ჟურნალი „ლელო" თბილისის „დინამოსა" და სსრ კავშირის ნაკრების ყოფილი კაპიტნის მურთაზ ხურცილავასთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის „დინამოდან" წასვლის პერიოდს იხსენებს.
„დინამოდან" წასვლა ცუდად მახსენდება. არ ვიცი, რატომ და რისთვის, 1972 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონი და ოლიპმიადის ბრინჯაოს მედალოსანი რომ გავხდი, მაშინვე დაიწყეს „დინამოდან" ჩემს გაშვებაზე ლაპარაკი. საბედნიეროდ, ამ ტალღამ გადაიარა, მაგრამ 1975 წელს მაინც გამიშვეს. გულშემატკივარს ჩემი დარჩენა სურდა. 31 წლის ვიყავი და კიდევ ორი წელი თავისუფლად ვითამაშებდი, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადმა მაინც მომიხდა. საერთოდ, გამოცდილი ხალხის ასე გაშვება „დინამოს" ავადმყოფობა იყო. გუნდიდან წასულ ერთ ფეხბურთელსაც ვერ დავასახელებ, რომელსაც გული არ ატკინეს. ტრაბახს არ დავიწყებ, მაგრამ შემოთავაზება მქონდა საბჭოთა კავშირის წამყვანი რუსული და უკრაინული გუნდებიდან - კიევის „დინამოდან", „სპარტაკიდან"... მაგრამ თბილისის „დინამოს" წინააღმდეგ ვერაფრის დიდებით ვერ ვითამაშებდი. სეზონი დასრულდა. ბუცები ჩამოვკიდე და ფეხბურთიდან საბჭოთა კავშირის ნაკრების მაისურით გამაცილეს. „დინამოს" ჩემთვის გული ბევრჯერ უტკენია, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მსურს. ამის მიუხედავად, ეს გუნდი ჩემი ცხოვრება იყო და დღემდე ასეა", - აცხადებს ყოფილი ცენტრალური ნახევარმცველი.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)