეს რას დავაბრალოთ, არაკომპეტენტურობას თუ შეგნებულ ქმედებას? ხშირად მსმენია ქართული ჯარი მტერს წინააღმდეგობას ვერ გაუწევსო.

– შეგნებულად ჩაგარტყამენ თავში ქვას თუ სიბრიყვით, შედეგი ერთია. დიახ, ვიღაცები ამობენ, სახელმწიფოს ჯარი არ უნდა, ვერ გაწევს წინააღმდეგობასო. მაშინ რატომ ვიღებთ საზრდოს, საბოლოო ჯამში ხომ მაინც უნდა მოვკვდეთ?! აბა, როგორ მოვედით დღემდე?! აბა, როგორ მოვიგეთ კრწანისის, დიდგორის ომი?! იმის მტკიცება, რომ ჩვენ არ ძალგვიძს ქვეყნის დაცვა, ეს, უბრალოდ, ღალატის შემცველი იდეოლოგიაა. რეგიონში დანარჩენ დიდ მოთამაშეებთან სახელმწიფო პრინციპით ურთიერთბალანსის შენარჩუნება შესაძლებელია. ჩვენი მეფეები ამ ბალანსს იკავებდნენ, ეს სახალხო დიპლომატია იყო. მაგრამ ახლა ჩვენ გაბუტულის პოზაში ყოფნა ვარჩიეთ იმიტომ, რომ რუსმა გაგვაბრაზა და აღარ ველაპარაკებით. პირიქით, უნდა ელაპარაკო, ყოველდღიური კომუნიკაცია გქონდეს, რათა დაანახო, თუ რა და როგორაა. ჩვენ კი რას ვაკეთებთ? – ვსაუბრობთ, რომ რუსეთი ჩვენი მტერია და ამ დროს ის ხალხი დავითხოვეთ სამსახურიდან, ვინც მათი მოქმედებების ტაქტიკა და სპეციფიკა იცის. ამ პრინციპით რომ შეგვეხედა, ვინ იყო მაზნიაშვილი, გენერალი კვინიკაძე, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, მაშინ სად მივალთ ასე? სხვაგან სად იყო ისეთი უმაღლესი ოფიცრების სამჭედლო, როგორიც საქართველოში ოდითგანვე ყოფილა – როდის გამოვიყენეთ მათი პოტენციალი?! ვინ გვიკიჟინებს ეროვნულობაზე, ვინ გვაძლევს მითითებებს?! გადახედეთ იგივე სააკაშვილის ბიოგრაფიას და ძმანი მისთას – რამდენი დღე აქვთ ქვეყნის სამსახურში ოფლი მოდენილი?! გულით მინდა, ეს ახალგაზრდა კაცი – ირაკლი ღარიბაშვილი და მისი მთავრობა წარმატებული იყოს. იმიტომ, რომ ეს პირდაპირ პროპორციულია ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების წარმატებისა, რათა მოსახლეობაში მორიგი იმედგაცრუება აღარ იყოს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, თუ რამე არ მომეწონება, მოვერიდო და ამის მიზეზი ვინმეს ვერ ვუთხრა. განა შეიძლება იხვეწებოდე, თუ შეიძლება ქვეყნისთვის მამსახურეო? ვრცელდება ვაკანსიები, არადა, ამ ადგილებზე უკვე დანიშნულია ხალხი – რა არის ეს, თუ არა თვალის ახვევის ტენდენცია? ახლა შიდა პრობლემატიკაზე ვსაუბრობდი, მაგრამ, აბა, გავიხედოთ, რა ხდება გარეთ, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეზე რეგიონში? სანამ საქართველოს საშუალება აქვს, უნდა გაძლიერდეს. ჩვენ ეს 9 წელიწადი დავკარგეთ. იმიტომ, რომ ხვალ ყარაბაღის საკითხი დარეგულირდება. მთელი პოტენციალი, მარაგი და რესურსი, რომელიც ერთმანეთთან დაპირისპირების, ისტერიული შეიარაღების შედეგია, სადღაც უნდა იყოს მიმართული. ამ ყველაფერმა სადღაც ხომ უნდა გააკეთოს კონცენტრაცია?! მით უმეტეს, რომ ამას წინ უძღვის რუსეთის პრეზიდენტის სიტყვები – ამიერკავკასიაში, მთლიანად კავკასიაში და, საერთოდ, აღმოსავლეთ სივრცეში რუსეთი საზღვრებს გადახედავსო. აქვეა სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელის განცხადება – თრიალეთის ქედზე 30 ათას ოსს დაბრუნების პრეტენზია გაუჩნდა. სად არიან ამ დრო ჩვენი ისტორიკოსები, სადაა სახელმწიფოს პოზიცია? თუ გვგონია, რომ ვიღაც დათესავს, მოსავლის აღებას და მაძღრად ყოფნასაც გვაცდის იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვინდა, ეს აბსურდია.

