„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2007 წლის 16 მარტის N3 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შესატანად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
როგორც კომისიაში აცხადებენ, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას საფუძვლად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის 9 ოქტომბერს ძალაში შესული ცვლილებები დაედო.
კანონში შემდეგი სახის ცვლილებები შედის: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს თავად კომისია, სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ძველი რედაქციის თანახმად, კომისიის თავმჯდომარის პოსტზე კომისიის ხუთი წევრიდან ერთ-ერთს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავდა.
საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2014 წლის 27 თებერვალს არის ჩანიშნული.