reportiori.ge - ორი ქალის, ღრუბლებისა და ბლებისა: კომენტარის კომენტარი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 07:48
პრეს-დაიჯესტი
ორი ქალის, ღრუბლებისა და ბლებისა: კომენტარის კომენტარი
ავტორი:
11 თებერვალი, 2014. 15:05

პარასკევს, 7 თებერვალს სოჭში ზამთრის თამაშები გაიხსნა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გახსნის პირდაპირი რეპორტაჟი შემოგვთავაზა, რომელსაც ორი ცნობილი ქართველი კომენტატორი თბილისის სტუდიიდან უკეთებდა კომენტარს.


მე მინდა, მხოლოდ მოვლენის ეპიცენტრიდან მათ სიშორეს დავაბრალო ქართველ კომენტატორთა ლაფსუსები, ეს ჩემი კომენტარი რომ დამაწერინა.


კომენტატორებს ერთმანეთისგან არ გავმიჯნავ, არც ერთის გვარს არ დავასახელებ და თავიდანვე ვიტყვი: ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არა აქვს გვარებსა და სახელებს, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რომელი მარგალიტი ვისია, დაე, თუ უნდათ, ეს მერე ერთმანეთში გაარჩიონ. მათ ადგილას ნებისმიერი ქართველი კომენტატორი და ჟურნალისტი შეიძლებოდა აღმოჩენილიყო და მათი შეცდომებიც ნებისმიერს შეიძლებოდა მოსვლოდა. ესენი ალბათ სხვებზე მაგრებიც კი არიან, რაკი არაერთი ოლიმპიადის გამოცდილება უმაგრებთ ზურგს და ამ რეპორტაჟის წაყვანაც სწორედ მათ დაავალეს.


მე კერძო პიროვნებებს არ ვეხები, მე საქმე მაქვს საზოგადო სენთან, რომელსაც თითქმის მთლიანად მოუცავს ჩვენი დღევანდელი ჟურნალისტიკა - პრესა, რადიო-ტელევიზია თუ ინტერნეტი. ამ სენს, რბილად რომ ვთქვა, ზედაპირულობა, დაუდევრობა, უპასუხისმგებლობა და არაპროფესიონალიზმი ჰქვია.


ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია არ არის მოულოდნელობებით აგრერიგად აღსავსე რამ მოვლენა, რომ მისმა კომენტატორმა ჯეროვნად მომზადება ვერ შეძლო ან ვერ მოასწრო. მით უმეტეს, თუ სცენარიც მოგართვეს და წინ გიდევს.


თავიდან თითქოს არაფერი, - ბერმუდებით და გეოგრაფიით დაიწყო, მაგრამ მერე იმდენი დაგროვდა იმ საზოგადო სენის გამოვლინება, რომ ოლიმპიადის გახსნის ის მთავარი ლაფსუსიც კი გადაფარა, რომელიც ალბათ დიდხანს ექნებათ სალაპარაკოდ სოჭის თამაშების არაკეთილმოსურნეებს და რომელსაც კომენტატორებმა "პატარა უზუსტობა" უწოდეს. ხუთი მანათობელი ფიფქიდან ერთის არგახსნას ვგულისხმობ.


მერე იყო ის ბერმუდები. რაც ამ ჩვენმა კომენტატორებმა იმ რამდენიმე ბერმუდელზე იხალისეს და იხითხითეს! საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილები არიანო, ზამთრის თამაშებზე შორტებით ვინ მიდისო! აი, ასე უნდა გეცვას ზამთარშიო, ბულგარელებსა და ბრიტანელებზე მიგვითითეს სამაგალითოდ.


ჰო, მაგრამ ამოვარდნილები თავად აღმოჩნდნენ: ბერმუდელები ამოვარდნილები მაშინ იქნებოდნენ, ჩოხა-ახალუხში ან კიმონოში გამოწყობილები რომ გამოსულიყვნენ. ყაზახებს თუ ტანსაცმლით ცნობ და უწონებ კიდეც, რომ „მუდმივად აკეთებენ თავის ნაციონალურ ტანსაცმელზე აქცენტს", ბერმუდელებმა რაღა დაგიშავეს. ისინიც ხომ თავიანთ ეროვნულ სამოსში იყვნენ გამოწყობილები!. დიახ, ეს შორტები მათი ეროვნული სამოსია, ხოლო - თუ ზუსტი ვიქნებით, ეს არც შორტებია და არც ბრიჯები. ამ მოკლე შარვალს სწორედ „ბერმუდები" ჰქვია და სწორედ იმ სამაგალითო ბრიტანელთა წყალობით გავრცელდა ბრიტანეთის სხვა კუნძულოვან კოლონიებშიც. ამიტომ „ბრიჯებით" გამოსვლის გამო არც კაიმანის დელეგაცია იმსახურებს ქართველ კომენტატორთა დამცინავ ტონს. კაიმანელებზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ბერმუდელები სწორედ ამ თავისი ბერმუდებით გამოირჩნენ გახსნის ცერემონიებზე ვანკუვერში და, ვგონებ, სოლტლეიკშიც. ასე რომ, გამოცდილი, საქმეში ჩახედული კომენტატორებისთვის, წესით, აქ მოულოდნელი და საქილიკო არაფერი უნდა ყოფილიყო.