– თრიალეთის თემას რაც შეეხება, რა საფრთხეებია მოსალოდნელი ამ კუთხით, ხომ არ  იგეგმება საქართველოს გაყოფა?

– ამ შემთხვევაში მეზობლების მხრიდან, იქ, სადაც საზღვრები მეტ-ნაკლებად დაზუსტებულია, საფრთხეს ვერ ვხედავ. საფრთხეს უფრო სეპარატიზმის რეჟიმის გაღვივების თვალსაზრისით ვხედავ, რაც სამხრეთ-ოსეთიდან გამომდინარეა და იმ გაგრძელებაზეა, სადაც ჯერ ფიქსირებული საზღვარი არაა და თანაც ყოველ დღე ახალ მავთულხლართებს გვივლებენ. პლუს ამას, საუბარია იმაზეც, რომ იგი თავად გისახელებს გეგმას – გაკეთდება კორიდორი, რომელიც სასომხეთს რუსეთის ფედერაციასთან დააკავშირებს.

– ანუ ოსებს მხარს სომხებიც აუბამენ, არა?

– რასაკვირველია, სასომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება სხვა არაფერია. მით უმეტეს, რომ სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის უფროსი დასავლეთ საქართველოზე ცალკე, განზოგადებულად საუბრობს, აღმოსავლეთ საქართველოზე კი – ცალკე. ჩვენ რაზე ვსაუბრობთ ამ დროს, რას ვაკეთებთ? კრიზისული მართვის ცენტრი გასაგებია, მაგრამ ეს ცენტრი, ჩემი აზრით, უფრო მეტს უნდა ითვალისწინებდეს, ვიდრე აჭარაში წაქცეული ერთი ელექტრობოძის საკითხია. იმიტომ, რომ საკითხზე ჩვენი ფოკუსირება აბსოლუტურად არაადეკვატურია და იმ რისკ-ფაქტორეზე, რაც ჩვენი სახელმწიფოს წინაშე დგას, აბსოლუტურად არაპროპორციული აქცენტები კეთდება.

– არასწორმა ფოკუსირებამ რამდენად შესაძლებელია ნახევარი საქართველოს გარეშე დაგვტოვოს?

– ადვილი შესაძლებელია... ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე საუბარს დავუბრუნდები, ეს მხოლოდ სანგარში თოფის სროლით როდი გამოიხატება. ეს იმ წინააღმდეგობის მატარებელი პოტენციალია, რაც სახელმწიფოს გააჩნია. უდაოდ, ეს უდიდესი სტრატეგიული რეზერვი ქვეყნის მოსახლეობაა, ეს ამ ყველაფრის იდეოლოგია, სახელმწიფოებრივი ხედვა. იმიტომ, რომ ჩვენ მომსწრენი და მოწმენი ვიყავით ძალით გაბერილი რეზერვების სისტემის შექმნისა, რომელმაც 2008 წელს კრახი განიცადა მიუხედავად იმისა,რომ 4 წელი მის წარმატებულობას გვიკიჟინებდნენ. ჩვენ შეგვიძლია ამაზე სხვაგვარად ვისაუბროთ. იგივე, სამობილიზაციო რეზერვზე, რომელიც ხევსურეთში, ზემო სვანეთში გაკეთდა. ისინი საერთოდ საჯარისო ოპერაციებში არ მონაწილეობდნენ, მაგრამ მათ რეგიონი ხალხით შეავსეს, დაითესა საზღვრისპირა ადგილები, მოჰყავდათ მოსავალი, განვითარდა მეაქონლეობა, პლუს ამას უკაცრიელ ადგილებზე, სადაც გარკვეული შეიარაღებული ხალხი მიმოდიოდა, რომ დაინახეს ამ ყველაფერს პატრონი ჰყავდა, მათ ამ ტერიტორიიდან ფეხი აღიკვეთეს. ხომ მტკივნეულია, როდესაც ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების მიმდებარე სასაზღვრო ზოლი სხვისდება ეთნიკურად იმ სახელმწიფოს ეროვნების მოსახლეობაზე. ხომ შეიძლება დავაფიქსიროთ, რომ ეს შეიძლება არასახელმწიფოებრივი მიდგომა იყოს?!

