საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
„2013 წლის 1-2 აგვისტოს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით, პირობით ვადამდე 116 მსჯავრდებული გათავისუფლდა.
პირობით ვადამდე გათავისუფლებულ მსჯავრდებულებს შორის 4 ქალბატონია, ხოლო 7 მძიმე ავადმყოფი.
ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 მსჯავრდებულ მამაკაცს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეეცვალა."-ნათქვამია განცხადებაში.
დასავლეთისა და აღმოსვლეთის ადგილობრივმა საბჭოებმა ორი დღის განმავლობაში 800-მდე მსჯავრდებულის განცხადება განიხილეს. ადგილობრივი საბჭოების დებულებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მსჯავრდებულები, ინდივიდუალურად, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით ფასდებიან: დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა, ოჯახური პირობები და მსჯავრდებულის პიროვნება. ასევე, ინდივიდუალურად ფასდება მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკებიც.
ადგილობრივი საბჭოს ხუთწევრიან შემადგენლობაში, სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და პრობაციის ეროვნული ბიუროს ორი წარმომადგენლის გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციის, ქალაქის მერიისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებიც შედიან. მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილება ადგილობრივ საბჭოში ხმათა უმრავლესობით მიიღება.