1 აგვისტოს „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა" ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში ოფიციალურად გაიხსნა, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები წელს, პირველად მონაწილეობენ.
ოლიმპიადაში, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, მსოფლიოს 80 ქვეყნიდან ათასობით პოლიციელი სპორტის 70-მდე სახეობაში ასპარეზობს. წელს კი მათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც შეურთდნენ. ქართველი პოლიციელები სპორტის 7 სახეობაში: ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ძალოსნობა, მკლავჭიდი, კრივი, სროლა, ცურვა - მიიღებენ მონაწილეობას.
წელს ქართული დელეგაცია ოლიმპიადაზე 16 სპორტსმენით წარსდგება, რომლებსაც წარმატებული სპორტული კარიერა ჰქონდათ და დღემდე აქტიურად არიან ჩართული სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ქართველი სპორტსმენი პოლიციელები იმედოვნებენ, რომ ოლიმპიადაზე არაერთ საპრიზო ადგილს დაიკავებენ.
„მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა" 12 აგვისტოს დასრულდება.