საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები შაბათ-კვირას პარიზში გასამართ გრან სლემზე თოთხმეტკაციანი შემადგენლობის ნაცვლად, ცხრა სპორტსმენით იასპარეზებს. გუნდი საფრანგეთში მთავარი მწვრთნელის გარეშე გაემგზავრა, რომელსაც ნაოპერაციევი ფეხი აწუხებს. ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს" ნაკრების მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ განუცხადა.
„სამწუხაროდ, ბოლო დღეებში უსიამოვნო ამბები მოგვეძალა. პარიზულ ტურნირსა და ერთობლივ სანაკრებო წვრთნებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შალვა ქარდავა (66 კგ), ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე 73 კგ) და ნოდარ მეტრეველი (100 კგ) გამოაკლდნენ. რეხვიაშვილს ვარჯიშზე კოჭი გადაუბრუნდა და ტრავმის გართულებას მოვერიდეთ. ტატალაშვილს თიაქარი აწუხებს. საბედნიეროდ საოპერაციო არაა, მხოლოდ ათი დღე გაუცდება. ქარდავა ძირმაგარას გამო შეექმნა პრობლემა. მეტრეველს კი მუხლის ძველი ტრავმა გაუმიზეზდა. მას სავარაუდოდ ორ კვირაში, გერმანიის ტურნირზე ვაჭიდავებთ", - განაცხადა უზნაძემ.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ტურნირზე გაცივების გამო ვერც გიორგი ქალდანი იასპარეზებს.
(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)