მერე იყო და, ზიმბაბველებს დასცინეს - ვითომ ესენიც აფრიკის წარმომადგენლები არიან რაღა, თეთრად უქათქათებთ კანიო! არა, ზუსტად ამ სიტყვებით არ უთქვამთ, მაგრამ შინაარსი ეს იყო. ეტყობა მართლა სიშორით მოუვიდათ, თორემ როგორ არ ეცოდინებათ, რომ ზიმბაბვეს მხოლოდ სახელი ჰქვია ასეთი აფრიკული, თორემ ისე ლამის მთლიანად თეთრკანიანებით დასახლებული ქვეყანაა.


ხოლო ტანსაცმლის გამო გაკეთებელი კომენტარით კიდევ ერთმა მომენტმა მიიპყრო ჩემი ყურადღება: ტაილანდის დელეგაცია რომ გამოჩნდა, ჩვენმა კომენტატორებმა სწორედ მაშინ დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რატომ აცვიათ ზოგიერთ დელეგაციაში ვაჟებს სხვაგვარად და ქალებს სხვაგვარადო. აი, აქაცო, ამ ქალს შეხედეთო, - ტაილანდის ოთხკაციან დელეგაციაში ერთადერთ ქალზე მიგვითითეს.

არა, რაღა ეს ქალი გამოარჩიეს მაინცდამაინც!


მე ამ ქალთან დაკავშირებით სულ სხვა კომენტარს ველოდი. სხვაგვარად ჩაცმული კი არა, ვიოლინო რომ არ ეჭირა ხელში, ის იყო საკვირველი! თუმცა კიდევ კარგი, არ ეჭირა - ახლა იმაზე დაიწყებდნენ ქილიკს, ვინ დადის ოლიმპიადაზე ვიოლინოთიო! ტაილანდის დროშის ქვეშ მომავალი ეს ქალი კი სინამდვილეში სინგაპურელი ვანესა მეი გახლდათ - მსოფლიოში სახელგანთქმული ვირტუოზი მევიოლინე, სოჭის თამაშების ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა. ჩინელი მამისა და ტაილანდელი დედის შვილი, იგი სინგაპურში დაიბადა, ლონდონში გაიზარდა და დღეს შვეიცარიაში ცხოვრობს. ვანესა მეი ბავშვობიდან სერიოზულად არის გატაცებული მთათხილამურობით და 35 წლის ასაკში ოლიმპიადაზე გამოსვლაც მოინდომა. ეს ჭეშმარიტად მსოფლიო მოქალაქე სულ რაღაც ექვსთვიანი თუნდაც ინტენსიური ვარჯიშით დიდი ბრიტანეთის ან შვეიცარიის გუნდში ვერ მოხვდებოდა, ამიტომ სოჭში დედამისის სამშობლოს ღირსებას დაიცავს ვანესა ვანაკორნის სახელით.


აი, დაახლოებით ასეთი უნდა ყოფილიყო გზიანი კომენტარი ტაილანდის დელეგაციის გამოჩენისას, ხოლო ვაჟთა და ქალთა სამოსის განსხვავებაზე ნებისმიერი სხვა ქალი და ნებისმიერი სხვა დელეგაცია შეიძლებოდა აგვერჩია ფონად. ტელემაყურებლისთვის ალბათ გაცილებით საინტერესო იქნებოდა იმის მოსმენა, როგორ გაიარა, თუ გაიარა, ვანესა მეიმ კვალიფიკაცია, სადროდისრა შედეგი აჩვენა, როგორ ჩაირიცხა ტაილანდის ოლიმპიურ გუნდში... აკი ბოლო რამდენიმე კვირაა, მისმა ამბავმა ბევრი სხვა ოლიმპიური ნიუსი გადაფარა.


