reportiori.ge - დღევანდელ დღეს ბობ მარლი დაიბადა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 14:52
კულტურა
დღევანდელ დღეს ბობ მარლი დაიბადა
ავტორი:
06 თებერვალი, 2014. 11:46

მერიტის ორდენის მფლობელი იამაიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი ნესტა რობერტ ბობ მარლი  1945 წლის 6 თებერვალს დაიბადა. იგი ცნობილი გახდა ჯგუფთან Bob Marley & The Wailers (1963-1981) ერთად სკას, როკსტედისა და რეგის შესრულებით. მარლი რჩება რეგის ჟანრის ყველაზე ცნობილ შემსრულებლად და აღიარებულია იამაიკური მუსიკისა და რასტაფარის მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად.


მარლის მუსიკაზე გავლენა იქონია მისი სამშობლოს სოციალურმა პრობლემებმა. აღიარებულია, რომ მუსიკოსმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ მოვლენებში წვლილის შეტანაში. მისი ცნობილი სიმღერებია „I Shot the Sheriff", „No Woman, No Cry", „Could You Be Loved", „Stir It Up", „Jamming", „Redemption Song", „One Love" და „The Wailers"-სთან ერთად შექმნილი „Three Little Birds". გარდა ამისა, ცნობილია მისი სიმღერები, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიცა: „Buffalo Soldier" და „Iron Lion Zion". კრებული „Legend" (1984), რომელიც მისი გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ გამოვიდა, წარმოადგენს რეგის ჟანრის ყველაზე გაყიდვად ალბომს, რომელიც აშშ-ში 10-ჯერ გახდა პლატინის სტატუსის მფლობელი. მსოფლიო მასშტაბით სულ გაიყიდა ალბომის 20 მილიონზე მეტი ასლი.


ბობი დაიბადა სოფელში Nine Mile (წმ. ანა პერიში, იამაიკა). იამაიკური წესებით პასპორტში მის სახელსა და მამის სახელს ადგილი შეუცვალეს.მამა, ნორვალ მარლი, იყო ინგლისური წარმოშობის თეთრკანიანი იამაიკელი, რომლის ოჯახი მომდინარეობდა ესექსიდან (ინგლისი). მთელი ცხოვრების მანძილზე ბობს უსვამდნენ კითხვებს მისი რასობრივი წარმოშობის შესახებ. თავად კი პასუხობდა, რომ ამას მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა და იგი მიეკუთვნებოდა მხოლოდ ღმერთს, მის შექმნელს.


მიუხედავად იმისა, რომ მისი ფუძე კათოლიკურ რწმენაში იყო, მარლის იზიდავდა რასტაფარული რწმენა - ამაში თავისი როლი ითამაშა დედისგან შორს ცხოვრებამ და მის გავლენისგან მოწყვეტამ. იამაიკაზე დაბრუნებისთანავე იგი რასტაფარელი გახდა და დაიწყო ცნობილი დრედ ნაწნავების ტარება.

 

ევროპული ტურის დაწყებამდე მარლიმ ფეხბურთის თამაშისას დაიზიანა ფეხის თითი. 1977 წელს მას აღმოუჩინეს ავთვისებიანი სიმსივნის, მელანომის ერთ-ერთი ფორმა. მიუხედავად ავადმყოფობისა, მან განაგრძო ტური და უარი თქვა თითის ამპუტაციაზე, ვინაიდან რასტაფარის რწმენის მიხედვით, აკრძალული იყო ყველანაირი სახის ქირურგიული მოკვეთა. აღსანიშნავია, რომ 1980 წლის 4 მაისს მარლი ეთიოპიის მართლმადიდებელ ეკლესიაში მოინათლა (ნათლობის სახელი - ბერხანე სელასიე, ამჰარულად - წმიდა სამების ნათელი). მოგვიანებით მას მიენიჭა იამაიკის ღირსების ორდენი.


ძირითადი კონცერტები ევროპაში მაინც შედგა, მათ შორის - მილანში, სადაც შოუს 100.000-მდე ადამიანი დაესწრო. ამ ტურის შემდეგ მარლი დაბრუნდა ამერიკაში, დაუკრა მედისონ სკვერზე, ტურის Uprising Tour ფარგლებში. კონცერტის შემდეგ, ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში სირბილისას მან გონება დაკარგა. მისი ჯანმრთელობა გაუარესდა და მწვავე კიბო მთელ სხეულს მოედო. ტურის დარჩენილი კონცერტები გააუქმეს. რვა თვის მანძილზე მარლი ისელსის კლინიკაში (ბავარია) გადიოდა მკურნალობის სპეციალურ კურსს, მაგრამ უშედეგოდ.


