reportiori.ge - თემურ ქეცბაიას ხელფასთან დაკავშირებით, სპორტის სამინისტრო ლევან ყიფიანის წერილს აქვეყნებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:50
სპორტი
თემურ ქეცბაიას ხელფასთან დაკავშირებით, სპორტის სამინისტრო ლევან ყიფიანის წერილს აქვეყნებს
ავტორი:
04 თებერვალი, 2014. 15:19

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს წერილს, რომელიც მინისტრმა ლევან ყიფიანმა ფეხბურთის ფედერაციაში ნაკრების მწვრთნელის ხელფასის მოთხოვნის საპასუხოდ გაგზავნა.


როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მედიასაშუალებებით სხვადასხვა ინფორმაცია გავრცელდა. აქედან გამომდინარე, ითვალისწინებენ რა საზოგადოების დიდ ინტერესს, ყიფიანის უწყება აქვეყნებს წერილს, რომელიც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ნაკრების მწვრთნელის ხელფასის მოთხოვნის საპასუხოდ გაიგზავნა.


„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ განიხილა მიმდინარე წლის 17 იანვრის N03/15 წერილი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელთან გაფორმებული ხელშეკრულებით 2014 წლის იანვრის თვეში კუთვნილი თანხის (220 975 ლარი) მოთხოვნის თაობაზე.


კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ ჩვენს შორის შემდგარი არაერთი შეხვედრის დროს გაჟღერებული იქნა სახელმწიფოს პოზიცია, მიმდინარე ეტაპზე ეროვნული ნაკრებისთვის მაღალანაზღაურებადი მწვრთნელის მიუღებლობის შესახებ, ასევე არაერთხელ დაისვა საკითხი იმის თაობაზე, რომ სფფ-მ შეასრულოს მთავარ მწვრთელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობა, შესაბამისმა ორგანომ შეაფასოს მთავარი მწვრთნელის საქმიანობა და მიღებული იქნას ობიექტური გადაწყვეტილება.


ჩვენთვის და საზოგადოებისთვის უცნობია, თუ როგორ აფასებს სფფ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის საქმიანობას. კიდევ ერთხელ, ამჯერად წერილობით ვაფიქსირებთ სახელმწიფოს ხედვას იმის, რომ არსებული შედეგების გათვალისწინებით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ხელფასის ანაზღაურება არ უნდა იყოს წელიწადში 400 000 ლარზე მეტი.


მიგვაჩნია რომ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიზანშეწონილია დაფინანსდეს U-15 და ზედა ასაკობრივი ნაკრებები, ასევე გაურკვეველი და გაუგებარია, თუ რა კრიტერიუმით/პრიორიტეტით არის შერჩეული, როგორც მწვრთნელთა (სხვადასხვა შემთხვევებში 3, 4 ან 5 მწვრთნელი) რაოდენობები ასაკობრივი ნაკრებების თვალსაზრისით, ასევე მათი სახელფასო განაკვეთები. აქედან გამომდინარე, გვაქვს საფუძველი დავასკვნათ, რომ ადგილი აქვს სუბიექტურ და უსისტემო მიდგომას საკითხისადმი.


ეს კი მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში, მით უფრო როდესაც საკითხი საბიუჯეტო თანხების ხარჯვას ეხება. გვინდა შეგახსენოთ, რომ ფეხბურთში, ისევე როგორც სპორტის ნებისმიერ სახეობაში მწვრთნელების წარმატება მათ სპორტულ შედეგზეა დამოკიდებული, აქედან გამომდინარე, სამინისტროს მიერ შემუშავებული და მიღებული იქნა სპორტსმენთა და მწვრთნელთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა", რომელიც შედეგზე ორიენტირებული, წარმატებული მწვრთნელებისა და სპორტსმენების დამატებით ფინანსურ წახალისებას გულისხმობს. შესაბამისად, არცერთი წარმატებული ნაბიჯი, თუ მიღწევა სახელმწიფოს მხრიდან ყურადღების მიღმა არ რჩება და მეტი მოტივაციის საფუძველია.


სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების თქვენეულ გაწერაში არაფერია ნათქვამი სფფ-ის პოლიტიკის შესახებ რეგიონებში ბავშვთა ფეხბურთის განვითრების თვალსაზრისითაც, იმ დროს როდესაც სტატისტიკურად ფეხბურთელთა შევსება ძირითად შემთხვევებში რეგიონებიდან მოდიოდა და სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ მიმართულებით უნდა იყოს აქცენტირებული.


სფფ-ს მიერ ამ კუთხით დაგეგმილი და განსახორციელებელი ღონისძიებები პრიორიტეტებში არ ზის.

 

მიზანშწონილია, სახელმწიფოს სახსრებიდან გარკვეული ღონისძიებები დაგეგმილი და განხორციელებული იქნას რეგიონებში, რაც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას რეგიონებში და გააიოლებს სელექციას, ხოლო მეორე მხრივ, რეგიონული ფედერაციები მიიღებენ გარკვეულ ფინანსურ რესურსს, გააუმჯობესებენ მენეჯმენტს და შეძლებენ დაიბრუნონ ესოდენ მნიშვნელოვანი ფუნქცია.


რაც შეეხება უმაღლსი ლიგის კლუბების პრობლემას, სამწუხაროდ, ვერც აქ დავინახეთ თქვენი მიზანმიმართული ნაბიჯები პრობლემის მოგვარების მიზნით, გარდა განცხადებებისა, სადაც ხელს სახელმწიფოსკენ იშვერთ. მიგვაჩნია, რომ არსებული დაფინანსების პირობებშიც შესაძლებელია უმაღლესი ლიგის კლუბების დახმარება (თითოეული კლუბი - 200000X12=2 400 000 ლარი), თუ თანხები რაციონალურად იქნება გადანაწილებული. არავის აქვს ილუზია იმისა, რომ ეს თანხა პრობლემას მოაგვარებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ქმედითი ნაბიჯი გადადგმული სახელმწიფოს მხრიდან და კარგი ადმინისტრირების პირობებში დღის წესრიგზე დააყენებს ფეხბურთის განვითარების გრძელვადიანი პროგრამის დამტკიცებას, რომლის წარმოდგენაც არაერთხელ გთხოვეთ და დღემდე ამაოდ ველოდებით.

 

გთხოვთ, გულდასმით მოეკიდოთ წერილში აღნიშნულ საკითხებს, საბიუჯეტო სახსრები გადაანაწილოთ რაციონალურად და გაატაროთ მწყობრი პოლიტიკა ფეხბურთის განვითარებისთვის", - ნათქვამია ლევან ყიფიანის წერილში.


საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელის, თემურ ქეცბაიასა და მისი შტაბის ხელფასს სახელმწიფო აღარ გადაიხდის. ამის შესახებ გაზეთი ლელო" წერს.


არსებული ინფორმაციით, ეს თანხა 2,52 მილიონ ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ამ თანხას აქამდე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო იხდიდა.


სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მწვრთნელს ანაზღაურებას ეს უკანასკნელი გადაუხდის.




(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016