თუ მაინცდამაინც ტანსაცმელზე და მათ განსხვავებულობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, მიკვირს, როგორ ვერ შენიშნეს რუსის იმ ქათქათა შხვართების ფონზე, რომლებსაც ქვეყანათა სახელწოდებები მოჰქონდათ და თითო ბაყვი გამოეჩინათ, ირანის დელეგაციის წინამძღოლი, ვისაც შიშველი ბაყვი კი არა, წინდებიანი წვივიც არ მოუჩანდა, ისე იყო შემოსილი თავიდან ფეხებამდე. სწორედ კომენტატორთა საქმეა, ტელემაყურებელს აუხსნას, ასე ჩაცმული წინამძღოლი ირანელებმა თავად მოითხოვეს, თუ ორგანიზატორებმა ყოველი შემთხვევისთვის დაიზღვიეს თავი და ერთ ლამაზ რუს მოდელს ის ლამაზი ფეხები და მოღერებული ყელი დაუმალეს. და თუ ვერ აუხსნიან, ყურადღება მაინც უნდა მიაქცევინონ.


მე კარგად მესმის, რომ ქართველი ჟურნალისტები და კომენტატორები სოჭის თამაშებთან დაკავშირებით რუსის შხვართებზე მეტად პოლიტიკური საკითხებით ვიყავით დაინტერესებული და ბევრი სპორტული ამბავი გვერდზე მიგვრჩა. მე კარგად მესმის ჩვენი კომენტატორების აღშფოთება, როცა გახსნის სცენარში ამოიკითხეს, რომ იმ საღამოს ნაჩვენებ რამდენიმეწუთიან კლიპში ავტორებმა არგონავტები კოლხეთის დაბლობის ნაცვლად იმერეთის ველზე გადმოსხეს, მესმის მათი შიში, ახლა ამის წართმევასაც გვიპირებენო, მაგრამ არ მესმის, რატომ არ შეხედეს ამ კუთხით გახსნის ცერემონიალის ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს, რომელსაც თავიდან თავადვე გაუსვეს ხაზი, როგორც ნოვაციას.


თითოეული ქვეყნის დელეგაციის სტადიონზე გამოჩენას ფონად ამ ქვეყნის განათებული სილუეტი ჰქონდა, რომელსაც სცენარში, როგორც ჩანს, „კოსმოსიდან გადაღებული ღამის ხედი" ერქვა. რამდენჯერმე კიდეც აღნიშნეს კომენტატორებმა - აი, ასე ჩანს კოსმოსიდან ავსტრალიაო, ბრაზილიაო, კიდევ რომელიღაც ქვეყანაო... საქართველო. საქართველო როგორ ჩანს „კოსმოსიდან". უაფხაზეთოდ. უსამხრეთოსეთოდ.

„საქართველო იყო გამოსახული. ნახეთ".

ასეთი ლაკონიური იყო კომენტარი საქართველოს დელეგაციის და საქართველოს რუკის გამოჩენისას.


მე კი მას მერე, რაც ამ ნოვაციის ამბავი გავიგე, განსაკუთრებული მღელვარებით სწორედ ამ მომენტს ველოდი. ხოლო მანამდე უკვე შევნიშნე, რომ ორგანიზატორებს „კოსმოსიდან გადაღებული ღამის ხედისათვის" ღრუბლების რამდენიმე ანიმაციური კომბინაცია ჰქონდათ შეგულებული და ამ ღრუბლებს დაასეირნებდნენ ქვეყნიდან ქვეყანაში. საქართველოს მათ სწორედ ის კომბინაცია მოარგეს, რომლის მეშვეობით აფხაზეთი და სამხრეთოსეთი ღრუბლებით დაიფარებოდა. კომენტატორებს კი ამ ყველაფრისთვის ქართველი მაყურებლის ყურადღება არ მიუქცევიათ. თუ იმ ერთ ჩამორჩენილ ფიფქს და ორიოდე დეტალს არ ჩავთვლით, თითქმის მთელი ცერემონია იდეურ-პოლიტიკურად თუ ტექნიკურად თავიდან ბოლომდე საკმაოდ კარგად იყო გააზრებულ-შესრულებული და იქნებ ქვეყნების კონტურების პრეზენტაციაშიც რაღაც აზრი იყო ჩადებული. სწორედ სოჭის თამაშებისადმი საქართველოს დამოკიდებულების გამო გამიჩნდა ეს კითხვები. ჩვენი კომენტატორები კი არ დაინტერესებულან, როგორ გამოიყურებოდა საქართველო სოჭის ოლიმპიურ სტადიონზე. იქნებ სწორედ ეს რუკა ყოფილიყო ერთი იმ პროვოკაციათაგანი, რომლის მოლოდინი ასე მწვავედ იგრძნობოდა საქართველოში ოლიმპიადის წინ. ჯერ ტერიტორიის ოკუპაციით და ახალი საზღვრების მონიშვნით შეცვალეს შენი ქვეყნის რუკა და მერე სოჭში ამის პრეზენტაციაც გააკეთეს დიდი ზარ-ზეიმით! ან მეტი რაღაა „მოულოდნელი სიურპრიზი" თუ პროვოკაცია.! ეს რომ სწორედ ასე შეიძლებოდა აღქმულიყო, ამავე საღამოს გამოჩნდა, როცა „იმედის" ეთერში ინგა გრიგოლიას გადაცემის რამდენიმე სტუმარმა ამ მომენტს საგანგებოდ გაუსვა ხაზი.


