გეგუთის N მე-14 დაწესებულებაში ლევან კორტავასა და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ ილია შანშაშვილს შორის, ფსიქოტროპული პრეპარატების გაცემასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოხდა. ილია შანშაშვილმა ლევან კორტავასთან კონფლიქტური სიტუაციის გარკვევა მსჯავრდებულ შოთა სინაურიძეს, მეტსახელად „ბულდოგას“დაავალა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ლევან კორტავასა და შოთა სინაურიძეს შორის დაწყებული საუბარი ფიზიკურ შეხლა-შემოხლაშ გადაიზარდა, რომლის მიმდინარეობისას ლევან კორტავამ ძალადობის საპასუხოდ, ხელი დაარტყა შოთა სინაურიძეს. გაირკვა, რომ მომხდარის თაობაზე უსაფრთხოების ინსპექტორი - ილია შანშაშვილი ინფორმირებული იყო, თუმცა მან სამსახურებრივი მოვალეობა უგულვებელყო და დანაშაული არ აღკვეთა. ილია შანშაშვილის ამგვარი დამოკიდებულებით წახალისებულმა შოთა სინაურიძემ და ამავე დაწესებულებაში მცხოვრებმა ასევე მსჯავრდებულმა გიორგი შემაზაშვილმა (მეტსახელად „გორსკი“) ლევან კორტავა ძალის გამოყენებით წაიყვანეს N 338-ე საკანში, სადაც სხვა მსჯავრდებულებთან - სოლომონ დაშნიანთან, გელა უშხვანთან (მეტსახელად „გალსკი“) და თეიმურაზ გურეშიძესთან (მეტსახელად „რუბენიჩი“) ერთად ლევან კორტავას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
ირკვევა, რომ ლევან კორტავას საკანში შეყვანის შესახებ ილია შანშაშვილისათვის ცნობილი იყო, მიუხედავად აიმისა კონფლიქტის აღსაკვეთად არაფერი იღონა. N 338 საკანში ძალადობის შედეგად ლევან კორტავას ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. ცემის დასრულების შემდეგ კი მას მიეცა საკნის დატოვების საშუალება.
რამოდენიმე წუთში ნაცემ ლევან კორტავასთან, რომელიც სხვა პატიმრებთან ერთად მივიდნენ ზემოხსენებული დაწესებულების პატიმრები ლაშა კვანტალიანი, შოთა სინაურიძე, გიორგი შემაზაშვილი, სოლომონ დაშნიანი, გელა უშხვანი, თეიმურაზ გურეშიძე და ნუგზარ ბუჩუაძე (მეტსახელად „რიჟა“), რომლებმაც სასაუბროდ გაიხმეს ლევან კორტავა N 336 საკანში, სადაც იგივე მიზეზით - მსჯავრდებულ შოთა სინაურიძის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, ხელებითა და ფეხებით, ასევე ელექტრო ჩაიდანისა და ვენტილატორის მყარი დეტალის გამოყენებით, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, ჯგუფურად, გონების დაკარგვამდე, განსაკუთრებული სისასტიკით ცემეს უმწეო მდგომარეობაში მყოფი ლევან კორტავა. ამასთან ამ უკანასკნელის ცემა არ შეუწყვეტიათ გონების დაკარგვის შემდეგაც რამდენიმე წუთის მანძილზე.
შედეგად ლევან კორტავამ მიიღო მძიმე ხარისხის სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები, კერძოდ მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები შუბლის, ორივე თვალბუდის, მარჯვენა საფეთქლის და ცხვირის მიდამოში, სისხლჩაქცევებით ქალას რბილი საფარის ქსოვილში, რბილ გარსებში და თავის ტვინის ნივთიერებაში, ასევე ცხვირის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა.
2013 წლის 23 მაისს, ლევან კორტავა მასზე განხორციელებული ძალადობით ქალა-ტვინის დახურული ტრავმის შედეგად განვითარებული ტვინის მკვეთრად გამოხატული შუშუპებისა და დარბილების გამო, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.