ქ. ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი გადამხდელის კუთვნილ ობიექტზე, საკონტროლო შესყიდვისას სალარო აპარატით სავალდებულო ჩეკის ამორტყმის ოპერაცია არ განხორციელდა და, სსკ-ის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგა. აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელისათვის ეს შემთხვევა საგადასახადო სამართალდარღვევის მეშვიდე ფაქტია. დაჯარიმების შემდეგ, მეწარმემ საგადასახადო ოფიცრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა. გარდა ამისა, გადამხდელმა ერთ-ერთ ოფიცერს თავისუფალი გადაადგილება შეუზღუდა და კუთვნილ მაღაზიაში ჩაკეტა. ოფიცრის გათავისუფლება მხოლოდ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა ჩარევით გახდა შესაძლებელი. სსკ-ის 277-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის გამო, სამართალდარღვევის კიდევ ერთი ოქმი შედგა, რაც სანქციის სახით 800 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.
ძალადობის სხვა ფაქტები, რამდენიმე დღის წინ, თბილისსა და აბაშის რაიონშიც დაფიქსირდა. თბილისში, ვერცხლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ობიექტზე, შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილ პირებს გადამხდელის თანმხლებმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თბილისის ინციდენტის მონაწილე გადამხდელისათვის ამ დღეს სალარო-საკონტროლო აპარატის გამოუყენებლობის გამო რიგით მეოთხე სამართალდარღვევის ოქმი შედგა. აბაშის რაიონის სოფელ მარანში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს ექვსი მოქალაქე ჯგუფურად გაუსწორდა და მათ სხეულის მრავლობითი დაზიანება მიაყენა.