– ბატონო კობა, ჩვენი ჯარი რიცხოვნობით ამჟამად რამდენია, 40 ათასამდე?

– არა, უფრო ნაკლები. ახლა საუბარი მიდის იმაზე, რომ მისი შემცირება უნდა მორხდეს. ვერ მოვისმინე არგუმენტი, თუ რატომ უნდა შემცირდეს ჯარი და რამდენით. იმიტომ,რ ომ რეალურად შეიარაღების შეზღუდვა და შეიარაღებული რესურსის ყოლა არ გიკრძალავს 1 %-ზე ნაკლების ყოლას. რეალურად თუ ვისაუბრებთ, აქ სხვა მოცემულობა დგება, ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარეობს, თუ რა ამოცანები გვაქვს წინ – შეიძლება ჩვენ მთლიანად გადასული ვართ სუროგატული არმიის მშენებლობაზე, რომლის ნიშნებიც იკვეთება. პარალალური ამოცანები უნდა ასრულო, მაგრამ არა შენი სახელმწიფოებრივი ინტერესების ხარჯზე.

სხვათა შორის, აფხაზეთის, სამაჭაბლოს ბრძოლებში სახელმწიფომ საკმაოდ დიდი თანადგომა გასწია – დაღუპულების მარჩენალ ოჯახებს გარკვეული კომპენსაციები დაენიშნათ. ეს მისასალმებელია. ჩვენნაირი ხალხისთვის ძირითადი ტვირთი მოსახლეობაზე გადადის, ანუ ომში ებმება ჯარი, ომს ამთავრებს – მოსახლეობა. ანუ მოსახლეობაში გაშლილ სარეზერვო სისტემაზე მაქვს საუბარი. გავიხსენოთ ისრაელი, შვეიცარია და ა. შ. თითოეული ამ სახელმწიფოს უდიდესი პოტენციალი აქვს თავისი შიდა მოსახლეობრივი რესურსით.

– ისრაელში თითოეული მოქალაქე სამხედრო მოსამსახურესთანაა გათანაბრებული, არადა ჩვენსავით მცირერიცხოვანი ერია.

– მესმის, ჩვენზე პატარა ტერიტორიები აქვთ. მაგრამ მათ იმის ილუზია, რომ ჯარი არ სჭირდებათ, არასოდს ჰქონიათ. არც იმის ილუზია ჰქონიათ, რომ ვინმეს ვერ მოვერევითო, ეს უკვე იდეოლოგიას აკნინებს. ჩვენ მორევაზე არ ვართ ორიენტირებული და არც უნდა ვიყოთ. ძირითადი პრინციპი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფიდან უნდა გამომდინარეობდეს. რა რესურსია, რა შესაძლებლობები, ეს მეორე საკითხია. სტრატეგია ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაზე აწყობილი და დალაგებული უნდა იყოს. ეს მისი უსაფრთხოების სისტემაზე აწყობილი და დალაგებული უნდა იყოს. ეს მისი უსაფრთხოების კონცეფციიდან და დოქტრინიდან გამომდინარეობს. ჩვენ ვისაუბრეთ მეზობლებზე. სასომხეთის ჯარში, მის სამხედრო კონცეფციაში პირდაპირაა მითითებული, რომ სასომხეთის სახელმწიფო და მისი შეიარაღებული ძალები ვალდებულია თავისი მოქალაქეების ინტერესები ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიაზე დაიცვას. აზერბაიჯანის სახელმწიფოს კონცეფცია ითვალისწინებს იმას, რომ ნებისმიერი ახალგაზრდა, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელია, შეიძლება ჩაითვალოს აზერბაიჯანის ჯარის პირად შემადგენლობაში შემავალ ერთეულად და მას შეუძლია ამ პრივილეგიებით ისარგებლოს.

