საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში სოჭის ოლიმპიადაში მონაწილე ქართველ სპორტსმენებთან შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრებიან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობაში ზურაბ აბაშიძე, ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.
როგორც შეხვედრის დაწყებისას ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა განაცხადა, სოჭში ხვალ თვითონ და ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი გაემგზავრება.
სოჭში საქართველოს დელეგაცია ორ ჯგუფად გაემგზავრება. პირველი ნაწილი მიდის ხვალ, ხოლო ძირითადი ნაწილი 6 თებერვალს გაემგზავრება. რაც შეეხება ელენე გედევანიშვილს, ის ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდება.
ამასთან, შეხვედრის გახსნისას ოლიმპიური ფიცი დადო მოთხილამურე ნინო წიკლაურმა, რომელიც ოლიმპიადის გახსნაზე საქართველოს ნაკრების მედროშე იქნება.
სოჭის ოლიმპიადაზე სულ ოთხი ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას: მოთხილამურეები ნინო წიკლაური, იასონ აბრამაშვილი, ალექსი ბენიაიძე და მოციგურავე ელენე გედევანიშვილი.