reportiori.ge - მოსახლეობას იანვარში მოხმარებული გაზის საფასურის ორჯერ გადახდა აღარ მოუწევს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:37
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
მოსახლეობას იანვარში მოხმარებული გაზის საფასურის ორჯერ გადახდა აღარ მოუწევს!
ავტორი:
10 თებერვალი, 2014. 23:23



მას შემდეგ, რაც "ვერსიაში" გამოქვეყნდა სტატია, თუ როგორ აპირებდა კომპანია "ყაზტრანსგაზთბილისი", მომხმარებლისთვის იანვარში გაზის გადასახადი ორჯერ გადაეხდევინებინა, რედაქციაში აღშფოთებული მოქალაქეების ზარები არ წყდება. პრობლემა, რომელიც "ყაზტრანსგაზთბილისის" ერთი კონკრეტული აბონენტის - გაზეთ "ქართული სიტყვის" რედაქტორის მოადგილის, ვანო პავლიაშვილის მაგალითზე განვაზოგადეთ, ყველა თბილისელს აწუხებს. შესაბამისად, ზარები არც საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ-ი) არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელ ნინო გულეიშვილთან წყდება. პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, ხუთშაბათს, 6 თებერვალს, სემეკ-ში, საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებლის ინიციატივით, სხდომა გაიმართა, რომელსაც "ყაზტრანსგაზთბილისის" წარმომადგენლებიც

დაესწრნენ. რა პრობლემები შეექმნათ თბილისელებს, როგორ იმართლებს თავს "ყაზტრანსგაზთბილისის" წარმომადგენლები და რა ტიპის საჩივრებით მიმართავენ მომხმარებლები ენერგოომბუდსმენს? - "ვერსია" ნინო გულეიშვილს ესაუბრა.


- ქალბატონო ნინო, თბილისის მოსახლეობაში პანიკაა... რა ტიპის პრობლემები გამოიკვეთა, რის გამოც, მომხმარებელი "ყაზტრანსგაზთბილისს" უჩივის?

- პრობლემები ორი მიმართულებით გამოიკვეთა - ერთი, მომხმარებლებს 2014 წლის იანვარში ბუნებრივი აირის გაზრდილი გადასახადი მიუვიდათ, რაზეც "ყაზტრანსგაზთბილისის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 2013 წლის დეკემბერში, ახალი წლის წინა დღეებში გახარჯული გაზის ჩვენება იმიტომ ვერ აიღეს, რომ მრიცხველები სახლებშია და ამის გამო, მომხმარებლებს, 2014 წლის იანვარში ორი თვის გადასახადი დაერიცხათ. მეორე შემთხვევა კი უფრო უცნაურია, რადგან ჩვენთან წარმოდგენილი ქვითრებით, იანვარში, კომპანიის წარმომადგენლებმა ჩვენება ორჯერ - 3 და 24 იანვარს აიღეს. ჯამში, ისე გამოვიდა, თუ მომხმარებელმა 2013 წლის დეკემბრის გადასახადი 2014 წლის 20 იანვრამდე გადაიხადა, იანვრის გადასახადი 10 თებერვლამდე უნდა დაფაროს, პრაქტიკულად, 20 დღეში. ამის გამო, მოხმარებული ბუნებრივი არის გადასახადის ციკლი თავიდან ბოლომდე აირია, რამაც მოსახლეობაში აღშფოთება გამოიწვია. საკუთარი ხარჯი ყველას გათვლილი აქვს, შესაძლოა, პლუს-მინუს, ორი-სამი დღით გადაცდეს, მაგრამ, როდესაც ეს ციკლი შემცირდა და რეალურად, 10 დღით გადმოიწია, მოსახლეობა სამართლიანად აღშფოთდა. არადა, კანონით განსაზღვრულია, რომ "ყაზტრანსგაზთბილისის" წარმომადგენლებმა მრიცხველის ჩვენება თვეში ერთხელ უნდა აიღონ და ანათვალის ასაღებად მე-10 დღეს არ უნდა მოვიდნენ. გარდა ამისა, პრეტენზიები იყო ქვითრის ფორმასთანაც და ამას, კონკრეტულად, ჟურნალისტ ვანო პავლიაშვილის ქვითრის მაგალითზე აგიხსნით, სადაც მითითებულია მიმდინარე დარიცხვა, რომელსაც ძველი დავალიანება და გადახდილი თანხის ოდენობაც მოსდევს. მართალია, მოქალაქემ ბოლოში მითითებული თანხა უნდა გადაიხადოს, მაგრამ ზემოთ მითითებული თანხის გამოც სვამენ კითხვას, მაინცდამაინც, იანვარში რატომ მიუვიდათ ასეთი დაჯამება? "ყაზტრანსგაზთბილისის" წარმომადგენლებმა გვიპასუხეს, რომ ახალი წლის წინა დღეებში მოსახლეობა არ შეაწუხეს და თანხა ორთვიან პერიოდზე დარიცხეს. როგორც ხედავთ, რეალური განმარტება მაინც ვერ მივიღეთ.