როგორც ჩანს, სწორედ საქართველოს გამო იყო, რომ ოლიმპიადის გახსნის ღამეს ყველა ქვეყნის თავზე სერიოზული ღრუბლიანობა შეინიშნებოდა. რუსეთის თავზე კი ერთი-ორი ნაფლეთი გამოჩნდა და ისიც მალე გაიფანტა. მოდი და, ამის მერე ამტკიცე, რომ ღრუბლები და სპორტი შორს დგანან პოლიტიკისაგან!


არასოდეს, არცერთი ოლიმპიადის გახსნაზე ქვეყანათა კონტურები არ ყოფილა აქცენტირებული. რუკა და ქვეყანათა კონტურები რომ სოჭის თამაშების გახსნის ცერემონიალის კონცეპტუალური ლაიტმოტივი, მნიშვნელოვანი იდეოლოგიური შემადგენელი და ერთგვარი გასაღები გახლდათ, პეტრე პირველის ეპიზოდშიც გამოჩნდა და, რაც მთავარია, პოდიუმის ფორმაშიც. პოდიუმიც რუკას წარმოადგენდა - რუსეთის რუკას, რუსეთის დროშით შიგ მოსკოვში. მაგრამ რუკის სიმბოლიკა და მისი იდეურ-პოლიტიკური, თუნდაც პროვოკაციული დატვირთვა საზოგადოებრივი მაუწყებლის კომენტატორებს რატომღაც შეუმჩნეველი დარჩათ.


რუკის გასაღების გამოყენება და მისი მეშვეობით ცერემონიის სიმბოლიკის გახსნა გეოგრაფიის გარკვეულ ცოდნას მოითხოვს, ჩვენი კომენტატორები კი, თითქოს საგანგებოდ, იმ საღამოს სწორედაც გეოგრაფიაში ვერ ბრწყინავდნენ.


დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენლები მოდიანო, გვამცნეს კომენტატორებმა, როცა სტადიონზე დომინიკის დელეგაცია გამოჩნდა. ყოველმა მეორემ შეიძლება არ იცოდეს, მაგრამ კომენტატორებმა, ვისაც ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი მიჰყავთ, რომელშიც 88 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, უნდა იცოდნენ, რომ დომინიკა სხვა ქვეყანაა და დომინიკის რესპუბლიკა ანუ დომინიკელთა რესპუბლიკა - სხვა.

ისევე, როგორც უნდა იცოდნენ, რომ ქვეყანას ბოსნია-ჰერცეგოვინა ჰქვია და არა ბოსნია-ჰერცოგოვინა.

ან როგორ მოგწონთ სტადიონზე პორტუგალიელთა გამოჩენისას გაკეთებული კომენტარი:


- ეს ის ქვეყანაა, სადაც ნამდვილად არ არის სამთო კურორტი, მაგრამ იქვე ახლოს არის ანდორა, შეუძლიათ გადავიდნენ და ივარჯიშონ. როგორ უნდა გადავიდნენ ან რა სიახლოვეა, როცა პორტუგალიასა და ანდორას შორის საჰაერო მიმოსვლა არ არის, ხოლო მათ შუა პორტუგალიაზე ხუთჯერ დიდი ესპანეთია გადაჭიმული!


