"მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაზე" ქართველმა პოლიციელმა-ძიუდოისტებმა ორ წონით კატეგორიაში იბრძოლეს და ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
100 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებული ზვიად ჩინჩალაძე გახდა, რომელიც ფინალში ყაზახ სპორტსმენს შეხვდა.
დაძაბულ ორთაბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა მოწინააღმდეგის დამარცხება შეძლო და პირველი ოქროს მედალიც მოიპოვა.
უშანგი კუზანაშვილმა კი ვერცხლის მედალი 66 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა. იგი ფინალში შვეიცარიელ ძიუდოისტს შეხვდა და მეორე ადგილზე გავიდა.
ოლიმპიადაში, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, მსოფლიოს 80 ქვეყნიდან ათასობით პოლიციელი სპორტის 70-მდე სახეობაში ასპარეზობს. წელს პირველად ოლიმპიადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 თანამშრომელი სპორტის შვიდ სახეობაში მონაწილეობს.