- რა კონკრეტული მითითებები მიეცათ სხდომაზე "ყაზტრანსგაზთბილისის" წარმომადგენლებს?

- მივუთითეთ, თუ რა დაარღვია და ახსნა-განმარტებაც მოვისმინეთ. შედეგი ისაა, რომ მომხმარებლებს გაზის მიწოდება არ შეუწყდებათ, მიმდინარე გადასახადი კი აუცილებლად ყველამ უნდა გადაიხადოს და ამაზე დავა არც არის. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, გადასახადი უნდა დაფარონ, მაგრამ არა 10 თებერვლამდე, რასაც "ყაზტრანსგაზთბილისი" ითხოვს, არამედ, თვის ბოლომდე. საბოლოო შედეგი კი მომდევნო სხდომაზე დადგება, რომელიც 13 თებერვალს გაიმართება და კომისია უკვე "ყაზტრანსგაზთბილისის" პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელებს.


- "ყაზტრანსგაზთბილისის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განმარტებით, იანვარში ანათვალს ორჯერ იმიტომ იღებენ, რომ წლის ბოლოს ზუსტი მონაცემები სჭირდებათ, რათა მიმდინარე წელი დახურონ და გადასახადს საშუალო არითმეტიკულით ვერ გამოითვლიან, მაგრამ რა პრობლემაა, მოსახლეობამ გაზის ტარიფი დეკემბრის ბოლოს გადაიხადოს და იანვრის ბოლოსაც?

- თუ კომპანია სტატისტიკას ვერ აკეთებს და საგადასახადოში დოკუმენტს ვერ წარადგენს, მისი პრობლემაა და არა მომხმარებლის - კომპანიამ, წელს თუ ვერ ხურავს ან საგადასახადოში ანგარიშფაქტურის წარდგენის პრობლემა აქვს, ამის გამო მომხმარებელი არ უნდა დააზარალოს. მომხმარებლებმა გაზის გადასახადი "ყაზტრანსგაზთბილისის" წარმომადგენლების მიერ თვეში ერთხელ აღებული ჩვენების მიხედვით უნდა გადაიხადონ!


- კომპანიის ახსნა-განმარტება აბსურდულია, ეს გაუგებრობა თქვენ როგორ აგიხსნეს?

- თქვენს კოლეგას, ვანო პავლიაშვილს უთხრეს, თქვენთან ჩვენების აღება იმიტომ ვერ მოვახერხეთ, რომ მრიცხველი სახლში გაქვთო. აღმოჩნდა, რომ ვანოს და, სხვათა შორის, ბევრი მომხმარებლის მრიცხველიც გარეთაა და შესაბამისად, "ყაზტრანსგაზთბილისის" წარმომადგენლებს ჩვენების აღებისას პრობლემა არ უნდა შექმნოდათ. მოკლედ, სწორედ ამ პრობლემასთან დაკავშირებით "ყაზტრანსგაზთბილისის" წარმომადგენლებისგან განმარტება ვერ მოვისმინე.


მომხმარებლების სასარგებლოდ უნდა ვთქვა: ვინაიდან კომპანიამ ჩვენება წესის დარღვევით აიღო, თანხის გადახდის ვადა თვის ბოლომდე უნდა განისაზღვროს, რაც ნიშნავს, რომ გაზის გადასახადი 8, 9 ან 10 თებერვლამდე კი არა, ზუსტად ერთთვიან ვადაში უნდა გადაიხადონ.


- ეს ერთთვიანი ვადა "ყაზტრანსგაზთბილისს" 6 თებერვლის სხდომაზე განუსაზღვრეთ?

- დიახ, დადგენილებაში წერია, რომ საკითხის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მომხმარებლებს ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეუწყდებათ, საბოლოო გადაწყვეტილებას კი, სავარაუდოდ, მიმდევნო სხდომაზე, 13 თებერვალს მივიღებთ.


- განიხილავთ თუ არა შესაძლებლობას, რომ მოქალაქეებმა, რომლებმაც იანვარში გაზის ორმაგი გადასახადი გადაიხადეს, "ყაზტრანსგაზთბილისმა" თანხა უკან დაუბრუნოს, ან შემდეგი თვის გადასახადიდან გამოიქვითოს?

- არა, ამ საკითხზე არ გვიმსჯელია, რადგან ამ შეკითხვით ჩემთვის არავის მოუმართავს და არც საჩივარი შემოსულა. ზოგადად, გადახდილი თანხა სადაო არ არის, რადგან მოსახლეობამ გაზრდილი გადასახადი იმ მიზეზით გადაიხადა, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა ანათვალი არასწორად აიღეს და შესაბამისად, გაზის გადასახადის გადახდის ვადა, ქვითარზე არასწორად იყო მითითებული.