– ჩვენი ქვეყნის კონცეფციაში რა წერია?

– ჩვენ გვიჭირავს ხელთ არჩევნებიდან არჩევნები, კაბინეტიდან კაბინეტები, შეიძლება ამ სიას სამაღარიჩო სუფრებიც დავამატოთ. ასევე, ხელთ გვაქვს რეფორმა, რეორგანიზაცია, რესტრუქტურიზაცია, სულ სადღაც შევდივართ, გამოვდივართ, სულ ისტერიკაში, ვიღაცის დევნაში ვართ, ან ჩვენს დევნაშია ვიღაც. აი, ეს გვიჭირავს ხელთ რეალურად.

– ბოლოს რუსეთთან ურთიერთობებზეც მინდა გკითხოთ...

– ცხადია, ყველა მეზობელთან უდაოდ პრაგმატული პოლიტიკაა ასაწყობი და არ უნდა იყოს ისტერიული მიმდინარეობა – ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდნა. ვუყურებდი, როგორ დახვდნენ საქართველოში ბრეჟნევს ვიზიტისას და ასევე ვუყურე, როგორ დახვდნენ ბუშს. დიდი განსხვავება ვერაფერი ვნახე. ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნა ყველაზე დამღუპველი და არასწორია. ნებისმიერ პარტნიორ ქვეყანასთან სათანადო მეგობრობის დონეზე. ხოლო იმ სახელმწიფოსთან, რომელიც მოწინააღმდეგე და მტერია, შესაბამის კონდიციასა და პროცესში უნდა ვიყოთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, გაბუტულის პოზიცია გეჭიროს. შეიძლება კაცი იყოს მტერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, საკუთარ თავში მასთან დალაპარაკების უნარი ვერ იპოვო. ეს ვალდებულებაა, რაც სახელმწიფო ინტერესებიდანაა ნაკარნახევი. იმ ტრაგედიებში, რაც საქართველომ ბოლო 20 წლის მანძილზე გადაიტანა, რუსეთი არამარტო მონაწილე, არამედ ამ ყველაფრის შემოქმედია. სეპარატისტული რეჟიმების წახალისებით მან თვითონ მიიღო კავკასიაში ცეცხლი, რომელსაც ვერ აქრობს. ეს ერთი და მეორე, რაც შეეხება აშშ-ის პოზიციას საქართველოს მიმართ – ეს უდაოდ მეგობრულია, ბევრ კრიზისში თანადგომის პოზიციაა, მაგრამ ვიმეორებ – საქართველოც არ რჩება ვალში იმიტომ, რომ თავისი პოტენციალის მაქსიმალური დაძაბვით ნებისმიერ მიმართულებაზე იმ მეგობრობის ხარკს იხდის, რაც აღებული აქვს.

– ეს ხარკი ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენი ჯარი გარკვეული ძალების სარეზერვო ფონდია?

– არა, არა, ვერ ვიტყვი ამას. გააჩნია, რა თვალსაზრისით, რა კუთხით შევხედავთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს დამატებითი გამოცდილების შეძენაა და რაღაც შემადგენლობის მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში ყოფნა, ეს კარგია. მაგრამ ეს კარგია იმ შემთხვევაში, როცა პარალელურ რეჟიმში არის ბირთვი, რომელიც უმთავრეს ამოცანაზე – ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზეა პასუხისმგებელი.

– ეს ბირთვი გაგვაჩნია?

– ეს ბირთვი არაა მარტო შეიარაღებული ძალები. ეს უნდა იყოს, როგორც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის რეზერვი, სამობილიზაციო სისტემა, რეზერვისტები და ა. შ. ეს უკვე ეროვნული გვარდიის ფუნქციაა, რომელიც შეიძლება კრიზისულ სიტუაციებში იყოს გამოყენებული.

 

თამარ შველიძე

 

გაზეთი „საერთო გაზეთი“

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016