აღლუმის დასასრულს, პარაგვაის დელეგაციას პერუსი რომ მოჰყვა, მეზობლები მოდიანო, - კომენტატორებმა. რაკი ორივე ეს ქვეყანა სამხრეთ ამერიკაშია, იმიტომ არიან მეზობლები. პარაგვაისა და პერუს შორის 10-მილიონიანი ბოლივია მდებარეობს, ტერიტორიით 26-ე ქვეყანა მსოფლიოში. თუ შუაში ერთი ქვეყნის არსებობა მეზობლობას ხელს არ უშლის, ასე საქართველო-ფინეთიც მეზობლები ყოფილან და მექსიკა-კანადაც!


არც გეოგრაფიულ ლაფსუსებზე, არც პოლიტიკური მინიშნების ვერგაგებაზე, არც ვანესა მეიზე ხმას არ ამოვიღებდი, მეორე, ჩვენთვის უფრო საინტერესო ქალზე რომ გაეკეთებინათ, გზიანს ვინ ჩივის, რაიმე კომენტარი.


ეს ქალი რუსეთის რუკა-პოდიუმზე იდგა მაშინ, როცა იქიდან სოჭის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე დმიტრი ჩერნიშენკო და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი ოფიციალურ მისასალმებელ სიტყვებს წარმოთქვამდნენ. ერთ მხარეს მთელი მსოფლიო და მეორე მხარეს - ჩერნიშენკო, ბახი და ის ერთი სიმპათიური ახალგაზრდა ქალი, მეტი არავინ. კომენტატორთა მოვალეობა სწორედ ისაა, გვითხრან, ვინ არის ეს ქალი, რა უნდა ამ მაღალ საზოგადოებაში, თორემ იმას რა კომენტარი სჭირდება, რასაც ისედაც ვხედავთ, - რომ, ვთქვათ, „ერთ-ერთ იაპონელს პატარა დროშა დაუვარდა, მაგრამ დროზე აიღო".

შეიძლება არ იცოდე, ვინ არის სახელდობრ ის ქალი, მაგრამ უნდა იკითხო მაინც, ნეტა ვინ არის ეს ქალი, ასეთი მნიშვნელოვანი.


ან კი რატომ არ უნდა იცოდე, როცა ეს გახლავთ მარინა ბარამია - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პროტოკოლის შეფი. რატომ ან უნდა აუხსნა ტელემაყურებელს, ვინ არის მარინა ბარამია, რომელიც რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე ოლიმპიური დროშის მცველად გვევლინება და ფაქტობრივად სწორედ ის ადებინებს ოლიმპიურ ფიცს სპორტსმენთა, მსაჯთა და მწვრთნელთა სახელით რუსლან ზახაროვს, ვიაჩესლავ ვედენინსა და ანასტასია პოპკოვას.


სხვათა შორის, ამ ვიაჩესლავ ვედენინის ხსენებაზე, კომენტატორის ვალია, ტელემაყურებელს განუმარტოს, რომ ეს არ გახლავთ ლეგენდარული მოთხილამურე, ორგზის ოლიმპიური და ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, რომ ეს გახლავთ მისი შვილი, ვიაჩესლავ ვედენინ-უმცროსი, რომელიც თხილამურობის საერთაშორისო ფედერაციის ტექნიკური დელეგატია, მეტი არაფერი.


იქნებ ქართველ ტელეკომენტატორთა თუნდაც მცირე ცნობა მარინა ბარამიაზე და მამამისზე, რომლის წიგნი რამდენიმე წლის წინათ გამოიცა თბილისში, უფრო საინტერესო და მომგებიანი ყოფილიყო, თუნდაც რუსეთ-საქართველოს დაპირისპირების ფონზე, ვიდრე თავისთავად სამართლიანი აღშფოთება და წუწუნი არგონავტების მითის წართმევის გამო. ან იქნებ ამავე მიზნით, ურიგო არ ყოფილიყო ორგანიზატორთა მიერ ასე აქცენტირებული პეტრე პირველის ქართული ბექგრაუნდის ხაზგასმა.


ამათ კი, ჩვენმა კომენტატორებმა, აი, პეტრე პირველის ცხენი გამოჩნდაო! არადა, თავად პეტრე გამოჩნდა, ცხენზე მჯდარი. სტადიონზე ბრინჯაოს მხედრის სილუეტი გაწვა - ეტიენ ფალკონეს ცნობილი ქანდაკების სილუეტი, სადაც, თუმცა ფალკონეს ცხენი ორ ფეხზე შემართულა, მაინც პეტრეს ფიგურაა მთავარი.