- ბოლო დროს შექმნილი პრობლემების გამო, კონკრეტულად, რა სურათი მიიღეთ, რა შთაბეჭდილება შეგექმნათ?

- "ყაზტრანსგაზთბილისს" მომხმარებელთან სხვა პრობლემებიც აქვს. ბოლო დროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება გახშირდა, ძალიან ბევრი ოქმი იწერება ბუნებრივი აირის უკანონო მოხმარებასთან დაკავშირებით...


- ქალბატონო ნინო, მრიცხველებთან დაკავშირებითაც გკითხავთ, არის თუ არა "ყაზტრანსგაზთბილისი" ვალდებული, სახლებიდან მრიცხველები საკუთარი სახსრებით გაიტანოს, რაშიც მოსახლეობას თანხას ახდევინებენ?

- როდესაც მრიცხველების გარეთ გატანაზე ვსაუბრობთ, ეს კომპანიამ თავის ხარჯით უნდა გააკეთოს!


- ის მომხმარებლები როგორ უნდა მოიქცნენ, რომლებსაც მრიცხველების გარეთ გატანაში თანხა უკვე გადაახდევინეს?

- თუ მომხმარებელმა თანხა გადაიხადა და ჩვენთან განცხადებით მომართვის შემდეგ, გაირკვა, რომ ეს უკანონო იყო, აუცილებლად დავეხმარებით, რათა თანხა დაიბრუნოს. დაზიანებულ მრიცხველებთან დაკავშირებით ისეთი შემთხვევებიც გვქონია, როდესაც დადასტურდა, რომ მრიცხველი მომხმარებლის მიზეზით არ დაზიანებულა და ამ საკითხის სხდომაზე განხილვის შემდეგ, გადახლილი თანხა მომხმარებელს დაუბრუნდა. ზოგადად, მრიცხველებთან დაკავშირებული პრობლემები, მით უმეტეს, კანონთან ურთიერთობა ისეთი თემაა, ყველა კონკრეტული შემთხვევა მხოლოდ ინდივიდუალურად უნდა განვიხილოთ. მთავარია, მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს, სად მივიდეს და ვისგან მიიღოს კონსულტაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მოგვმართოს და საკუთარი პრობლემა ან განცხადებით, ან ტელეფონით, ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით აგვიხსნას. მომხმარებელს მხოლოდ "ყაზტრანსგაზთან" კი არა, ელექტროენერგიასა და სასმელ წყალთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემურ საკითხზეც, შეუძლია, მოგვმართოს და დავეხმარებით.


- ქალბატონო ნინო, როგორც გავიგე, "ყაზტრანსგაზთბილისს" 200 000 ლარი მოუგეთ, უფრო დეტალურად ამიხსენით, ასეთი რა შემთხვევა იყო?

- ეს თანხა ერთდროულად არ მოგვიგია. წლის ბოლოს ანგარიშს ვაქვეყნებთ, რომელიც ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოა ასახული. პროცედურა ასეთია: მომხმარებლები მოგვმართავენ განცხადებით, რომელსაც განვიხილავთ, ზოგ შემთხვევაში, ვაკმაყოფილებთ სარჩელს, ზოგ შემთხვევაში არა. "ყაზტრანსგაზთბილისს" მხოლოდ წელს 100 000 ლარამდე ჩამოვაწერინეთ სხვადასხვა ტიპის გადასხაადი, რაც მომხმარებლებს უკანონოდ დაარიცხეს. მაგალითად, ბუნებრივი აირის უკანონო მოხმარების გამო, ცალკეულ შემთხვევაში, ხანდაზმული დავალიანება არასწორად იყო მითითებული, თანხის ნაწილი კი არასწორად აღებული ჩვენების გამო ჩამოვაწერეთ. ცალკეული კომპანიების მაგალითზე კი გვქონდა შემთხვევა, როდესაც 40 000, ზოგჯერ 50 000 ლარიც კი ჩამოვაწერინეთ "ყაზტრანსგაზთბილისს". ახლა დავა გვაქვს 250 000 ლარზე და, სავარაუდოდ, ამ საქმესაც მოვიგებთ. 


- ანუ, "ყაზტრანსგაზთბილისმა" კონკრეტულ კომპანიას 250000 ლარი არასწორად დაარიცხა?

- დიახ, პრობლემები მხოლოდ ფიზიკურ კი არა, იურიდიულ პირებსაც ექმნებათ, ჩვენ კი კონსულტაციასა და მომსახურებას ვუწევთ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს. 


მაია მიშელაძე

გაზეთი "ვერსია"



 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016