ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ექსპერტები სახელმწიფოს მიერ დადგენილი საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდოლოგიის გადახედვას ითხოვენ. როგორც დღეს მათ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, საარსებო მინიმუმი ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე 2003 წელს განისაზღვრა და 2012 წლის მონაცემებით, იგი 151,1 ლარს შეადგენს. ექსპერტთა განმარტებით, ეს ციფრი გაცილებით დაბალია. როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს, თავის დროზე, მინიმალური სასურსათო კალათის დათვლა მხოლოდ 5 ქალაქში- თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თელავში მოხდა. მათი განცხადებით, სამომხმარებლო კალათაში 40 დასახელების პროდუქტი შედის, ხოლო ზრდასრულ მამაკაცზე დღეში 2 300 კილოკალორიაა გათვლილი. ექპერტთა თქმით, აღნიშნულ გათვლაში კილოკალორიები პურის ხარჯზეა გაზრდილი, რომელსაც მაღალი კვებითი ღირებულება აქვს, თუმცა ასეთ დროს ორგანიზმი ვერ იღებს საჭირო მინერალებსა და ვიტამინებს. ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ექსპერტების განმარტებით, ისინი აღნიშნულ საკითხებზე კვლევებს გააგრძელებენ და მთავრობასა და სამოქალაქო სექტორს თემაზე ყურადღების გამახვილებას სთხოვენ.