ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკას დიდ ზიანს აყენებს კორუფციის არნახული ზრდა: ყოველწლიური დანაკარგი 120 მილიარდ ევროს აღწევს, რაც ეკ-ის ბიუჯეტს ბევრით არ ჩამორჩება.
ბრიუსელში გამოქვეყნდა ევროკავშირის საშინაო საქმეების კომისრის სესილია მალსტრემის მოხსენება იმასთან დაკავშირებით, თუ რა უშლის ხელს ევროპაში ბიზნესის განვითარებას .
ევროპაში პრობლემის მასშტაბი წარმოუდგენლად დიდია – წერს მალსტრემი. ორგანიზებული დანაშაული განსაკუთრებით გავრცელებულია ბულგარეთში, რუმინეთში და იტალიაში, ხოლო მექრთამეობა და გადასახადების დამალვა 28-ვე ქვეყნისთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
მალსტრემი აღნიშნავს, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში უგულვებელყოფენ კორუფციასთან ბრძოლის კანონებს, უფრო მეტიც: მათ ხშირად დაუსჯელად არღვევენ, რადგან ევროპელ სამართალდამცველებს რესურსი არ ყოფნით. ზოგიერთ ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლის პოლიტიკური ნებაც არ არსებობს.
მოხსენების ავტორებს მოჰყავთ საზოგადოების სხვადასხვა ფენების გამოკითხვის შედეგები: ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეთა 75 % თვლის, რომ მათ ქვეყანაში კორუფციას ფესვები ღრმად აქვს გადგმული.
(მოამზადა თამაზ ჩიქვანაიამ)