ლარი დოლართან მიმართებაში 107 პუნქტით გამყარდა და ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა 1.7703 შეადგინა. „bpn"-ის ინფორმაციით, თებერვლის დასაწყისიდან ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია შეიმჩნევა, დღეს კი ლარი 21 იანვრის მაჩვენებელს მიუხლოვდა.
161 პუნქტით გაიმყარა პოზიციები ეროვნულმა ვალუტამ ევროსთან მიმართებაშიც და დღეს ლარი 2.3915 ევროდ ივაჭრება. ლარის გაუფასურება შემოდგომიდან დაიწყო და პიკს იანვარში მიაღწია. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი აღნიშნულ პროცესს საგანგაშოდ არ მიიჩნევდნენ.
როგორც გიორგი ქადაგიძემ რადენიმე დღის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, ძირითადი ფაქტორები, რამაც ლარის კურსზე გავლენა მოახდინა, შერბილებული მონეტარული პოლიტიკა და ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკა, ამ დროისთვის შეჩერებულია.
„ასევე ამოწურულია საგარეო ფაქტორები - ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორებისგან მომავალი მაკროეკონომიკური გავლენები. შესაბამისად, საშუალოვადიან პერიოდში პრობლემას ვერ ვხედავ. რაც შეეხება ფასებს და ინფლაციას, ჩვენ 12 თებერვალს გვაქვს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, სადაც საპროცენტო განაკვეთებზე ვიმსჯელებთ. ახლა ვართ ყველა მონაცემის გაანალიზების ფაზაში. თუ დავინახავთ, რომ ინფლაციური პროგნოზი გადააჭარბებს ჩვენს მიზნობრივ მაჩვენებელს, დავიწყებთ გამკაცრების პოლიტიკას და ინფლაცია და ფასების სტაბილურობა უზრუნველყოფილი იქნება", - განაცხადა ქადაგიძემ.