ვამაყობ, რომ ქვეყანას, რომელსაც ვემსახურებოდი, ასეთი მოსამართლე ჰყავს, - ამის შესახებ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებულმა მერაბ კიკაბიძემ განაცხადა. მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებული ვითარებიდან გამომდინარე გამამართლებელ განაჩენს ელოდა. „ბატონ მოსამართლეს, მართლაც მის ღირსებას, გიორგი დარახველიძეს ეყო გამბედაობა, გმირობა და გამოიტანა ასეთი განაჩენი ყველა ბრალდებულის მიმართ. დიდი მადლობა ამისთვის. ვამაყობ, რომ ქვეყანას, რომელსაც ვემსახურებოდი, ასეთი მოსამართლე ჰყავს", - აღნიშნა კიკაბიძემ. ე.წ სამხედროების წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეზე ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულ 7 პირს ყველა საბრალდებო მუხლი მოეხსნათ. მოსამართლე გიორგი დარახველიძემ განაჩენის გამოცხადებისას აღნიშნა, რომ 8 ბრალდებულიდან ორს - ალექსანდრე გორგაძეს და ზურაბ შამათავას 140-დღიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაეკისრათ საქმის ერთ-ერთი ეპიზოდის, პაატა პაატაშვილის შეურაცხყოფისთვის, თუმცა აღნიშნული მუხლი ამნისტირებულია და ორივე ბრალდებულს დაკისრებული სასჯელი გაუბათილდა.