გზად გერმანიიდან იამაიკისაკენ, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მაიამიში (ფლორიდა) თვითმფრინავის სასწრაფო დაშვებისთანავე იგი სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში. ბობი 1981 წლის 11 მაისს გარდაიცვალა, 36 წლის ასაკში. მელანომის გავრცელება მის ფილტვებსა და ტვინში გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა. უკანასკნელი სიტყვებით მან შვილს, ზიგი მარლის მიმართა - ფულით სიცოცხლეს ვერ იყიდი.


ბობ მარლის დაკრძალვის ცერემონია შედგა იამაიკაზე, 1981 წლის 21 მაისს. ცერემონიისას დაცული იყო როგორც ეთიოპიური მართლმადიდებლური, ასევე რასტაფარული ტრადიციები. მარლი დაასაფლავეს სამლოცველოში, მის დაბადების ადგილთან ახლოს, წითელი ფერის გიტარით Gibson Les Paul (სხვა ვერსიებით, ეს იყო Fender Stratocaster). საფლავში ასევე თან გააყოლეს მარიხუანის გრაგნილი, ბიბლია და ბეჭედი, რომელსაც ის მუდამ თან ატარებდა (ეთიოპიის პრინცის, ჰაილ სელასიე I-ს უფროსი ვაჟის საჩუქარი).


1981 წლის 21 მაისს იამაიკის პრემიერ მინისტრმა ედვარდ სიგამ მარლის ხსოვნას პატივი მიაგო გამოსამშვიდობებელი სიტყვებით:

 

ჩვენს ელექტრონულ სამყაროში მისი ხმა ყველგან ჟღერდა. მისი მკაფიო თვისებები, დიადი მზერა და მნიშვნელოვანი სტილი ჩვენს გონებაში კაშკაშად აისახა. მას არავინ ხედავდა. ეს იყო მოვლენა, რომელიც მისი ყოველი დანახვისას წარუშლელ კვალს ტოვებდა. ასეთი ადამიანის მეხსიერებიდან ამოშლა შეუძლებელია. იგი ჩვენი ერის საერთო ცნობიერების ნაწილია".


ბობ მარლის რამდენიმე შვილი დარჩა: სამი - მეუღლე რიტასგან, ორი - რიტას წინა ქორწინებისგან და რამდენიმე - სხვა ქალებისგან. არასანდო წყაროების მიხედვით, ეს რაოდენობა 22 დან 46 მდე მერყეობს. მუსიკოსის ოფიციალურ საიტზე ნახსენებია 11 შვილი: შერონი, დ. 23 ნოემბერი 1964, დედა - რიტა (წინა ქორწინებისგან); სიდელა დ. 23 აგვისტო 1967, დედა - რიტა; დევიდ „ზიგი", დ. 17 ოქტომბერი 1968, დედა - რიტა; სტივენი, დ. 20 აპრილი 1972, დედა - რიტა; რობერტ „რობი", დ. 16 მაისი 1972, დედა - პეტ უილიამსი; როუენი, დ. 19 მაისი 1972, დედა - ჯენეტ ჰანტი; კერენი, დ. 1973, დედა - ჯენეტ ბოუენი; სტეფანი, დ. 17 აგვისტო 1974; სიდელა ბრუკერის თანახმად, იგი იყო რიტასა და ვინმე იტალის შვილი, თუმცა სტეფანი ითვლება ბობის შვილად; ჯულიანი, დ. 4 ივნისი 1975, დედა - ლუსი პაუნდერი; კაი-მანი, დ. 26 თებერვალი 1976, დედა - ანიტა ბელნევისი; დემიენ, დ. 21 ივლისი 1978, დედა - სინდი ბრეიკსპირი.


1981 წლის 30 ივნისს, უკვე მარლის გარდაცვალების შემდეგ, ივეტ კრიჩტონს ეყოლა შვილი მაკედა. მერედით დიქსონის წიგნში ნათქვამია, რომ იგი ბობის შვილია, მაგრამ მუსიკოსის ოფიციალურ გვერდზე ის ნახსენები არ არის.


სხვადასხვა გვერდებზე ნახსენებია იმანი კეროლი (დ. 22 მაისი 1963), შერილ მიურეის შვილი, მაგრამ მარლის ოფიციალურ გვერდზე არც ის არის მითითებული.

 




(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016