სოკის პროტოკოლის შეფის და რუსეთის იმპერატორის ქართველობის ამბები სცენარში, რა თქმა უნდა, არ ეწერებოდა. ამგვარი სცენარი, ჩვეულებრივ, ძალზე ზოგადია და ერთნაირად ურიგდება ხოლმე ყველას - ქართველსაც, ამერიკელსაც და ზიმბაბველსაც. დანარჩენი თითოეულმა ქვეყანამ, თითოეულმა ტელევიზიამ, თითოეულმა კომენტატორმა თავად უნდა მოარგოს თავის თავს, თავის ქვეყანასა თუ თავის მაყურებელს.


მერე კიდე - „მასლენიცას" პირდაპირი შესატყვისი არა აქვსო. აქვს და თანაც რა ძველი და რა ლამაზი! ქართულად „მასლენიცას" ყველიერის კვირა გვიქვია.


208 ადამიანია დაკავებული ამ ყველაფერშიო, ყველიერის წარმოდგენაზე თქვეს. ზუსტად ამოიკითხეს სცენარიდან, ვასილი ნეტარის ტაძარიც ახსენეს, მაგრამ ტაძრებისა და ხალხის ამ მასას რომ ერთ პერიოდში თევზის ფორმა ჰქონდა, ეს ვეღარ შეამჩნიეს. არადა, კომენტატორებისგან ამის ახსნა დიახაც საინტერესო იქნებოდა. რაკი ამხელა თევზი ვერ შენიშნეს, რაღა გასაკვირია, ანიმაციური ღრუბლები რომ უკომენტაროდ გაატარეს.


კიდევ: „ძიაძია სტიოპა" არ ითარგმნებაო, „ბიძია სტიოპას" თქმა არ გამოდისო. არადა, თუ გული გულობს და თავი თავობს, ესეც მშვენივრად ითარგმნება. სერგეი მიხალკოვის ეს საბავშვო პოემა კოხტად თარგმნა თავის დროზე ირაკლი აბაშიძემ და „ძიაძია სტიოპას" ქართულად „ძია მიხო" დაარქვა. სხვათა შორის, ამ და სხვა კომენტატორთა გასაგონად ვიტყვი, რომ „ალფავიტიც" ითარგმნება და ქართულად მას, თუნდაც იგი რუსული იყოს, ანბანს ეძახიან.

კომენტატორთა თავანკარა ქართულის ნიმუშად კი მხოლოდ ერთ პატარა ფრაზას მოვიყვან:

„იამაიკელებს უკან მოუძღვებიან იაპონელები".

ხოლო მტრედი, როგორც მშვიდობის სიმბოლო, 1949 წელს გაჩნდა, როცა პიკასომ მშვიდობის მსოფლიო კონგრესის ემბლემა დახატაო. აბა ის ბიბლიური მტრედი რაღა იყო, ზეთისხილის შტო რომ მოიტანა და ნოეს წარღვნის დასრულება აუწყა.

ჩემს ადგილას რომელიმე მოხითხითე კომენტატორს აქ ალბათ ტყემლის ხე და ბლის კურკები გაახსენდებოდა.

ვიღაცამ შეიძლება მითხრას, მშვიდობის მტრედების, ძია მიხოს, მევიოლინეების, ბაყვებისა და გეოგრაფიის ამბებს რატომ სთხოვ, ესენი ხომ სპორტული კომენტატორები არიანო!

კარგი, სპორტისაც ვნახოთ:


თუ მეხსიერება არ გვღალატობს, შორტრეკი კორეელების მოგონილიაო. გღალატობთ, მეხსიერებაც გღალატობთ: შორტრეკი ჩრდილოეთ ამერიკაში „გამოიგონეს" - ამერიკასა და კანადაში. პირველი დიდი ასპარეზობა შორტრეკში სულაც მედისონ-სკვერ-გარდენში გაიმართა.


ლიდია სკობლიკოვა ერთადერთი ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონიაო. ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი სადღეისოდ 17-ია. არიან შვიდგზის, რვაგზის, ცხრაგზის ოლიმპიური ჩემპიონებიც. ფელპსი სულაც 18-გზის ოლიმპიური ჩემპიონია. თუ ზამთრის სახეობებზეა საუბარი, არც აქ არის სკობლიკოვა ერთადერთი: ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონები არიან აგრეთვე ულე-ეინარ ბიორნდალენი და ლიუბოვ ეგოროვა, ხოლო ბიორნ დალი რვაგზის ჩემპიონია. თუ მხოლოდ ციგურაობაზეა საუბარი, კი ბატონო, მაგრამ მაშინ ასე უნდა გვითხრათ, თუმცა საერთო ფონზე დიდი არაფერი ხაზგასასმელი გახლავთ ეს ერთადერთობა.


