ქალების დიასახლისობისადმი მიდრეკილება, ხშირად მათი ხასიათის მთავარ შტრიხებსა და ფსიქოტიპს ეფუძნება. მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ ქალებში დიასახლისობის ნიჭი, მათი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
ვერძი რომ სანიმუშო დიასახლისების რიგს რომ არ მიეკუთვნება, ამას ნებისმიერი ვერძი ქალი სიხარულით აღიარებს. თუმცა, თუ მაინც უწევს წესრიგის დამყარება, სწრაფად და დინამიურად ატარებს ამგვარ სამუშაოებს. რეცხავს, ხეხავს, მტვერსასრუტს აგუგუნებს. პარალელურად აუთოებს და მტვერსაც წმენდს. სამაგიეროდ, შემდგომი ორი კვირა შეუძლია თავი მთლიანად მიუძღვნას პროფესიულ საქმიანობას.
კუროები წესრიგის, სისუფთავისა და სასიამოვნო სურნელების მოყვარულთა კატეგორიაში გადიან. თუმცა, კურო ქალი თანდაყოლილი სიდინჯის და გარკვეული სიზარმაცის გამო, სახლის დალაგების პროცესს ერთ, ორ ან სამ დღეზეც კი წელავს ხოლმე. დღეს ერთ ოთახს მოიყვანს წესრიგში, ხვალ მეორეს, ზეგ სამზარეულოს. შუალედებში გემრიელად წაიხემსებს, ყავას დალევს და ა.შ.
ქალი ტყუპი სწრაფი, დინამიკური და მოქნილია. სახლის დალაგებას იგი როგორც წესი ოთახების განიავებითა და მტვერის გადაწმენდით იწყებს. თუმცა, ამ საქმიანობის იქეთ მისი შემართება ხშირად ვეღარ ქაჩავს. მართალია, პერიოდულად მაინც უწევს საკუთარ ნივთებს, სამოსსა და საქმიან ქაღალდებს შორის გარკვეული წესრიგის დამყარება, ისევ და ისევ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე (ოდესმე ხომ უნდა იპოვნოს სადღაც გაბნეული მობილური ტელეფონი?).
კირჩხიბი მოწესრიგებული, სისუფთავისა და სიმყუდროვის მოყვარული ქალია. მას თანდაყოლილი ნიჭი გააჩნია შექმნას ამინდი ოჯახში. ამ ამინდს კი მის მიერ მილაგებული სახლი, სუფთა-დაწკრიალებული ჭურჭელი, გემრიელი სადილი და მამაკაცისთვის კომფორტის მოწყობის ხელოვნება განაპირობებს. მიბაძეთ კირჩხიბს!
ლომს ძალიან უჭირს საკუთარ თავს დიასახლისობა დააძალოს. რა მისი ბრალია თუ შინაგანად თავს დედოფლად აღიქვამს და ყოველთვის იმედი აქვს, რომ სახლს თუ დედამთილი არა, საიდანღაც მოსული ზღაპრული გნომები დაულაგებენ. ერთადერთი მომენტი, როცა ლომ ქალს სახლის დალაგება უხარია, არის მისი საკუთარი დაბადების დღის წინა საღამო. დღესასწაულისთვის მზადება ხომ დედოფლისთვის ყველაზე ამაღელვებელი მომენტია.
ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები მისაბაძი მაგალითები არიან „დიასახლისოლოგიაში“. ამ ქალს როგორც წესი, სისუფთავისა და წესრიგის სიყვარული ვირუსული დაავადებასავით აქვს ორგანიზმში ფესვგადგმული. ამიტომ არ გაგიკვიდრეთ, თუკი საფერფლეს იმაზე სწრაფად გაგისუფთავებთ, ვიდრე თქვენ მორიგი ღერი სიგარეტის ამოღებას მოასწრებდეთ კოლოფიდან.
სასწორს წესრიგი და ჰარმონია ძალიან უყვარს. უფრო ლამაზი ატმოსფეროს შექმნა იზიდავს, ვიდრე სახლის გენერალურად დალაგება და რეცხვა-ხეხვის მომქანცველი პროცესი. ურჩევნია ფერად-ფერადი ბალიშებით შექმნას მხატვრული ქაოსი, ვიდრე აწეწილი გადასაფარებელი გაასწოროს ტახტზე.
მორიელს სახლის დალაგება ყოველთვის კოლექტიურად ურჩევნია. დამხმარეებს კი როგორც მოხალისეს ისე იძულების წესით, იგი აუცილებლად იპოვნის ოჯახში. ასე საქმე სწრაფად წავა წინ. ვერ ვიტყვით რომ წესრიგის განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა, მაგრამ პერიოდულად დალაგების და ოჯახური ატმოსფეროს გადახალისების მოთხოვნილებას სრულიად სპონტანურად იღებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ვინმეზე დაბოღმილია. ასე ფსიქოლოგიური განტვირთვაც კარგად გამოსდის და სახლიც იდეალურ წესრიგშია.
მშვილდოსანი ქალები ალბათ ყველაზე მეტად ვერ იტანენ საოჯახო საქმეებს დანარჩენ ზოდიაქოს ნიშნებს შორის. ამიტომ გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ ქალი მშვილდოსნის სახლში, როგორც მის ჭეშმარიტად ფილოსოფიურ აზროვნების უნარს შეეფერება, მუდმივად მეფობს გლობალური ქაოსი.
თხის რქა ძალიან მოწესრიგებული, გაწონასწორებული და კომფორტის მოყვარული ნიშანია. ამიტომ ქალი თხის რქის სახლი კარგად გამართული საათის მექანიზმს წააგავს. ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი აქვს იქ. ნივთებსაც და ადმიანებსაც.
მერწყული შემოქმედებითი, უზომოდ კრეატიული და არაპროგნოზირებადი ქალია. აქედან გამომდინარე, სირცხვილიც კია კაცმა მას სახლში წესრიგის დაცვა და ტრადიციული დიასახლისის როლის მორგება მოსთხოვოს. სამაგიეროდ, არაჩვეულებრივი იმპროვიზაციის უნარი გააჩნია კულინარიაში და მის სამზარეულოში არსებულ ქაოსს ამ ფონზე ვერც კი შეამჩნევთ.
თბილი სახლი, სიმყუდროვე, ფინჯანი ჩაი და საუბარი ხელოვნებაზე – აი, ნებისმიერი თევზი ქალისთვის საოცნებო სიტუაცია. მართალია, ამასთან ერთად, შიგადაშიგ მაინც მოასწრებს სახლის დალაგებას. მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ რამდენიმე დღის მანძილზე საინტერესო წიგნის კითხვამ ან ფილმმა გაიტაცა, ნუ ჩაუთვლით ამას დანაშაულად.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)