„საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ ბრიტანული უმსხვილეს მულტინაციონალური საბანკო და საფინანსო სერვისების კომპანიის BARCLAYS მენეჯმენტს შეხვდა.
BARCLAYS-ის ვიცე თავმჯდომარე მაკრამ აზარი, დირექტორები ჯულიან მაკედო და ბარის ეფე და ვიცე პრეზიდენტი გიორგი თხელიძე ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს სწავლობენ. "საპარტნიორო ფონდის" გარდა ისინი შეხვდნენ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და კომერციული ბანკების წარმომადგენლებს.
"ჩვენთვის საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა. აქ ჩამოვედით, რომ ადგილზე გავეცნოთ ყველა შესაძლებლობას. ქვეყანას კარგი გეოპოლიტიკური მდებარეობა უკავია და მნიშვნელოვან კორიდორს წარმოადგენს დასავლეთ ნაწილის და აზიის, კერძოდ ჩინეთთან დასაკავშირებლად", - განაცხადა BARCLAYS საინვესტიციო ბანკინგის ვიცე-თავმჯდომარე მაკრამ აზარიმ შეხვედრაზე.
"საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ ბრიტანელ სტუმრებს გააცნო ფონდის მისია, მანდატი და პრიორიტეტული სექტორები. ეს არის სოფლის მეურნეობა, წარმოება, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა.
"საპარტნიორო ფონდის" ინფორმაციით, სტუმრებმა განსაკუთრებული დაინტერესებდა გამოხატეს ფონდის შვილობილი კომპანიების "საქართველოს რკინიგზის" და "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" საქმიანობის შესახებ.
საუბარი შეეხო ასევე 2014 წლის ფონდისთვის პრიორიტეტულ სექტორებს. ირაკლი კოვზანაძის განაცხადებით, ფონდში ამჟამად განიხილება დაახლოებით 23 პროექტი სხვადასხვა სფეროებიდან. მანვე სტუმრებს მიაწოდა "საპარტნიორო ფონდის" ბაზაზე სუვერენული ფონდის შექმნის შესახებ ინფორმაცია, რაც მომავალში ინვესტორებს შორის სანდოობის გაზრდას და მოქმედების მეტ საშუალებას მისცემს მენეჯმენტს.
"ცვლილების მიზანია ქვეყანაში ჩამოყალიბდეს მსოფლიოში აპრობირებული სუვერენული ფონდების მსგავსი სტრუქტურული ერთეული, რომელიც გამჭვირვალობის ბევრად მეტ ელემენტს შეიძენს და უფრო ადვილად გასაგები იქნება უცხოელი ინვესტორებისთვის. სუვერენული ფონდის ჩამოყალიბების შემდეგ შევძლებთ განვიხილოთ მცირებიუჯეტიანი პროექტებიც და ასევე გავზარდოთ ფონდის პორტფელიც", - განაცხადა კოვზანაძემ.