„მონაკოს პრინციო" - ეს არის ადამიანი, რომელიც არც ერთ ოლიმპიურ და არც ერთ სპორტულ ასპარეზობას არ აცდენსო. ახალგაზრდობაში თავადაც აქტიურად იყო ჩართული სპორტშიო. ახალგაზრდობაში ყველანი ვიყავით ჩართული სპორტში! ხოლო „ეს ადამიანი", ჩვენგან განსხვავებით, „სპორტში ჩართული" კი არა, ზამთრის ოლიმპიადების ხუთგზის მონაწილეა და თავისი ქვეყნის ოლიმპიური დელეგაციის ხუთგზის მედროშე! როგორც მონაკოს ბობსლედერთა გუნდის წევრი, ბოლოს იგი 2002 წელს სოლტლეიკში გამოდიოდა 44 წლისა. ის ერთადერთია ისტორიაში, რომელიც ერთდროულად იყო აქტიური სპორტსმენი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი. და კიდევ: მონაკოს პრინცი კი არა, მეათე წელია, ალბერ || გრიმალდი მონაკოს მთავარი გახლავთ.


ბოლო ეტაპზე ოლიმპიური ჩირაღდანი მარია შარაპოვამ, ელენა ისინბაევამ, ალექსანდრ კარელინმა, ალინა კაბაევამ, ირინა როდნინამ და ვლადისლავ ტრეტიაკმა ატარეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის კომენტატორები კი გვიმტკიცებენ ექვსიდან მხოლოდ ერთია ზამთრის სახეობის წარმომადგენელიო. ან თვლა არ იციან და ან ის, თუ რომელ სახეობებში გამოდიოდნენ როდნინა და ტრეტიაკი. ან იქნებ იციან კიდეც, მაგრამ ან ფიგურული ციგურაობა ან ყინულის ჰოკეი ზაფხულის სახეობა ჰგონიათ. ისე, როდნინას და ტრეტიაკსაც გადასწვდნენ ირონიულად, როცა ისინი თავისი ჩირაღდნიანად სტადიონიდან გამოვიდნენ ოლიმპიური ცეცხლის ასანთებად:


- ეს ორი ადამიანი ვეტერანია და რამდენად მიზანშეწონილია ამხელა მანძილზე ამათი ძუნძული იქნება თუ სირბილი!..

1914 წელს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე აღმართეს პირველად ოლიმპიური დროშაო. ოლიმპიური დროშა 1913 წელს შექმნა პიერ დე კუბერტენმა და პირველად 1920 წელს აღმართეს ანტვერპენში, მე-7 ოლიმპიადაზე. 1914 წელს რაც შეეხება, წინა წელს შექმნილი დროშა 1914-ში გამოფინეს სორბონაში, სადაც ოცი წლის წინათ პირველი ოლიმპიური კონგრესი გაიმართა. არავითარი ოლიმპიადა 1914 წელს არ ჩატარებულა. არც პარიზში და არც არსად.


სოჭის თამაშებამდე ბევრი ამბობდა თბილისში, რატომ არ შეიძლება, ჩვენი სპორტსმენები ოლიმპიური დროშით გამოვიდნენო! და აი, სოჭის სტადიონზე სამი სპორტსმენი შემოდის ოლიმპიური დროშით. აქ ქართველმა კომენტატორებმა, წესით, პასუხი უნდა გასცენ ამ კითხვას და ტელემაყურებელს აუხსნან, რომ ოლიმპიური დროშით სპორტსმენები მაშინ გამოდიან ოლიმპიადაზე, თუ მათი სამშობლო, როგორც ქვეყანა რაღაც მიზეზით არ არის დაშვებული თამაშებზე. პირველად ამ უფლებით ყოფილი იუგოსლავიის რამდენიმე სპორტსმენმა ისარგებლა 1992 წელს. ჩვენმა კომენტატორებმა კი გვითხრეს, რომ სამივე სპორტსმენი ინდოელიაო, მაგრამ აღარ აგვიხსნეს, ინდოეთს რა დაემართა, რატომ დაუწესა სანქცია ამ ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა. ამის ნაცვლად მათ ღადაობა ინებეს.

- მედროშეც რომ ნეიტრალური ჰყავთ!..

- როგორ შეარჩიეს.!

- გაუჭირდებოდათ.!

არა, ეს დამცინავი ტონი მაინც რა იყო.!

როგორ შეარჩიეს და, მათ არაფერი შეურჩევიათ. მიუჩინეს. არც ინდოელს და არც რომელიმე სხვა ქვეყნის სპორტსმენს არა აქვს უფლება, ოლიმპიური დროშა აფრიალოს და ამიტომ. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, კერძოდ, მისი პროტოკოლის სამსახურმა, კიდევ უფრო ზუსტად - მარინა ბარამიამ შეარჩია ის „ნეიტრალური" მედროშე, რომელიც სამ ინდოელთან ერთად ჩვენი კომენტატორების ხითხითის ობიექტი გამხდარა.


ამათი და ბერმუდელების არ იყოს, ნეპალელებიც გააღადავეს კუბერტენიანად, - ესეც ის კატეგორიაა, ვისთვისაც მთავარი მონაწილეობაა და არა შედეგიო. ვითომ რას მოდიოდნენო, კლდეზე ცოცვა არ შედის ოლიმპიადის პროგრამაშიო. თითქოს ქართველები სულ ყინულის კრამიტების სამტვრევად დადიოდნენ ზამთრის თამაშებზე! ან კიდევ ერთი ნეპალელი კლდეზე მცოცავი დამისახელონ და არაფერი მინდა! ალპინიზმი მაინც ეთქვათ! ან თუნდაც ყასიდად ეკითხათ, ნეტა რომელ სახეობაში გამოდის ეს ორიოდე ნეპალელიო!

შეიძლება კომენტატორს ყველა კითხვაზე პასუხი არ ჰქონდეს, მაგრამ კითხვები კი უნდა დასვას, - ის კითხვები, რომლებიც ტელემაყურებელსაც შეიძლება გაუჩნდეს.


იმ ქართველ ქალზე უკვე ვთქვი, რუსეთის რუკა-პოდიუმზე რომ იდგა გერმანელ ბახთან და უკრაინელ ჩერნიშენკოსთან ერთად.


მე, მაგალითად, იმასაც ვიკითხავდი, ვინ იყო ის ახალგაზრდა ქალი, პუტინის გვერდით რომ იჯდა სამთავრობო ტრიბუნაზე..


ან რატომ შეარჩიეს ბოლო მეჩირაღდნეებად მაინცდამაინც როდნინა და ტრეტიაკი. ხომ არ იყო ეს ერთგვარი მესიჯი ამერიკელებისთვის. აკი არც ობამამ და არც ბაიდენმა არ ისურვეს სოჭში ჩასვლა.


ან სად გაქრა ბოლოს ჰაერში მონავარდე ის გოგონა, რომელმაც, კომენტატორთა სიტყვით, დიდი კასტინგი და სერიოზული ტრენინგი გაიარა და რომლის ყველა მოძრაობა „ზუსტად ისეთი იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო".


კიდევ მაქვს რაღაც-რაღაცები ჩანიშნულ-დამახსოვრებული, მაგრამ ყველაფერს ხომ ვერ ჩავტევ ამ ერთ წერილში! თანაც სადაცაა გათენდება და ამ რეპორტაჟისგან ნერვების მოშლას უძილობაც არ მინდა დავუმატო.


არადა, არც მეძინება. ან რა დამაძინებს! ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უმოწყალოდ დამცინა და მასხრად ამიგდო.


რაგინდ რუსოფილობა და ინგლის-ამერიკის აგენტობა დამწამონ, შევეცდები, ხვალიდან სოჭის ოლიმპიადას რუსულ არხებსა და ინტერნეტში მივადევნო თვალო. საზმაუს რეპორტაჟებს ახლოს არ გავეკარები. ჩვენს კომენტატორებს კი მეგობრულად ვურჩევ, თითოეული რეპორტაჟის წინ უფრო სერიოზულად მოემზადონ, უფრო ყურადღებით იყვნენ და თუ მათი დამფინანსებელი ტელემაყურებლები არად მივაჩნივართ, ერთმანეთს და საკუთარ თავს მაინც სცენ პატივი.


ყველაფერი, რაც ზემოთ ვთქვი, საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკრეტული კომენტატორების კონკრეტულმა რეპორტაჟმა კი მათქმევინა, მაგრამ თუ მაგალითებს თავს დავანებებთ და დასკვნებს განვაზოგადებთ, იგი ყველა ქართული ტელევიზიის ყველა კომენტატორის ყველა რეპორტაჟს ეხება მეტ-ნაკლებად.


პაატა ნაცვლიშვილი,

უკვე 8 თებერვალი, 2014

 

გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა"

11. 02. 2014


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016